Facebook Twitter

საქმე # 190100117001833020

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №283აპ-20 ქ. თბილისი

თ. დ., 283აპ-20 4 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. თ-ს ბრალი დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დ. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.... მცხოვრებმა დ. თ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა - 15,69 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რასაც 2017 წლის 26 იანვარს გ.. გამავალ საავტომობილო გზაზე ა/მანქანით მოძრაობის დროს უკანონოდ ინახავდა და რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დ. თ-ს - დაბადებული ... წელს, - ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2017 წლის 26 იანვარს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

დ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

დ. თ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

დ. თ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან.

ნივთიერი მტკიცებულება: ,,გამომშრალი მარიხუანა“ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. თ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. თ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლის დასაწყისის დაზუსტება და მისი დაწყება არა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან, არამედ - მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულის გამართლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლასთან მიმართებით დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

დ. თ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2017 წლის 26 იანვარს მოქმედი რედაქცია).

დ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 26 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

დ. თ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

დ. თ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. თ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ დ. თ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლოა, ვინაიდან სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მხოლოდ დაინტერესებული პირების, პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, რომელთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. ამასთან, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. თ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 26 იანვარს მოქმედი რედაქცია), დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ზ. ს-ს, ბ. ნ-ს, მ. ს-ს, ი. ხ-ს, ლ. ი-ს, ა. ა-ს ჩვენებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 27 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის - თ. ო-ს ჩვენებით, დ. თ-ს 2017 წლის 26 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ აქვს საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს მოწმე პოლიციელების ჩვენებები, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, არ იკვეთება მათი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების ფაქტი, ასევე მათი ჩვენებები თანმიმდევრული, დამაჯერებელია და სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან, მათ შორის რაიმე სახის წინააღმდეგობა არ არსებობს. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის - დ. თ-ს პირადი ჩხრეკის ჩატარებისას რაიმე სახის კანონდარღვევა არ იკვეთება. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, სამართლებრივი საფუძველი, რომ საეჭვოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს პოლიციელთა ჩვენებები. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა მისი არგუმენტები და რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება.

4. ამათან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. თ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო რაც შეეხება სასჯელს, იგი დამნაშავედ ცნობილია სასჯელის დაუნიშნავად.

5. გარდა ამისა, დ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. მსჯავრდებული დ. თ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

4. მსჯავრდებულ დ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი