საქმე # 010142219700102747
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №19აგ-20 თბილისი
ჩ. რ., 19აგ-20 15 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ გულნარა ოქრუაშვილსა და ბრალდებულ რ. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
რ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
რ. ჩ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
რ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 3 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. ჩ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენში რ. ჩ-ს მიმართ შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ რ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით რ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ჩ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 27 თებერვლიდან.
რ. ჩ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ადვოკატ ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენები.
8. 2019 წლის 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ნ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა შემდეგი მოტივებით: დაცვის მხარე განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა რ. ჩ-მ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან მოიპოვა 2019 წლის 3 ოქტომბრის N დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით ნარკოტიკული საშულებების - „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ერთჯერადი მოხმარებისათვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა არის 5 მგ (0.005 გრამი). მსჯავრდებულ რ. ჩ-ს მიერ მითითებული ნარკოტიკული საშუალებები - 0,0014046 გრამი „მეტამფეტამინი“ და 0.001035 გრამი „ამფეტამინი“ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ პირთათვის ვერ იქნება მოხმარებისათვის საკმარისი თერაპიული დოზა. შესაბამისად, მითითებული დასკვნისა და ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ადვოკატ ა. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ნ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო პალატისათვის მითითებას, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა განსახილველად იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
11. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ რ. ჩ-ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 წლით, 9 თვითა და 23 დღით და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2020 წლის 4 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ნ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. დაცვის მხარე ახლად გამოვლენილ გარემოებებად მიიჩნევს:
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას, (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ისეთი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას. ამავე გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოცემული დავის ფარგლებში შეაფასოს თითოეული ნივთიერების სპეციფიკა და მისი გავლენა დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე. ამგვარი მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოთხოვნას დააყენებს კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით და წარმოადგენს სათანადო არგუმენტაციას.
- ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის გ. მ-ს 2019 წლის 3 ოქტომბრის N წერილს რ. ჩ-ს სახელზე, საიდანაც ირკვევა შემდეგი: ცენტრის ხელთ არსებული მონაცემებით (მითითებულია სამეცნიერო ლიტერატურა) ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ერთჯერადი მოხმარებისათვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა არის 5 მგ (0.005 გრამი). მსჯავრდებულ რ. ჩ-ს მიერ მითითებული ნარკოტიკული საშულებები - 0,0014046 გრამი „მეტამფეტამინი“ და 0.001035 გრამი „ამფეტამინი“ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ პირთათვის ვერ იქნება მოხმარებისათვის საკმარისი თერაპიული დოზა. შესაბამისად, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მითითებული რაოდენობის მოხმარებისთვის გამოწვეული გვერდითი მოვლენებისა და დამოკიდებულების განვითარებაზე შეუძლებელია დასკვნის გამოტანა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება, თრობა და თრობის ხარისხი დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალების კონცენტრაცია, რაოდენობა, მოხმარების სიხშირე და ხანგრძლივობა, ხანდაზმულობა, მიღების გზა და პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლები.
5. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით რ. ჩ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 0,0014046 გრამი „მეტამფეტამინისა“ (მარილი) და 0.001035 გრამი „ამფეტამინის“ უკანონოდ შეძენა, შენახვაში (ასევე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
6. შესაბამისად, დაცვის მხარეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ 2019 წლის 3 ოქტომბრის წერილიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - მისჯილი აქვს მოხმარების მინიმალურ თერაპიულ დოზაზე დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები დოზა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, რის გამოც მისთვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად არაპროპორციულია.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 21-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ, ასევე იმავე კოდექსის 146-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნის აუცილებელი და სავალდებული რეკვიზიტები, კერძოდ: საჭირო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ექსპერტი იძლევა დასკვნას. წერილობით დასკვნას იგი ადასტურებს ხელმოწერით. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას. ექსპერტის დასკვნის მიღებისთანავე ექსპერტიზის ინიციატორმა მხარემ ის დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მეორე მხარეს, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.
9. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, კერძოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის - გ. მ-ს 2019 წლის 3 ოქტომბრის N წერილს, რომელსაც დაცვის მხარე მოიხსენიებს როგორც „დასკვნას“, სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ მიიჩნევს ექსპერტიზის დასკვნად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნებს, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 0,0014046 გრამი „მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0.001035 გრამი „ამფეტამინი“, არის თუ არა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობა.
10. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასევე მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაში სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებით არ უმსჯელია.
11. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ, 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265 განჩინებაზე, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.
12. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტის თანახმად: „წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას“.
13. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვერც მითითებული განჩინება ვერ გახდება მსჯავრდებულ რ. ჩ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნას.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ნ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი