საქმე # 010100115001073263
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№232აპ-19 ქ. თბილისი
ვ. ა., 232აპ-19 1 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ვ-სა და ლ. ბ-ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არაობიექტურად და მიკერძოებულად შეაფასა მტკიცებულებები, სათანადოდ არ გააანალიზა ისინი და საფუძვლად დაუდო გამამართლებელ განაჩენს; კასატორის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი სამხილებით უტყუარად დასტურდება ა. ვ-სა და ლ. ბ-ს ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ა. ვ-სა და ლ. ბ-ს ბრალად დაედოთ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 22 მარტს თვითმმართველ ქ. .. და შპს „ტ-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № ხელშეკრულება ქ. .. ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების შესახებ, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით - 4 299 907,67 ლარი, რაც უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 25 ნოემბრამდე.
2013 წლის 4 აპრილს შპს „სადაზღვევო კომპანია უ-მ“ შპს „ტ- ზე” გასცა № საბანკო გარანტია, საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფაზე, საგარანტიო თანხით - 1 290 000 ლარი, რომელიც შპს „ტ-მ” წარადგინა თვითმმართველ ქ. .. და დაეწერა .. სამსახურის უფროსს - ა. ვ-ს, რომელმაც ზემოხსენებული საბანკო გარანტია გადასცა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსს - ლ. ბ-ს. საბანკო გარანტიის საფუძველზე ქ. .. სამსახურმა მოახდინა წინასწარი ანგარიშსწორება და 2013 წლის 10 აპრილს შპს „ტ-ს“ ანგარიშზე გადარიცხა - 1 289 9723,30 ლარი. 2013 წლის 10 ივლისს შპს „ტ-მ“ შეადგინა № გადახდის სერტიფიკატი (და თანმხლები შესრულებული სამუშაოს აქტი), რომლის თანახმადაც, ამავე კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა - 117568,77 ლარით, ხოლო დასაფინანსებელ თანხად მიეთითა - 76 419,70 ლარი. 2013 წლის 1 ნოემბერს შპს „ტ-მ“ შეადგინა № გადახდის სერტიფიკატი (და თანმხლები შესრულებული სამუშაოს აქტი), რომლის თანახმადაც, ამავე კომპანიამ აღნიშნული სერტიფიკატით შესრულებული სამუშაოების ღირებულება განსაზღვრა - 245 667,87 ლარით, ხოლო დასაფინანსებელ თანხად მიეთითა - 159 684,12 ლარი. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა ქ. .. სამსახურს. .. სამსახურის უფროსმა ა. ვ-მ დასახელებული დოკუმენტაცია ორივე შემთხვევაში დააწერა .. განყოფილების უფროსს - ლ. ბ-ს. ა. ვ-მ, როგორც ქ. .. სამსახურის უფროსმა და ლ. ბ-მ, როგორც ქ. .. განყოფილების უფროსმა, 2013 წლის აგვისტოსა და ნოემბერში შპს „ტ-ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დაფინანსებისას, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ შეამოწმეს მათ სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში შპს „ტ-ზე“ გადასახდელი თანხების ოდენობის (76 419,70 ლარისა და 159 684,12 ლარის) ლოგიკური შესაბამისობა შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ს“ მიერ შპს „ტ-სთვის“ გაცემული № საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან (რომლის მეხუთე პუნქტის თანახმად - საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით) და კვლავ დააფინანსეს შპს „ტ.“, როდესაც მას უკვე მიღებული ჰქონდა ავანსი - 1289972,30 ლარი და დასახელებული შესრულებების ფარგლებში დაფინანსება არ უნდა მიეღო.
თვითმმართველი ქ. ბათუმის .. 2014 წლის 16 იანვრის № ბრძანებით ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტ-ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № ხელშეკრულება შეწყდა და იმის გამო, რომ № საბანკო გარანტიის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა შესრულების ოდენობით, აქედან გამომდინარე, 254 265,65 ლარის ანაზღაურებაზე შპს „სადაზღვაო კომპანია უ-მ“ უარი განუცხადა ქ. ბათუმის მერიას, რაც დღემდე არც შპს „ტ-ს“ არ აუნაზრაურებია. ა. ვ-სა და ლ. ბ-ს აღნიშნულმა ქმედებებმა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა - თვითმმართველი ქ. ბათუმისათვის 254 265,65 ლარის ზიანი გამოიწვია.
3. ა. ვ-სა და ლ. ბ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით ა. ვ. და ლ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდნენ.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ვ-სა და ლ. ბ-ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ცალსახად ვერ დადასტურდა ა. ვ-სა და ლ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა; მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობლი ეჭვი, რომელიც არ გაქარწყლებულა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა in dubio pro reo - პრინციპის გათვალისწინებით, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა. ვ-სა და ლ. ბ-ს ბრალეულობას.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი