ას-926-1545-03 5 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ცისკაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ლ-ი 1997 წლიდან მუშაობდა სს “...კომბინატის” მცირე ბიზნესის, კვებისა და სოფლის მეურნეობის სამმართველოში ჩამოსულთა სახლის დარაჯ ცეცხლფარეშად. ამ საზოგადოების გენერალური დირექტორი ი. ჟ-ამ 2002წ. 21 მარტს გამოსცა ¹7 ბრძანება მეტალურგიული კომბინატის ჩამოსულთა სახლში მომსახურე პერსონალის საშტატო ერთეულის 5 ერთეულამდე შემცირების შესახებ. ვ. ლ-ი ამ ბრძანების საფუძველზე აღარ დაუშვეს სამუშაოზე და შტატების შემცირების გამო გაათავისუფლეს.
ვ. ლ-მა მისი სამუშაოდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და 2003წ. იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს “...კომბინატის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ლ-ის სასარჩელო განცხადება. ვ. ლ-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე და იძულებით მოცდენისათვის სს “...კომბინატისთვის” 600 ლარის დაკისრებაზე. სს “...კომბინატს” დაეკისრა ვ. ლ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება 854 ლარის ოდენობით.
ვ. ლ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 მაისის გადაწყვეტილება ვ. ლ-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით მოცდენისათვის სს “...კომბინატისათვის” 600 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ლ-ის სარჩელს ამ ნაწილში ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: სს “...კომბინატის” 2002წ. 21 მარტის ¹7 ბრძანებით გათვალისწინებული იქნა მეტალურგიული კომბინატის ჩამოსულთა სახლში მომსახურე პერსონალის საშტატო ერთეულის შემცირება 5 ერთეულამდე. ვ. ლ-ი გაფრთხილებულ იქნა ადმინისტრაციის მხრიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ხოლო სს “...კომბინატის” 2002წ. 21 მარტის ¹7 ბრძანებით გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და ამის შემდგომ აღარ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესაბამისად აღარ იღებდა თანამდებობრივ სარგოს.
სააპელაციო პალატამ ხანდაზმულად ჩათვალა ვ. ლ-ის სარჩელი შკკ-ს 204-ე მუხლის საფუძველზე, რადგან მან სასამართლოს მისი დარღვეული უფლების დაცვის შესახებ მიმართა 2003წ. 10 იანვარს, მაშინ როცა ვ. ლ-ი თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა 2002წ. 15 მარტიდან.
ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შკკ-ს 204-ე მუხლი. მას ამ კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ჩაბარდა 2003წ. 23 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ასევე არ იქნა გამოყენებული შკკ-ს 36-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის “ა” და “გ” პუნქტები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სს “...კომბინატის” გენერალური დირექტორი ირ. ჟ-ას 2002წ. 21 მარტის ¹7 ბრძანებით მეტალურგიული კომბინატის ჩამოსულთა სახლში მომსახურე პერსონალის საშტატო ერთეული შემცირდა 5 ერთეულამდე. ამ ბრძანებაში კონკრეტულად არ არის მითითებული შტატების შემცირების გამო სამუშაოდან გათავისუფლებული თანამშრომლების გვარები და არც ვ.ლ-ის გვარია მითითებული. საქმეში წარმოდგენილია სს “...კომბინატის” მცირე ბიზნესის, კვებისა და სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ნ. ვადაჭკორიას 2002წ. 9 დეკემბრის წერილი იმის შესახებ. რომ 2002წ. 21 მარტის ბრძანების საფუძველზე სამუშაოდან განთავისუფლდნენ მ. მოსახლიშვილი, ვ. ლ-ი და ი. ტიჩუკი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სს “...კომბინატის” გენერალური დირექტორის 2002წ. 21 მარტის ¹7 ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტულად ვ. ლ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ამ ბრძანების მიღების მომენტიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად ათვალა ვ. ლ-ის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა და არასწორად ჩათვალა სარჩელი ხანდაზმულად შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
ვ. ლ-მა სასამართლოში სარჩელი აღძრა 2003წ. 10 იანვარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ვ. ლ-ის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის დაწყების მომენტი უნდა განესაზღვრა სწორედ 2002წ. 9 დეკემბრიდან.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არასწორად ჩათვალა ვ. ლ-ის მოთხოვნა ხანდაზმულად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.