Facebook Twitter

საქმე # 050100119002813143

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№353აპ-20 ქ. თბილისი

გ. ვ., 353აპ-20 2 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები; დაზარალებულმა ნ. ღ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა სამხილებით: მოწმეების - ს. რ-ს, პ. გ-ს, უ. ჩ-სა და გ. მ-ს ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდებოდა ვ. გ-ს ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. გ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე განაწყენებული ვ. გ. სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. ღ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ვ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ვ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ მართებულად არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ვ. გ-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ნ. ღ-მ, სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: მოწმეების - ს. რ-ს, პ. ჯ-ს, უ. ჩ-სა და გ. მ-ს ჩვენებები, ერთი მხრივ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი, ვინაიდან ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც ამ ჩვენებების შინაარსიდან დგინდება უტყუარად ვ. გ-ს ქმედებაში ბრალად შერაცხული დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა - შემადგენლობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად მიუთითებდა ვ. გ-ს ბრალეულობაზე.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი