ას-920-1533-03 5 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: საერთო საკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფა, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. პ-მა სარჩელი აღძრა ლ.მ-ის, ც.ხ-ის, მ. ბ-ისა და გ.მ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მუხრანის სავაჭრო ცენტრიდან მისი კუთვნილი წილის გამოყოფა, სავაჭრო ცენტრში განთავსებული გასაყიდი საქონლიდან მისი წილის განსაზღვრა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებანი: 2002წ. 23 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მუხრანის სავაჭრო ცენტრის წილი და იგი სავაჭრო ცენტრის 243,00/1122,26 წილის და 702,600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა წილის პროპორციულად, იმავე წილის მესაკუთრეები არიან ლ.მ-ე, ც.ხ-ი, მ. ბ-ი, ხოლო გ.მ-ს ეკუთვნის მუხრანის სავაჭრო ცენტრის 150,24/1122,26 წილი და 702,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრების უფლებით წილის პროპორციულად. მოსარჩელე მიუთითებს სკ-ის 961-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მოითხოვს თანასაკუთრებიდან წილის რეალურად გამოყოფას, რაზედაც მოპასუხეებმა უარი განუცხადეს.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგა მოპასუხეთა ქმედებით, კერძოდ, ისინი არ აძლევენ რეალური წილის გამოყოფისა და ფართის გაქირავების საშუალებას. მოსარჩელე მოითხოვს 2002წ. 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის ანაზღაურებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო ლ.მ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2002წ. 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი მოტყუებითაა დადებული, კერძოდ, დ.პ-ს სავაჭრო ცენტრის მიერ აღებული ვალები უნდა დაეფარა, რის გამოც საკმაოდ იაფად შეიძინა წილი სავაჭრო ცენტრში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული გეგმა-ნახაზის შესაბამისად, ლ.პ-ს მუხრანის სავაჭრო ცენტრიდან გამოეყო მე-2 სართულზე ასასვლელი კიბის მარჯვენა მხარეს არსებული ფართი, როგორც პირველ, ისე მეორე სართულსა და სარდაფში. ლ.მ-ეს, ც.ხ-ს, მ.ბ-ს და ბ.მ-სა დ.პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 250 აშშ დოლარის ანაზღაურება 2002წ. 1 აგვისტოდან 2003წ. ივნისის ჩათვლით.
გ.პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სავაჭრო ცენტრში არსებული საქონლიდან წილის მიღების თაობაზე.
შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ ლ.მ-ეს, ც.ხ-ს, მ.ბ-სა და გ.მ-ს დააკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 200 ლარის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება ლ.მ-ის, ც.ხ-ის, მ.ბ-ისა და გ.მ-ისათვის დ.პ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. დ.პ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
2002წ. 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დ.პ-მა ლ.მ-ისაგან შეიძინა მუხრანის სავაჭრო ცენტრის 243.00/1122,26 წილი და 702,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრების უფლებით შენობის პროპორციული წილის შესაბამისად. იგივე წილით სავაჭრო ცენტრის თანამესაკუთრეები არიან ლ.მ-ე, ც. ხ-ი, მ.ბ-ი, ხოლო გ.მ-ს ეკუთვნის მუხრანის სავაჭრო ცენტრის 150,24/1122,26 წილი და 702,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაში მისი წილის შესაბამისად. განმეორებით საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული გეგმა-ნახაზის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ.პ-ს მუხრანის სავაჭრო ცენტრიდან გამოეყო სავაჭრო ცენტრის მე-2 სართულზე ასასვლელი კიბის მარჯვენა მხარეს არსებული ფართი, როგორც პირველ, ისე მეორე სართულსა და სარდაფში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 963-ე მუხლი, რომელიც საზიარო საგნის ნატურით გაყოფის ორ პირობას ადგენს: ნივთი უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; ნივთი უნდა გაიყოს ღირებულების შემცირების გარეშე. საქმეში არსებული განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსიპერტიზის დასკვნის თანახმად, თითოეული თანამონაწილის გათვალისწინებით შესაძლებელია მუხრანის სავაჭრო ცენტრიდან დ.პ-ისთვის მისი მოთხოვნის შესაბამისად, რეალური წილის გამოყოფა ისე, რომ ამით არ შემცირდება დანარჩენ მესაკუთრეთა წილები და, შესაბამისად, მათი ღირებულება. ამ მტკიცებულებაზე მითითებით სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ამგვარი დაყოფით საზიარო საგნის ღირებულება შემცირდა და მათი უფლებები შეილახება.
სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია და მიუთითა, რომ მოტყუებით ხელშეკრულების დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მყიდველს არ აკისრია იმ სესხის დაფარვა, რომელიც სავაჭრო ცენტრს მოხმარდა. შესაბამისად, ამ პირობის შეუსრულებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს მოტყუებად. ასეთი ვალდებულების გარეშე ხელშეკრულება მაინც დაიდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ.მ-ის, ც.ხ-ის, გ.მ-ისა და მ.ბ-ისათვის დ.პ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში უნდა გაუქმდეს, რადგან სარჩელი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:
დ.პ-ის განმარტება, რომ იგი ვერ იყენებს თავის კუთვნილ წილს და, შესაბამისად, ვერ იღებს სავაჭრო ქირას (250 აშშ დოლარი), რომელსაც იგი მიიღებდა თავისი კუთვნილი ფართის მოიჯარისათვის გადაცემის უფლება რომ მისცემოდა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან სკ-ის 956-ე მუხლის თანახმად, საზიარო საგანს მონაწილეები ერთობლივად მართავენ. 957-ე მუხლით კი, თითოეულ მონაწილეს შეუძლია, განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. მუხრანის სავაჭრო ცენტრი წარმოადგენს ლ.მ-ის, ა.ხ-ის, გ.მ-ის, მ.ბ-ისა და დ. პ-ის საერთო საკუთრებას.
აქედან გამომდინარე, დ. პ-ს საზიარო უფლებაში მის იდიალურ წილზე სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე იჯარის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება არ გააჩნია, ვიდრე გადაწყვეტილება დ. პ-ის სარჩელზე რეალური წილის გამოყოფის თაობაზე ძალაში არ შევა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. დ.პ-მა გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელს მოპასუხეებზე 2002წ. 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის დაკისრებაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 955-ე მუხლი, გამოიყენა იმავე კოდექსის 956-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა 959-ე მუხლი. 955-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მონაწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. მუხრანის სავაჭრო ცენტრის ყველა თანამესაკუთრე, დ. პ-ის გარდა, იღებს თავისი წილის შესაბამის ნაყოფს საზიარო საგნიდან, კერძოდ, საერთო საკუთრების ფართზე განლაგებულ სექციებს იყენებენ სავაჭროდ, დ. პ-ს მისი წილის შესაბამისი ფართის გაქირავების უფლება არ მისცეს. დ. პ-ს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მოქმედებით მას ზიანი მიადგა.
კასატორებს ლ.მ-ეს, ც.ხ-ს და სხვ. მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სკ-ის 963-ე მუხლი, რადგან საზიარო საგნის გაყოფით სავაჭრო ცენტრის ღირებულება უფრო ნაკლები გახდა.
სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რის გამოც გაურკვეველი დარჩა შემცირებულია თუ არა საზიარო საგნის ღირებულება მისი დაყოფით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლით კასატორები მიუთითებენ, ასევე, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე.
ლ.მ-ე მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილშიც, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლომ იურიდიულად არ დაასაბუთა გადაწყვეტილება და ისე უთხრა უარი მოთხოვნას გარიგების ბათილობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კანონდარღვევა გამოწვეულია სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს მის მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები სადავო ქონების წილობრივი მესაკუთრეები არიან და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელია სავაჭრო ცენტრიდან საერთო საკუთრების მონაწილეს (დ. პ-ს) რეალური წილი გამოეყოს ისე, რომ არ შემცირდეს მესაკუთრეთა წილები და, შესაბამისად, მათი ღირებულება. ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით სასამართლომ გამოიყენა 963-ე მუხლი, რომლითაც საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში არ იგულისხმება ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი), არამედ იგულისხმება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზიარო საგანი იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყოს ნატურით, თუ იგი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) ღირებულების შემცირების გარეშე (მაგ. ნატურით შეიძლება გაიყოს ნედლეული, პროდუქცია, უძრავი ქონება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თავის დანიშნულებით ღირებულებას არ დაკარგვავს. მაგ. საცხოვრებელი სახლი შეიძლება დაიყოს ორ ან მეტ დამოუკიდებელ ბინად და ა.შ.)
ამდენად, სასამართლომ ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, არ გამოარკვია სავაჭრო ცენტრის წილობრივად დაყოფა გამოიწვევს თუ არა მისი ცალკეული წილის დანიშნულებითი ღირებულების დაკარგვას, ე.ი. ცალკეული გამოყოფილი ნაწილი აკმაყოფილებს თუ არა ამ საგნის დანიშნულებით გამოყენების პირობებს. პალატა მიუთითებს, შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით ნივთი დაიყოს ცალკეულ ნაწილებად, მაგრამ მისი ნატურით გაყოფა 963-ე მუხლით შეიძლება დაუშვებლად იქნეს მიჩნეული, თუ ამ გაყოფით მისი საგნობრივი (სასაქონლო) ღირებულება შემცირდა.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საზიარო საგნის სარგებლობაში ხელშეშლის შემთხვევაში შეიძლება, მონაწილემ მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სკ-ის 955-ე მუხლის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. საქმის განხილვისას სასამართლომ შეიძლება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადგინოს შესაძლებელია თუ არა სავაჭრო ცენტრის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა ისე, რომ მისი (შენობის) საგნობრივი ღირებულება არ შემცირდეს (შესაძლებელია თუ არა ძირითადი და დამხმარე ფართების ერთგვაროვნად თანაბარწილად გაყოფა თითოეულ მოწილეს შორის).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელდა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. პ-ის, ლ. მ-ის, ც. ხ-ის, მ. ბ-ის, გ. მ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. გადაწყვეტილება ლ.მწითურიძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.