Facebook Twitter

საქმე # 020142220700106493

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №29აგ-20 თბილისი

ლ. შ., 29აგ-20 9 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. ლ-მ, რომელიც ითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას შუამდგომლობა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის კანონი, რომელიც მის საქმეში არ ყოფილა გამოყენებული და არ იკვეთებოდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, უკანონო და დისკრიმინაციულია.

2. საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენით შ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 8000 ლარი; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით შ. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებული შ. ლ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით შ. ლ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: შ. ლ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა - უვადო თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. 2020 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა შ. ლ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენის გადასინჯვა და მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, იმ მოტივით, რომ განზრახ მკვლელობის ისეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ჩადენა, როგორიც არის - ანგარება, მისი მსჯავრდება დაფუძნებულია ირიბ ჩვენებებზე, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულის შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შ. ლ-ს მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სასამართლო კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ შ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი