საქმე # 020142221700138868
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №23აგ-21 ქ. თბილისი
ძ. ე. 23აგ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ძ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენით, ე. ძ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 0,215 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ არაერთგზის უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, ე. ძ–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ე. ძ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. საქართველოს უზენაესი სასამარლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ე. ძ–ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ე. ძ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამარლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ე. ძ–ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით ე. ძ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილი იქნა დაუშვებლად.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ე. ძ.ს 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ რადგან ეს სასჯელი შთანთქმული აქვს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, ამიტომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელი.
დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
9. მსჯავრდებულმა ე. ძ–მ 2021 წლის 14 აპრილს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე და მისთვის მოსახდელად დარჩენილი სასჯელის შემცირებას 1 წლითა და 6 თვით, რადგან მას აქვს უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებს სერიოზულ და ძვირადღირებულ მკურნალობას და ოპერაციებს.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ძ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. მსჯავრდებული ე. ძ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებას, საქმის განხილვას და მისთვის მოსახდელად დანჩენილი სასჯელის 1 წლითა და 6 თვით შემცირებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით. კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივარში მითითებულ იმ საკითხებზე მსჯელობისა და მათი შეფასების შესაძლებლობას, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს და სათანადო საფუძვლის არსებობისას განაჩენის გასაჩივრების ან გადასინჯვის ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №15აგ-21).
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ე. ძ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ე. ძ–ს საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ძ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ე. ძ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე