საქმე # 010100117001965236
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №358აპ-19 ქ. თბილისი
ღ. მ., 358აპ-19 2 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს, მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ-სა და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-მ, მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. პ-მ და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ.
- მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ღ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ ძირითად არგუმენტებზე მითითებით: ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარისი, შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. ღ-ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას; ბრალდების მხარის მტკიცებულებები არის წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი, ამასთან, მოწმეთა ჩვენებების უმეტესობა არის ცრუ და არათანმიმდევრული; ბრალდების მხარის მოწმეთა საპირისპიროდ, დაცვის მხარის მოწმეებმა კატეგორიულად უარყვეს მ. ღ-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რასაც ასევე ადასტურებს არა მარტო დაცვის, არამედ - თვითონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებიც;
- მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით:
განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის ვარაუდებსა და საქმეში არარსებულ მტკიცებულებებზეა დამყარებული; არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ უშუალოდ ი. ჩ-მ მოახდინა ბათუმში ჩასვლის შემდეგ პირთა ჯგუფის ორგანიზება და მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა წინააღმდეგეობა გაუწია ხელისუფლების რომელიმე კონკრეტული წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას, ისევე როგორც არ არის დადგენილი შესაძლო შექმნილი ჯგუფის წევრები, მათი ვინაობა, რაოდენობა, შემადგენლობა და თითოეული მათგანის როლი, არაა დადასტურებული ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლის მიერ ი. ჩ-სათვის წაყენებული რაიმე კანონიერი მოთხოვნის არსებობა, ისევე როგორც - ი. ჩ-ს მასში საერთოდ მონაწილეობის ფაქტი; სატელევიზიო ინტერვიუს მიცემის ფაქტის დანაშაულად შერაცხვა უკანონობაა, რადგან ი. ჩ-ს მიერ მსჯავრად შერაცხულ დანაშაულის სატელევიზიო ინტერვიუს მეშვეობით ჩადენა წარმოუდგენელია; პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად დანაშაულის ჩადენის მოტივი ასევე არ დასტურდება, მცდარია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; კონკრეტულად არ დგინდება, თუ რომელ საწარმოს, ორგანიზაციასა თუ დაწესებულებას შეეშალა ხელი ნორმალურ მუშაობაში, რაში გამოიხატა იგი და რა როლი ჰქონდა ამაში ი. ჩ-ს; განაჩენი ემყარება მოწმეთა არასანდო და ცრუ ჩვენებებს; საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია შესაძლო ფალსიფიკაციით და ისინი ინდივიდუალურად შექმნილი არაა; მოცემული სისხლის სამართლის საქმე გამოიძია საქმის შედეგით დაინტერესებულმა ორგანომ, დაზარალებულად ცნობილმა - საქართველოს შსს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტმა; სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები ტენდენციურად შეაფასა და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა; ი. ჩ-ს მიმართ საქმის წარმოება პოლიტიკურად იყო მოტივირებული; განაჩენი დაუსაბუთებელია სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების ნაწილშიც.
- აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორი რამაზ შავაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მ. ღ-სა და ი. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და, შესაბამისად, მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინებებითა და ინფორმაციული პატაკებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოტაბულით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმითა და დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა, 18 მსჯავრდებული პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებით, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან გამოთხოვილი 11-12 მარტის მოვლენების ამსახველი აუდიოვიდეო ჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასაქონლო, ტრასოლოგიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულებისა და მათი წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებითა და ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ. ღ-მ და ი. ჩ-მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ღ-სა და ი. ჩ-ს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მ. ღ-სა და ი. ჩ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 3 იანვარს კ. ბ. დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე პერიოდში კ. ბ-ს მ. ღ. გაეცნო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ვინაიდან იგი ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, კ. ბ-ს სთხოვა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ საპატრულო პოლიციის მუშაკებს შეჩერების შემთხვევაში მის მიმართ არ გაეტარებინათ ადმინისტრაციული ღონისძიებები, ასევე - მ. ღ-ს ნაცნობი თურქი მოქალაქეებისათვის მიენიჭებინათ უპირატესობა და მათი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებაში პრობლემები არ შეექმნათ. კ. ბ-მ აღნიშნული უკანონო მოთხოვნების შესრულებაზე კატეგორიული უარი განუცხადა. ამის გამო მ. ღ. დაემუქრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით შეუქმნიდა პრობლემებს და მის დისკრედიტაციას მოახდენდა.
2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე შუალედში, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც ასეულობით მოქალაქე მონაწილეობდა. ისინი აპროტესტებდნენ აჭარის ა/რ-ის საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებასა და დაკავებას. აღნიშნულ აქციაზე მივიდა მ. ღ., რომელმაც კ. ბ-ზე ანგარიშსწორების მიზნით, გადაწყვიტა ზემოაღნიშნული და სხვა პირადი მოტივით, თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა მოქალაქეთა პროტესტი და ორგანიზება გაუწია ჯგუფურ ძალადობას, რა დროსაც მონაწილეებმა გადაკეტეს ჭავჭავაძის ქუჩა და საავტომობილო გზის გახსნის შესახებ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს .. განთავსებულ აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდნენ სხვა მონაწილეები, მათ შორის პოლიციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ი. ჩ-ც, რომელიც მ. ღ-სთან ერთად ხელმძღვანელობდა ძალადობრივ აქციას და ორგანიზებას უწევდა ჯგუფურ ძალადობას. შედეგად, გარკვეული პერიოდის შემდეგ აქციის მონაწილეთა ქმედებები რადიკალური გახდა. ი. ჩ. და მ. ღ., ასევე ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეები იქ მყოფ პოლიციის მუშაკებს ხმამაღალი შეძახილებითა და უცენზუროდ მიმართავდნენ, მოითხოვდნენ ადმინისტრაციულად დაკავებული პირების განთავისუფლებას, აჭარის ა/რ-ის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას და ცდილობდნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრას, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ იქვე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესასრულებლად მობილიზებული საქართველოს შსს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები.
2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:30 წუთიდან, პროტესტის მონაწილეების ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა, რასაც ი. ჩ. და მ. ღ. ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც იქ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ პოლიციის მუშაკები თუ არ გაათავისუფლებდნენ დაკავებულ პირებს, ძალის გამოყენებით, ქვებით და ჯოხებით შეიარაღებულიყვნენ, პოლიციელებისათვის აქტიური წინააღმდეგობა გაეწიათ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, შტურმით აეღოთ აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის შენობა. აღნიშნული მოწოდების შემდეგ, აქცია გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებაში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ: გ. გ., კ. მ., მ. ბ., გ. ბ., გ. მ., ლ. დ., შ. გ., მ. კ., მ. მ., მ. ფ., ა. კ., ზ. გ., რ. დ., რ. ქ., გ. გ., მ. ბ., ი. ჩ., შ. ფ., მ. ბ. და აქციის სხვა მონაწილეები, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ჩაიდინეს წინააღმდეგობის გაწევა, თავდასხმა და ძალადობრივი ქმედებები. ისინი აჭარის ა/რ-ის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან განთავსებულ პოლიციის მუშაკების მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ადვილად აალებადი საწვავით სავსე ბოთლებს, ე.წ ,,მოლოტოვის კოქტეილებს“ და ფეთქებად ნივთიერებებს, ე.წ ,,ფოიერვერკებს“. შედეგად, აჭარის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა ი. ჭ-მ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა: ლ. გ-მ, ლ. შ-მ, მ. ჯ-მ, ა. ხ-მ, ფ. ნ-მ, კ. ბ-მ, ლ. ი-მ, ს. ბ-მ, გ. ს-მ და სხვებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. ამავდროულად, გ. გ-მ და მასთან ერთად ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირებმა დაიწყეს რბევა, რის შედეგადაც ჩაიმტვრა შენობების ფანჯრები, აიყარა ქვაფენილი, დაზიანდა ქალაქ ბათუმის მერიის კუთვნილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, სულ - 132 770 (ასოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის ქონება. მათ მიერ ფიზიკური ძალის, იარაღად საგნებისა და ცეცხლის წაკიდებით, ასევე დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა ღირებულების ავტომანქანები და სხვა ქონება. მათ მიერ ფიზიკური ძალის, იარაღად საგნების გამოყენებითა და ცეცხლის წაკიდებით ასევე დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა ღირებულების ავტომანქანები და სხვა ქონება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით მ. ღ-ს - დაბადებულის .. წელს, - და ი. ჩ-ს, - დაბადებულის .. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლზე (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
მ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.
მ. ღ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ი. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.
გაუქმდა ი. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის მიერ მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების გამო, 2017 წლის 11 მარტს, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა.
მ. ღ-მ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის - კ. ბ-ს მიმართ წარსულში არსებული უკმაყოფილებისა და მასზე ანგარიშწორების მიზნით, გადაწყვიტა ხსენებული აქციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.
მ. ღ-მ ორგანიზება გაუწია მოქალაქეთა მხრიდან ჯგუფურ მოქმედებას, რაც დაკავშირებული იყო პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნების - საავტომობილო გზის გათავისუფლების დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რაც იწვევდა როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხებას.
მ. ღ-ს ორგანიზებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს .. მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდნენ სხვა პირები.
პოლიციის მუშაკთა, მათ შორის - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ლ. გ-ს მოწოდებისა და პირადი კომუნიკაციის მიუხედავად, მ. ღ-მ კვლავ გააგრძელა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება - პოლიციის მუშაკთა მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რამაც გამოოწვია როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხება.
მოგვიანებით აქციის მონაწილეების მოქმედებები რადიკალური გახდა, რაც მ. ღ-ს მიზანს არ წარმოადგენდა, რის გამოც 2017 წლის 11 მარტს, 23:46 საათზე, დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოგვიანებით განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობა აღარ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია ამ აქციის შედეგად სხვა პირთა დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად როგორც მატერიალური, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანი.
- 2017 წლის 11 მარტს ი. ჩ-სათვის, როგორც პოლიტიკური პარტია .. წევრისა და აქტივისტისთვის, ცნობილი გახდა 2017 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში მიმდინარე მოვლენების - მოქალაქეთა აქციის თაობაზე, რის გამოც გაემგზავრა ქ. თბილისიდან და 2017 წლის 12 მარტს, 04:36 საათზე, შეუერთდა მომიტინგეებს.
მისი იქ მისვლის დროისათვის აქცია პრაქტიკულად სრულდებოდა, აქციის მონაწილეთა რიცხვი კი მკვეთრად იყო შემცირებული.
ი. ჩ-მ მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, მისვლისთანავე დაიწყო და ორგანიზება გაუწია აქციაზე დარჩენილ მონაწილეებს, რაც დაკავშირებული იყო პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნების - საავტომობილო გზის გათავისუფლების დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რაც იწვევდა როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხებას. ამ ორგანიზების შედეგად, ნაცვლად აქციის დასრულებისა მომიტინგეების ნაწილის მოქმედებები აგრესიული გახდა, რაც გამოიხატა პოლიციის მუშაკებისადმი სხვადასხვა საგნის სროლაში.
მომიტინგეთა კვლავ გაერთიანების შედეგად მოსალოდნელი ზიანის (რის საფუძველსაც იძლეოდა ი. ჩ-ს ქ. ბათუმში ჩამოსვლამდე მომიტინგეთა ნაწილის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანი) თავიდან ასაცილებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჭირდა სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენება, რათა აღკვეთილიყო როგორც ი. ჩ-ს, ისე სხვა პირთა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც განხორციელდა კიდეც.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-მ და მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. პ-მ და ბ. ბ-მ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. ღ-სა და ი. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და, შესაბამისად, მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და ი. ჩ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივებს მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და ი. ჩ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული და ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ლ. გ-ს, ხ. ვ-ს, ზ. ფ-ს, ი. ჭ-ს, პ. მ-ს, ი. მ-ს, მ. კ-ს, დ. წ-ს, გ. ჯ-ს, ვ. კ-ს, ჯ. კ-ს, მ. ბ-ს, ბ. ხ-ს, რ. ჯ-ს, რ. ტ-ს, ლ. შ-ს, გ. ქ-ს, ზ. დ-ს, ზ. ზ-ს, მ. ჯ-ს, დ. ი-ს, ა. ა-ს, გ. კ-ს, ფ. ა-ს, ო. ა-ს, გ. თ-ს, კ. ბ-ს, ფ. ნ-ს, ზ. მ-ს, ზ. შ-ს, ნ. გ-ს, ე. გ-ს, ბ. თ-ს, თ. ბ-ს და სხვათა ჩვენებებით, მოწმეების - კ. ბ-ს, მ. მ-ს, თ. ლ-ს, ნ. მ-ს, ი. ც-ს, რ. ა-ს, რ. გ-ს, დ. დ-ს, მ. ლ-ს, ნ. ბ-ს, ა. ვ-ს, რ. ფ-ს, რ. დ-ს, რ. ბ-ს, ო. დ-ს, დ. ტ-ს, გ. ვ-ს, თ. ქ-ს, დ. ბ-ს, დ. შ-ს, ს. ხ-ს, რ. შ-ს, მ. ბ-ს, ც. ა-ს, მ. მ-ს, ჯ. ტ-ს, ზ. კ-ს, ზ. ბ-ს, გ. წ-ს, ც. ჩ-ს, ა. ფ-ს, მ. ბ-ს, ი. პ-ს, მ. შ-ს, გ. ა-ს, მ. კ-ს, ვ. მ-ს, მ. ბ-ს, ი. ვ-ს, თ. ლ-ს, გ. ჩ-ს, ზ. მ-ს, გ. ბ-ს, ი. ბ-ს, მ. დ-ს, ჯ. ბ-ს, უ. გ-ს, ნ. თ-ს, ვ. ს-ს, ი. ზ-ს, ნ. კ-ს, ნ. ჯ-სა და სხვა მოწმეთა ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინებებითა და ინფორმაციული პატაკებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოტაბულით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან გამოთხოვილი აუდიო-ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და ი. ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და ი. ჩ-ს ქმედებები საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 226-ე მუხლზე, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს, შავაძის, მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ-სა და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი