Facebook Twitter

საქმე # 010100119002837704

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1004აპ-19 ქ. თბილისი

ბ. ბ., 1004აპ-19 1 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას; პროკურორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები: ბ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, როდესაც მოწმემ დაადასტურა სავაჭრო ობიექტებისათვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი; საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტის - ე. ჯ-სა და მოწმე ა. ჭ-ს ჩვენებები, რომელთა განმარტებებით, ბ. ბ. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში და ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, როგორ უკიდებს ბრალდებული სანთებლით ცეცხლს მცენარეს, იღებს ლამინატის ნაჭერს და ადის კიბეზე - ერთობლივად შეფასებისას ქმნის ბ. ბ-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივ საფუძველს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ბ-ს ბრალად დაედო სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ალკოჰოლით მთვრალმა ბ. ბ-მ .. მიმდებარედ მოძრაობისას, იმავე მისამართზე არსებული ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის შესასვლელი კარის გვერდიდან გამოაძრო ლამინატის ნაჭერი, შემდეგ გააგრძელა გზა .. მდებარე სავაჭრო ობიექტებისკენ, რომლის გვერდითაც მიბჯენით მდებარეობს მ. კ-ს საცხოვრებელი სახლი. ბ. ბ. ქუჩის მხრიდან არსებულ კიბეზით ავიდა სახლის მეორე სართულის სიმაღლეზე და ხელთ ნაქონი სანთებლის მეშვეობით, განზრახ წაუკიდა ცეცხლი ლამინატის ნაჭერს, რომელიც ხელში ეკავა და კარგად აალების შემდეგ მიადგა სავაჭრო ობიექტის კედლის იმ ნაწილს, სადაც მიკრული იყო ე.წ. ,,ონდოლინი“, რის გამოც ცეცხლი კიდევ უფრო აალდა და ე.წ. ,,ონდოლინიდან“ მოედო სავაჭრო ობიექტის სხვენსა და მასში არსებულ სასაწყობე ფართში დალაგებულ შპალერებს. ხანძარი გავრცელდა მთელს ობიექტზე და გადაედო როგორც მ. კ-ს საცხოვრებელ სახლს, ასევე - სხვა სავაჭრო ობიექტებს, რის შედეგადაც დაზიანდა და განადგურდა: შპს „ა-ს“, შპს „ე-ს“, ი/მ „გ. დ-ს“, შპს „ნ-ს“, შპს „ა-ს“, ი/მ „ლ. დ-ს“, შპს „ვ-ს“, შპს „მ-ს“, შპს „ნ-ს“, შპს „ბ-ს“ სავაჭრო ობიექტები და მათში განთავსებული საქონელი, ასევე - მ. კ-ს საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულით თითოეულ დაზარალებულს მიადგა სხვადასხვა ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. ბ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით ბ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან პირდაპირ არცერთი არ მიუთითებს ბ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების - სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით - ჩადენაზე. ბ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძოებო ექსპერიმენტის ოქმის, რომელიც შინაარსობრივად არის მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია; ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დგინდება, რომ ჩანაწერებზე გამოსახული პირი ნამდვილად ბ. ბ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც ჩანაწერების შინაარსობრივი მხარე იძლევა ვინმეს ბრალეულობის უტყუარად დადადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობას. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სარწმუნოდ მიუთითებს ბ. ბ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი