საქმე # 330100120003913791
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №415აპ-21 ქ. თბილისი
დ. ი. 415აპ-21 3 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. დ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება) ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 26 ივლისს, საღამოს, ქ. თ-ი, ა. კ-ს ქუჩა №-ში, ი. დ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას - ა. დ-ს. კერძოდ, წამოიწყო კონფლიქტი და ორჯერ ჩაარტყა ჯოხი ზურგის არეში, რამაც ა. დ-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ი. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ი. დ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 26 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებულმა ი. დ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენი და მოითხოვეს მსჯავრდებულ ი. დ-ს გამართლება.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, 2020 წლის 26 ივლისს, საღამოს, ქ. თ–ი, ა. კ-ს ქუჩა №-ში, ი. დ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას - ა. დ-ს. კერძოდ, წამოიწყო კონფლიქტი და ორჯერ ჩაარტყა ჯოხი ზურგის არეში, რამაც ა. დ-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
4. სსიპ 112-ის დახმარების აუდიოჩანაწერის 2020 წლის 21 აგვისტოს დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა სამსახურებრივი ბარათით დაარქივებული აუდიოჩანაწერის ელექტრონული ფაილი, რომელშიც ჩაწერილია 2020 წლის 26 აგვისტოს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5......... შსს სსიპ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის ამსახველი აუდიოჩანაწერები და ელექტრონული ფაილი სახელწოდებით: 5...... 19:14 საათი. დათვალიერების ოქმის თანახმად, პირი აცხადებს, რომ მისი სახელი და გვარია ა. დ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება აუდიოჩანაწერში მოცემული ხმის კუთვნილება დაზარალებულისადმი (მათ შორის იხ. ტ. 1, ს.ფ. 284-287); ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ა. დ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
5. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება მოწმეების - შ. კ-ის, შ. გ-ს, გ. ტ-ს ჩვენებებს. ამასთან, მოწმეების - შ. კ-ისა და შ. გ-ს ჩვენებების თანახმად: 2020 წლის 26 ივლისს 112-ში შევიდა ა. დ-ს შეტყობინება, რომელიც აცხადებდა, რომ თავისმა ძმამ - ი. დ–მ იატაკის ჯოხით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ ა. დ., რომელიც აცხადებდა, რომ მათი წასვლის შემდეგ ი. დ-მა იატაკის ჯოხი დაარტყა ზურგში, რის გამოც იგი წელს იტკიებდა. მან აიწია მაისური და წელზე წითლად ეტყობოდა დაზიანებები. იქვე ნახეს გატეხილი იატაკის ჯოხი. ამის შემდეგ მათ დააკავეს ი. დ. და შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ა. დ-ს ტკივილი გაუყუჩა.
6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
7. მოწმეების - შ. კ-ისა და შ. გ-ს ჩვენებების ის ნაწილი რომელიც ეხება მათ მიერ უშუალოდ ნანახს - წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კერძოდ, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება პირდაპირია იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულის მდგომარეობას შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს - მათ პირადად დაინახეს დაზარალებულის წელზე არსებული სიწითლე და დაზიანებები.
8. მოწმეების - შ. კ-ის, შ. გ-ს, გ. ტ-ს ჩვენებები ა. დ-ს სხეულზე არსებული დაზიანების წარმოშობის მიზეზის და მიმყენებელი პირის ვინაობის ნაწილში წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს - იატაკის საწმენდი ჯოხის წელის მიდამოში დარტყმას - თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. კერძოდ, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მათ 2020 წლის 26 ივლისს ა. დ-მა უამბო, რომ ძმამ - ი. დ-მა იატაკის ჯოხი ჩაარტყა ზურგში, რის გამოც სტკიოდა წელი.
9. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
10. სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 ივლისს მოქალაქე ა. დ-ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2020 წლის 26 ივლისს ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იატაკის საწმენდი ჯოხი გაარტყა წელის მიდამოში: შემოწმების მომენტში უჩიოდა ტკივილს გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე. ობიექტურად: გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, იღლიის უკანა ხაზზე, დაახლოებით მე-4-5 ნეკნების საპროექციოდ აღენიშნება მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ზომით 3,0x9,0 სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება: გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ, იღლიის უკანა ხაზზე, დაახლოებით მე-2-3 ნეკნების საპროექციოდ, ზომით 2,0x1,5 სმ; მარცხენა თეძოს ძვლის საპროექციოდ, ზომით 8,0x3,5 სმ.
სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის სისწორე სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ. ტ–მა.
11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეების - შ. კ-ის, შ. გ-ს, გ. ტ-ს ჩვენებები) დასტურდება 2020 წლის 26 ივლისს ა. დ-ს სხეულზე დაზიანებების კვალის (სისხლნაჟღენთების) არსებობა, რომელიც შესაძლებელია, განვითარებულიყო იატაკის ჯოხის წელის მიდამოში დარტყმით.
12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური დაზიანების არსებობა დასტურდება 2020 წლის 9 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნით, ექსპერტის დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე; დაზარალებულისა და ბრალდებულის დედამ - ზ. დ-მ - მართალია დაადასტურა დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ქონებრივი დავის არსებობა, მაგრამ უარყო ი. დ-ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მოწმეები - შ. კ-ე, შ. გ. და გ. ტ. - ინფორმაციას დაზიანების გამომწვევი მიზეზის, დროის, ადგილის, ვითარების ან/და დაზიანების შესაძლო მიმყენებელი პირის ვინაობის შესახებ ფლობენ დაზარალებულისგან; ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობითაც არ დასტურდება ა. დ-ს სხეულზე არსებული დაზიანების მიყენება მსჯავრდებული ი. დ-ს მიერ - არ არსებობს ი. დ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების კანონისმიერი საფუძველი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენი ი. დ-ს მიმართ;
3. ი. დ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4. ი. დ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
5. გამართლებულ ი. დ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მუქი ფერის საფულე, მასში მოთავსებული პირადი ნივთებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საწმენდი ჯოხი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე