საქმე # 330100118002764358
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №394აპ-21 ქ. თბილისი
გ. რ. 394აპ-21 2 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით) ჩადენა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ადვოკატმა რ. გ–მ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეში საადვოკატო მომსახურება გაუწია თ. ბ–ს, რომელიც იმ დროისთვის მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების №.. დაწესებულებაში. 2018 წლის 24 ოქტომბერს, რ. გ–მ სამოქალაქო საქმეში გაწეული მომსახურების ფარგლებში, მოახდინა თ. ბ–ს მამიდის - თ. ბ–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი სამკვიდრო ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ქ. გ–ი, თ–ს ქუჩა N.., ბინა N..) თ. ბ–ს სახელზე რეგისტრაცია. რ. გ–მ აღნიშნული ბინა იმავე დღეს, თ. ბ–ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მიჰყიდა ა. ო–ს, რის სანაცვლოდაც მისგან მიიღო 15000 აშშ დოლარი. რ. გ–ი ფლობდა რა თ. ბ–ს კუთვნილ თანხას მართლზომიერად, განიზრახა ამ თანხის მითვისება. 2008 წლის 4 ნოემბერს რ. გ–სა და თ. ბ–ს შვილს - მ. ბ–ს შორის, თ. ბ–სთვის სისხლის სამართლის საქმეში გაწეული მომსახურების გამო, გაფორმდა ხელშეკრულება N.., რომლითაც მომსახურების თანხად განისაზღვრა 1000 ლარი. რ. გ–მ ხელშეკრულების თავის ეგზემპლარში, „1000“ ლარის წინ ყალბად ჩაამატა რიცხვი „1“ და შესაბამისად, მითითებული თანხა გადააკეთა „11000“ ლარად. 2008 წლის 30 ნოემბერს, რ. გ–სა და თ. ბ–ს შვილს - მ. ბ–ს შორის, თ. ბ–სთვის სამოქალაქო სამართლის საქმეში გაწეული მომსახურების გამო, გაფორმდა ხელშეკრულება N.., რომლითაც მომსახურების თანხად განისაზღვრა 1400 ლარი. რ. გ–მ ხელშეკრულების თავის ერთ-ერთ ეგზემპლარში, „1400“ ლარის წინ ყალბად ჩაამატა რიცხვი „1“ და შესაბამისად, მითითებული თანხა გადააკეთა „11400“ ლარად, ხოლო მეორე ეგზემპლარში დატოვა „1400“ ლარი. ჯამურად რ. გ–მ გამოიყენა სამი ხელშეკრულება, საიდანაც ორი იყო გაყალბებული, რითაც საადვოკატო საქმიანობაში მისაღები 2400 ლარის ნაცვლად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და მის პირად ანგარიშზე გადარიცხა 23800 ლარი. შესაბამისად, მან უკანონოდ მიითვისა თ. ბ–ს კუთვნილი ფულადი თანხა - 21400 ლარი. აღნიშნული ქმედებით თ. ბ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა კვირკველიამ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, რ. გ–ის დამნაშავედ ცნობას და მის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. გ–ის დამნაშავედ ცნობას და კანონიერი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე დაიკითხა არაერთი მოწმე, გამოკვლეულ იქნა რიგი მტკიცებულებები (მოწმეების: თ. ბ–ს, მ. ბ–ს, ა. ო–ს ჩვენებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შეთანხმებები საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ N.. და N.., მინდობილობა, სალაროს შემოსავლის ორდერები, ვალუტის გაცვლის ქვითრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება), რომელთა ანალიზის შედეგად, ბრალდების მხარის მოსაზრებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ რ. გ–მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ რ. გ–ის ადვოკატების - ტ. კ–სა და ე. ჩ–ს შესაგებელი და მოითხოვეს რ. გ–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. გ–ის მიერ მითვისების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით არ დასტურდება რ. გ–ის მიერ თ. ბ–ს თანხის მითვისება. თ. ბ–ს ჩვენებით დგინდება, რომ შეუთანხმდა ადვოკატ რ. გ–ს საადვოკატო მომსახურებაზე, თუმცა კონკრეტულ თანხაზე არ შეთანხმებულან, იმდენი უნდა გადაეხადა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. თ. ბ-მ შემდეგ განმარტა, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის უნდა გადაეხადა 2000 დოლარი, შესაბამისად, გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით მისი პოზიციები განსხვავებულია. მოცემული ინფორმაციისაგან განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითებს თ. ბ–ს შვილი, მ. ბ–ე, რომელმაც განმარტა, რომ ორ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც რ. გ–ისათვის უნდა გადაეხადა 2400 ლარი.
9. საქმეში წარმოდგენილია კომპლექსური (გრაფიკული, დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 04.11.2008წ. N.. (11000 ლარი) შეთანხმებაზე საადვოკატო სამსახურის გაწევის შესახებ გრაფაში „მომმართველი“ მ. ბ–ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია თავად მ. ბ–ს მიერ; 04.11.2008წ. N.. (11000 ლარი) შეთანხმებაზე საადვოკატო მომსახურის გაწევის შესახებ არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია შესაბამისი ბეჭდის ქაღალდთან უშუალო შეხებით; აღნიშნულ შეთანხმებაზე თანდართული „.......... ბანკის“ მიერ გაცემულ 2008 წლის 3 დეკემბრით დათარიღებულ სალაროს შემოსავლის ორდერი N..-ზე და ვალუტის გადაცვლის ქვითარი N....... ქვითარზე არსებული ოთხკუთხა შტამპების ანაბეჭდები დატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია შესაბამისი შტამპის ქაღალდთან უშუალო შეხებით; ექსპერტიზაზე წარდგენილ 30.11.2008წ. N.. (1400 ლარი) შეთანხმებაზე საადვოკატო სამსახურის გაწევის შესახებ გრაფაში „მომმართველი“ მ. ბ–ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია თავად მ. ბ–ს მიერ; 30.11.2008წ. N.. (1400 ლარი) შეთანხმებაზე საადვოკატო მომსახურის გაწევის შესახებ არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია შესაბამისი ბეჭდის ქაღალდთან უშუალო შეხებით; აღნიშნულ შეთანხმებაზე თანდართულ „....... ბანკის“ მიერ გაცემულ 2008 წლის 4 ნოემბრით დათარიღებულ სალაროს შემოსავლის ორდერ N..-ზე არსებული ოთხკუთხა შტამპის ანაბეჭდი დატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია შესაბამისი შტამპის ქაღალდთან უშუალო შეხებით; ექსპერტიზაზე წარდგენილ 30.11.2008წ. N23 (11400 ლარი) შეთანხმებებზე საადვოკატო მომსახურის გაწევის შესახებ მ. ბ–ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია თავად მ. ბ–ს მიერ; 30.11.2008წ. N.. (11400 ლარი) შეთანხმებაზე საადვოკატო სამსახურის გაწევის შესახებ არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია შესაბამისი ბეჭდის ქაღალდთან უშუალო შეხებით; აღნიშნულ შეთანხმებაზე თანდართულ „............ ბანკის“ მიერ გაცემულ, 2008 წლის 2 დეკემბრით დათარიღებულ სალაროს შემოსავლის ორდერ N..-ზე და ვალუტის გადაცვლის N...... ქვითარზე არსებული ოთხკუთხა შტამპის ანაბეჭდი დატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია შესაბამისი შტამპის ქაღალდთან უშუალო შეხებით.
10. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის
ქიმიური ექსპერტიზის N...... დასკვნით ირკვევა, რომ:
- შეთანხმებაში საადვოკატო სამსახურის გაწევის შესახებ N.. (2008 წლის 4 ნოემბრის) არსებული ხელნაწერი წარწერები (ობიექტი N.) შესრულებული მოლურჯო-იისფერი მელნით, ხასიათდება ერთნაირი ფერით, ფერის ინტენსივობით და ქიმიური შემადგენლობით. გრაფაში „ჰონორარი“ დატანილი წარწერის: „11000“ ყველა ციფრი შესრულებული მოლურჯო-იისფერი მელნით, ხასიათდება ერთნაირი ფერით, ფერის ინტენსივობით და ქიმიური შემადგენლობით.
- შეთანხმებაში საადვოკატო სამსახურის გაწევის შესახებ N.. (2008 წლის 30 ნოემბრის) არსებული ხელნაწერი წარწერები (ობიექტი N..) შესრულებულია ღია იისფერი მელნით, ხასიათდება ერთნაირი ფერით, ფერის ინტენსივობით და ქიმიური შემადგენლობით. გრაფაში „ჰონორარი“ დატანილი წარწერის: „1400“ ყველა ციფრი შესრულებულია ღია იისფერი მელნით, ხასიათდება ერთნაირი ფერით, ფერის ინტენსივობით და ქიმიური შემადგენლობით.
- შეთანხმებაში საადვოკატო სამსახურის გაწევის შესახებ N.. (2008 წლის 30 ნოემბრის) არსებული ხელნაწერი წარწერები (ობიექტი N..) შესრულებულია მოლურჯო-მოიასამნისფრო ბურთულიანი პასტით, ხასიათდება ერთნაირი ფერით, ფერის ინტენსივობით და ქიმიური შემადგენლობით. გრაფაში „ჰონორარი“ დატანილი წარწერის: „11400“ ყველა ციფრი შესრულებულია მოლურჯო-მოიასამნისფრო ბურთულიანი პასტით, ხასიათდება ერთნაირი ფერით, ფერის ინტენსივობით და ქიმიური შემადგენლობით.
11. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების სიყალბე ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება. კასატორის მითითება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, რ. გ–ს თ. ბ–ს მიმართ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ვერ მიიჩნევა რ. გ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან სასამართლომ შეაფასა ადვოკატის მომსახურეობაში გადახდილი თანხის გონივრულობა, მის მიერ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე