საქმე # 330100119003200633
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №388აპ-21 ქ. თბილისი
კ. მ. 388აპ-21 5 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ–სა და მ. ღ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
მ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
მ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მ. ბ–მ და მ. კ–მ განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ პ. ს–ს ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომობილის კატალიზატორს. 2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ............ს გამზირი N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ბ–მ და მ. კ–მ სცადეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ პ. ს–ს ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომობილის კატალიზატორს, ღირებულს 1600 ლარად. აღნიშნული ქმედება ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და დააკავეს. მ. ბ–ს და მ. კ–ს ქმედებით შესაძლოა, დაზარალებულ პ. ს–ს მისდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის ივლისში, მ. კ.მ უკანონოდ შეაღწია ა. ა–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა N.., ბინა N..-ში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 24 000 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ელექტროტექნიკას, ძვირფასეულობას, ტანსაცმელს, დეკორატიულ, პირადი ჰიგიენის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენით:
2.1. მ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 9 აგვისტოდან.
2.2. მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მ. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (დაზარალებულ ა. ა–ს ეპიზოდი).
მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ა. ა–ს ეპიზოდი).
მ. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. კ–ს მიმართ გამოტანილმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 9 აგვისტოდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს–მ და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ლ–მ, მ. ღ–მ და ნ. თ–მ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
მსჯავრდებულ მ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
მსჯავრდებულ მ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენში:
მ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და გამართლდა.
მ. ბ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
მ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და გამართლდა.
მ. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (დაზარალებულ ა. ა–ს ეპიზოდი).
მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ა. ა–ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
საბოლოოდ მ. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 9 აგვისტოდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ლ–მ და მ. ღ–მ.
პროკურორი ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენში. მ. ბ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, მ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. ლ. და მ. ღ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულის გამართლებას, 21.10.2019 წლის, 20.01.2020 წლისა და 10.02.2020 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილების შუამდგომლობაზე მსჯელობას.
პროკურორის საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა მ. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის(საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) უცვლელად დატოვება.
2021 წლის 16 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ლ–მ. განცხადებაში მითითებულია, რომ მ. კ–ს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე და მოითხოვა კანონით დადგენილ შემჭიდროვებულ ვადებში საქმის განხილვა.
2021 წლის 23 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. კ–მ და თავისის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვა საქმის შემჭდროვებულ ვადებში განხილვა.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
8. კასატორი - პროკურორი როინ ხინთიბიძე - უთითებს, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ მ. კ. და მ. ბ–ა ცდილობდნენ პ. ს–ს ავტომანქანიდან კატალიზატორის მოხსნასა და მის მისაკუთრებას. მ. კ. და მ. ბ–ა იყვნენ ჩაკუზულები ავტომობილთან, ავტომობილი ჰქონდათ მაყუჩით აწეული, ხელში ეჭირათ ქანჩი, სხვა ნივთები და პოლიციელთა გამოჩენისთანავე შეეცადნენ მიმალვას. შესაბამისად, ერთადერთი, რაზეც ქმედებები მიუთითებს, არის ის, რომ ისინი 2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში, ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ პ. ს–ს კუთვნილი ავტომობილის კატალიზატორს.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას და მიუთითებს, რომ პ. ს–ს ავტომობილიდან კატალიზატორის დაუფლების მცდელობა მ. კ–სა და მ. ბ–ს მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება. მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით დაკითხული არცერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ მათ დაინახეს მ. კ. და მ. ბ–ა, როდესაც ცდილობდნენ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილიდან კატალიზატორის მოხსნას, ან რაიმე ქმედებას ახორციელებდნენ მანქანასთან მიმართებით, ისინი, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების(რ. წ., ლ. ქ–ი, გ. თ–ი) თანახმად, მანქანასთან იყვნენ ჩაკუზულები, რაც ცალკე აღებული, არ მიუთითებს ქურდობის მცდელობის განზრახვაზე. ამასთან, 2019 წლის 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა ქ. თ–ში, ............ს გამზირის N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სადარბაზოს შესასვლელიდან ხელმარჯვნივ არსებულ ავტომანქანის სადგომზე მდგარი მწვანე ფერის ,,ტოიოტა პრიუსის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,,....“, რომელსაც მარცხენა, უკანა კარის ქვემოთ ძარის სადგამზე ამოდებული აქვს ავტომანქანის ამწე საშუალება ე.წ. ,,დონგრატი“, აღნიშნული დონგრატის გვერდით, ასფალტის ზედაპირზე, დევს ერთი ცალი სახრახნისი და სამი ცალი მეტალის კონსტრუქციის ქანჩი. მოცემულ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილიდან კატალიზატორის ქურდობის მცდელობის განზრახვას გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი „.........ის“ 2019 წლის 24 სექტემბრის წერილი, რომლის თანახმად აღნიშნული მოდელის მანქანებს კატალიზატორი განთავსებული აქვთ წინა ნაწილში. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მანქანა აწეული იყო უკანა ნაწილით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მ. კ–სა და მ. ბ–ს პ. ს–ს ავტომანქანიდან კატალიზატორის მოხსნისა და მისაკუთრების მცდელობაში გამართლების შესახებ.
10. ბრალდების მხარე უთითებს, რომ მ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებით, დაზარალებულ ა. ა–ს განმარტებით, მისი ბინიდან მოპარული ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 24000 ლარს. თუმცა ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული ნივთების სრულად მოძიება ვერ მოხერხდა, რის გამოც სასაქონლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 1749 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს მ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მ. კ–სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულის განმარტებას. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ა–ს 2019 წლის 20 ივლისისა და 14 აგვისტოს გამოკითხვის ოქმებს და იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მიერ 24 აგვისტოს ნივთების ჩამონათვალის დაზუსტება (დამატება) განხორციელდა ზიანის საერთო ოდენობის ცვლილების გარეშე. კერძოდ, 2019 წლის 20 ივლისს ა. ა–ნი გამოკითხვის ოქმში(ტ. 2, ს.ფ. 34-37) ასახელებს ნივთებს და ამბობს, რომ დაახლოებით 24 000 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა, ხოლო მეორედ, 2019 წლის 14 აგვისტოს გამოკითხვისას (ტ.1, ს.ფ. 272-275), ამატებს ნივთების ჩამონათვალს და ისევ ამბობს, რომ 24 000 ლარის ზიანი მიადგა.
12. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შეფასებული საქონლის საბაზრო ღირებულებათა ჯამი, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 1749 ლარს, რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, არ იძლევა მ. კ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების საშუალებას. ზიანის ზუსტი ოდენობის შესახებ გაჩენილი გონივრული ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
13. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ არსებით სასამართლო სხდომაზე მათ არ მიეცათ ოდოროლოგიური ექსპერტის ნორმალურ პირობებში დაკითხვის შესაძლებლობა და არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ოდოროლოგიური ექსპერტის დაკითხვის თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს 2019 წლის 11 ნოემბრის არსებით სასამართლო სხდომაზე ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა ოდოროლოგიური ექსპერტის - გ. ტ–სათვის - დაესვა ყველა კითხვა, რომელიც შეეხებოდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და გამომდინარეობდა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნიდან. ამასთან, დაცვის მხარემ დასვა მისთვის სასურველი ყველა შეკითხვა, მიიღო შესაბამისი პასუხები და თავადვე განმარტა, რომ ექსპერტთან სხვა კითხვები აღარ ჰქონდათ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის სხდომის ოქმი 11:22:05-11:22:08; 11:23:32-11:23:36; 11:25:15-11:25:18), რის შემდეგაც სასამართლომ დაასრულა მოწმის დაკითხვა. სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მიერ დაყენებული პროტესტის დაკმაყოფილება ზოგადი ხასიათის შეკითხვებთან მიმართებით ვერ ჩაითვლება დაცვის მხარის უფლების დარღვევად.
15. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ არსებითი სასამართლო განხილვის სხდომაზე ა. ა–ს დაკითხვისას საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება (სასამართლო სხდომაზე ა. ა–მ საკუთარი ინიციატივით საერთოდ ვერ დაასახელა, თუ რა ნივთები არის წაღებული მისი სახლიდან და ბრალდების მხარემ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოაქვეყნა გამოკითხვის ოქმი, თითოეულ ნივთთან მიმართებით და ჰკითხა, ეს იყო თუ არა მისი ნივთი. ბრალდების მხარე აღნიშნული ოქმის საფუძველზე მოწმეს ეკითხებოდა თითოეული ნივთის კუთვნილებას) ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N2კ-545აპ-20 განჩინებით დამკვიდრებულ პრაქტიკას.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოცემულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ-20 განჩინების 4.3. პუნქტში მითითებული მსჯელობა მიემართება შემთხვევას, როდესაც მოწმე უარყოფს/ არ ადასტურებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციას. ასეთ დროს სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეზე მტკიცებულებად გამოიყენოს ის ინფორმაცია, რომელიც, მართალია, მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიუთითა, მაგრამ არ დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10 ნოემბრის N545აპ-20 განჩინების 4.4 პუნქტი), რასაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია, რადგან მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.
ზემოთ აღნიშნული განჩინების 4.3. პუნქტში მითითებული მსჯელობა არ გამორიცხავს მოწმის დაკითხვისას საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციის დადასტურების შესაძლებლობას, თუ მოწმე გარკვეული მიზეზით ( მაგ. გასული დროის ხანგრძივობა) ვერ იხსენებს, მაგრამ არ უარყოფს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციას. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩვენების გამოქვეყნებისას, მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია - რომელსაც მოწმე სასამართლოში დაადასტურებს და სადავოდ არ გახდის - ხდება მოწმის ჩვენების შემადგენელი ნაწილი.
17. დაცვის მხარის მტკიცებით, ა. ა–ს მიერ ნივთების ამოცნობა განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, ვინაიდან ა. ა–ს ჩვენების თანახმად, ნივთების ამოცნობის მიმდინარეობისას იგი ესაუბრებოდა თავის მეუღლეს, სურათებს უგზავნიდა მას და მისი მეუღლე იცნობდა ნივთებს.
18. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ა. ა–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, გამომძიებელმა დაიბარა საგამოძიებო ორგანოში, ნაპოვნი სუნამოები ნახევარ-ნახევარი იყო, მისი მეუღლე იყო ი–ში, სურათი გადაუღო სუნამოებს, გაუგზავნა თავის მეუღლეს, მან ამოიცნო ეს სუნამოები (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:03:02 – 16:03:39). ეს სუნამოები მისი არ იყო, მისი მეუღლის და ქალიშვილის იყო და შესაბამისად, მისმა მეუღლემ ამოიცნო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:04:25 – 16:04:50). საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ - 2019 წლის 14 აგვისტოს სუნამოების („კენზო“, „სთორი ოფ ფლაუერი“, „შისეიდო“, „შინი“, „სელინ დიონი“, „ალიენი“) ამოცნობის ოქმები (ტ.1, ს.ფ. 277 – 294, 307-309), დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე (რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს), ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლისა და 82-ე მუხლის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უნდა გაეზიარებინათ აღნიშნული მტკიცებულებები.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის მონაწილეობით 2019 წლის 14 აგვისტოს ამოცნობა ჩატარდა ასევე სხვა ნივთებზეც (მაგ. ქალის კერამიკული ქანდაკება, ფეხშიშველა ქალის კერამიკული ქანდაკებები, დეკორატიული დოქი, დეკორატიული თეფში, სპილენძის ოქროსფერი დეკორატიული ჭურჭელი), რომელთა კანონით დადგენილი წესით ამოცნობა დაადასტურა დაზარალებულმა (იხ.:თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის სხდომის ოქმი 16:05:42 – 16:06:50).
20. სასაქონლო ექსპერტიზით (დასკვნა N......) ა. ა–სათვის ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის (1749 ლარი) განსაზღვრისას ზიანის ოდენობაში ექსპერტის მიერ არ იქნა გათვალიწინებული ექსპერტიზაზე წარდგენილი სუნამოების საბაზრო ღირებულება, ვინაიდან კომერციულ სტრუქტურებში არ წარმოებს გახსნილი სუნამოების (არასრული შიგთავსით) რეალიზაცია და შესაბამისად, ვერ განხორციელდა მათი შეფასება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. შესაბამისად, 2019 წლის 14 აგვისტოს სუნამოების ამოცნობის ოქმების არგაზიარება გავლენას ვერ მოახდენს მ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებული ა. ა–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 9 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით, ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N ...... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასაბუთებულია მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით(ა. ა–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). ვინაიდან კასატორთა „რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ–სა და მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე