Facebook Twitter

საქმე # 020142221700140352

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №27აგ-21 ქ. თბილისი

ფ. უ. 27აგ-21 18 ნოემბერი, 2021წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ უ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით უ. ფ., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 10 წლის ვადით თავსუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ უ. ფ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

უ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აპრილიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის შესაბამისად, უ. ფ–ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით უ. ფ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და მას ¼ -ით შეუმცირდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და მას მოსახდელად დაურჩა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

უ. ფ–ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

უ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე „ამნისტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა და მის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად.

3. 2021 წლის 23 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა უ. ფ., რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობასთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ უ. ფ-ის მიმართ წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული უ. ფ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი და ამ განაჩენის საფუძველზე მიღებული, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ უ. ფ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი, დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა უ. ფ-მ, რომელიც არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და ითხოვს საქმის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ უ. ფ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შემდგომ მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის გავრცელება კანონიერია.

4. უ. ფ–ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელი დაენიშნა დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი).

5. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ უ. ფ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათავისუფლდა საქართელოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილ საბოლოო სასჯელზე, რადგან ზემოთ აღნიშნული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ნაკლებად მკაცრი სასჯელები (მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი). ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ უ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე