საქმე # 330100118002435815
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №384აპ-21 ქ. თბილისი
ა. გ. 384აპ-21 4 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლაშა ცქვიტარიას და მსჯავრდებულების - გ. ა–სა და ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ნ. ჯ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ა. ც–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
2. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით, გ. ა–ი დაინიშნა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ–ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის ბრძანებით, ნ. ჯ–ი დაინიშნა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ–ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით, ა. ც–ი დაინიშნა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ–ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-.. განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
2005 წლის 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, გ. მ–ი, დ. ბ–ე, მისი მეუღლე - ა. ქ–ე, ი. ჯ–ი და მისი მეუღლე - თ. გ–ი სტუმრად იმყოფებოდნენ მეგობრის ბინაში, მდებარე - ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N..-ში. გ. მ–ი შედარებით ადრე წავიდა აღნიშნული ადგილიდან და დარჩენილ მეგობრებს მანქანით ელოდებოდა დ–ს ქუჩის ასახვევთან. ცოტა ხანში მისკენ მიმავალი ი. ჯ–ი, რომელსაც უკან მისდევდნენ თ. გ–ი და ა. ქ–ე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორებმა - ნ. ჯ–მ და გ. ა–მ. შემოწმების პროცესში, ავტომანქანიდან გადავიდა გ. მ–ი, რომელიც გამოესარჩლა მეგობრებს და სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა პატრულის თანამშრომლებთან. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გ. ა–მ და ნ. ჯ–მ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ცემა დაუწყეს გ. მ–ს. კერძოდ, ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სახისა და ტანის არეში. მათი ქმედებები არ იყო მიმართული გ. მ–ის დაკავებისკენ და აშკარად სცილდებოდა პირის დაკავებისათვის გამოსაყენებელი პროპორციული ძალის ფარგლებს. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა დ. ბ–ე, რომელიც შეეცადა გ. მ–ის დახმარებას და სიტუაციის განმუხტვას, გ. ა–მ და ნ. ჯ–მ გ. მ–ის მსგავსად მასაც დაუწყეს ცემა. გამოძახებული დამხმარე საპატრულო ეკიპაჟების მისვლის შემდეგ კი, გ. მ–ი და დ. ბ–ე დააკავეს და გადაიყვანეს ქ. თ–ს N.. დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხსენებულ იზოლატორში, გ. მ–ი და დ. ბ–ე შეიყვანეს საგამოძიებო ოთახში, სადაც ცოტა ხანში მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ა. ც–ი. საუბრისას ა. ც–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ. მ–ს, რის საპასუხოდაც ამ უკანასკნელმა ა. ც–ს ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულზე, ა. ც–მა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და პოლიციის რამოდენიმე სხვა თანამშრომელთან ერთად ცემა დაუწყო გ. მ–ს და დ. ბ–ეს. ორივეს სცემდნენ ხელებით და ფეხებით. ცემისას, ა. ც–მა გ. მ–ს შუშის ჭიქა ჩაარტყა თავში, რის გამოც ჭიქა დაიმსხვრა და გ. მ–ს წამოუვიდა სისხლი. გ. მ–ისა და დ. ბ–ს ცემა გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. დ–ს ქუჩის კუთხეში და დროებითი მოთავსების იზოლატორში ცემის შედეგად გ. მ–ს და დ. ბ–მ მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ნ. ჯ–ის, გ. ა–ის და ა. ც–ის ქმედებებმა გ. მ–ისა და დ. ბ–ს უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლაშა ცქვიტარიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა. ც–ს შორის 2020 წლის 5 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება;
ა. ც–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 4 თვე.,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, ა. ც–ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2 000 ლარი და 1 წლითა და 4 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 1 წლით - აღნიშნული დროის განმავლობაში ა. ც–ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
ნ. ჯ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, 1 წლითა და 4 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 1 წლით - აღნიშნული დროის განმავლობაში ნ. ჯ–ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
ნ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 18 თებერვლიდან;
გ. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 1 წლის და 4 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდ ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 1 წლის ვადით - აღნიშნული დროის განმავლობაში გ. ა–ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 18 თებერვლიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ და მსჯავრდებულების - გ. ა–სა და ნ. ჯ–ს ადვოკატმა ი. ბ–სმა.
პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა - სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო ადვოკატმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ა–სა და ნ. ჯ–ს გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი ნ. ჯ–ისა და გ. ა–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი ლაშა ცქვიტარია და მსჯავრდებულების - გ. ა–სა და ნ. ჯ–ს ადვოკატი ი. ბ–სი. პროკურორი ითხოვს მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული მინიმალურ სასჯელზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ როგორც პროკურორმა, ასევე ადვოკატმა თბილისი საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრებით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ა–სა და ნ. ჯ–ს მსჯავრდება და სასჯელი განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორისა და ადვოკატის სააპელაციო საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გ. ა–სა და ნ. ჯ–ს უდანაშაულობის თაობაზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მათ მიერ 2005 წლის 29 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ხოლო სხვა ისეთი არსებითი არგუმენტები, რომლებითაც ეჭვქვეშ დადგებოდა გ. ა–სა და ნ. ჯ–ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული მსჯავრდება, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად მოითხოვს, რომ გამოძიებას შედეგად მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრული დაუსჯელობის პირობებში (იხ. Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, §72, ECtHR, 09/10/2012).
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ვერც პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ არგუმენტებზე, რომლებზე დაყრდნობითაც განსაზღვრა კონკრეტული სასჯელები. მათ შორის გაითვალისწინა, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასული იყო 14 წელზე მეტი და ამ პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებული პირები სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მხილებულნი არ ყოფილან; ის გარემოება, რომ მათ, როგორც მოხელეებმა, ძალადობის გამოყენებით გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, გახდა კიდეც მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და ეს გარემოებები მათ დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად ვერ შეერაცხება.
13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლაშა ცქვიტარიას და მსჯავრდებულების - გ. ა–სა და ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–სის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი