¹ბს-1388-1135-კ-04 30 მარტი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,
სარჩელზე მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
მოწინააღმდეგე მახარე – კავშირი ,,ი-ა»
მესამე პირები: საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭო; თბილისის საგადასახადო ინსპექცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 16 დეკემბერს «ი-ამ» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ და სარჩელის საფუძველზე მოითხოვა მათი სპეცანგარიშებიდან უკანონოდ მოხსნილი თანხის _ 806 419,63 ლარის დაბრუნება, დავალიანების _ 612 292, 05 ლარისა და მათ აქტივებში არსებული დღგ-ს ზედმეტობით გამოწვეული თანხის – 248 236,96 ლარის და მათთვის დასაბრუნებელი თანხის 806 419,63 ლარის ურთიერთგაქვითვა.
2004 წლის 14 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: ა) არაკანონიერად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2000წ. ¹22-05/8 წერილის საფუძველზე, ანგარიშის დახურვის შედეგად რიცხული ნაშთის _ 806 419,63 ლარის ¹5 დარგობრივი ხაზინის .......... ანგარიშზე გადატანა, რომელიც ეკუთვნოდა ინვალიდთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; 2) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს «ი-ის» სასარგებლოდ გადაიხადოს უკანონოდ გადარიცხული თანხა _ 806 419, 63 ლარი; 3)მოხდეს უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის (806 419,63) და საგადასახადო დავალიანების _ 862 806,19 ლარის ურთიერთგაქვითვა; 4) მოხდეს ძირითადი დავალიანების _ 369 709,82 ლარისა და მოსარჩელეების აქტივში არსებული ზედმეტობის, სულ _ 298 939,35 ლარის ურთიერთგაქვითვა; 5) მოხდეს ურთიერთგაქვითვიდან დარჩენილი თანხის _ 117 152,3 ლარის გადახდის განაწილვადება 3 თვის განმავლობაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით კავშირი ,,ი-ის» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არაკანონიერად ჩაითვალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 06.01.2000წ. ¹22-05/8 წერილის საფუძველზე, რომლის ადრესატია საქართველოს ეროვნული ბანკი, ხაზინის იმ ანგარიშის, რომელიც ეკუთვნოდა ინვალიდთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ანგარიშის დახურვის შედეგად რიცხული ნაშთის 806 419,63 ლარის ¹5 დარგობრივი ხაზინის .......... ანგარიშზე გადატანა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წერილის საფუძველზე საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხული თანხა 806 419, 63 ლარი – ჩაითვალა კავშირ ,,ი-ის» მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილ თანხად. მოხდა 806 419,63 ლარის თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანებათა დაფარვა შემდეგი თანმიმდევრობით: ა) გაიქვითა გადასახადის თანხა; ბ) გაიქვითა ფინანსური სანქციის სახით დარიცხული ჯარიმის თანხა; გ) გაიქვითა დარიცხული საურავის თანხა. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოეხდინა კავშირ ,,ი-ის» სახელზე დღეის მდგომარეობით არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის 298 939,35 ლარის ჩათვლა გადასახადის გადამხდელის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში 20 დღის ვადაში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2005 წლის 15 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობზე დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრებზე შეჩერდა საქმის წარმოება.
მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით განახლდა საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრებზე კავშირი ,,ი-ის» მიმართ.
2006 წლის 30 მარტს კავშირმა ,,ი-ამ» სარჩელზე უარის თქმის განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კავშირ ,,ი-ის» გამგეობის თავმჯდომარის გ. ძ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება კავშირ ,,ი-ის» სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ – კავშირმა ,,ი-ამ» უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო სასამართლოს ასევე ნიშანდობლივად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, სარჩელზე უარს აცხადებს კერძო სამართლის სუბიექტი _ კავშირი ,,ი-ა», რის გამოც, სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კავშირ ,,ი-ის» შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კავშირ ,,ი-ის» შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და კავშირ ,,ი-ის» სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.