ას-940-1185-04 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: შრომის დაცვის წესების (ინსტრუქციის) დარღვევის აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 30 ივლისს ა. ა.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფ. ი.-ის მიმართ და მოითხოვა შკკ-ის 144-ე და სსკ-ის 180-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხის მიერ შრომის დაცვის წესების (ინსტრუქციის) დარღვევის აღიარება. მოსარჩელის განმარტებით, 2000წ. 26 ნოემბერს მოპასუხემ ბათუმის ნავთობბაზიდან რეზერვის ლიანდაგებში ვაგონცისტერნების დაყენებისას არ დაიცვა საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლოატაციის წესების 15.23 და 15.24 მუხლების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, რის გამოც მოსარჩელემ მიიღო ფიზიკური დაზიანება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით ა.ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, ხოლო დაზიანება განაპირობა ა.ა.-ის მიერ წინდახედულობის ნორმების დარღვევამ. კოლეგიის აზრით, უსაფუძვლოა მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 180-ე მუხლზე მითითება, რადგან ამ ნორმით გათვალისწინებული არც ერთი გარემოების აღიარებას ადგილი არ ჰქონდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ა.-ის წარმომადგენელმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო ბათუმიის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ფ.ი.-ემ საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 15.23-ე და 15.24-ე მუხლების მოთხოვნები დაარღვია. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით უდავოდაა დადგენილია, რომ ფ.ი.-ს, ასევე, რკინიგზის სხვა მუშაკებს რაიმე ბრალეული ქმედება არ ჩაუდენიათ. გარდა ამისა, საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები არ აკისრებს პასუხისმგებლობას მანევრების ხელმძღვანელს იმ პირის დაზიანებისთვის, რომელიც ცდილობდა წინდახედულობის ნორმების დარღვევით ვაგონცისტერნების ქვეშ გაძვრომას. ზემოთ აღნიშნული წესების 15.23-ე და 15.24-ე, ასევე, 11.17-ე მუხლით, მანევრების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს უშუალოდ მოძრაობისა და ამ მოძრაობაში მონაწილე პირთა უსაფრთხოება. ა.ა.-ი კი სარკინიგზო მანევრებში არ მონაწილეობდა. პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა.ა.-ის სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის მოტივაცია არ შეესაბამება სკ-ის 180-ე მუხლის შინაარსს, რადგან აპელანტიმა ვერ მიუთითა იმ იურიდიული ინტერესის არსებობაზე, რომლის გამოც მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შრომის დაცვის წესების დარღვევის აღიარება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ა.-ის წარმომადგენელმა გ.გ.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები, არასწორად განმარტა ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 15.23-ე და 15.24-ე მუხლები, რითაც დაირღვა სსკ-ის 105-ე და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის მოთხოვნები. საქართველოს ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 15.23-ე და 15.24-ე მუხლების, ასევე საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლის მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ინსტრუქციის 11.13-ე და 11.20-ე მუხლებში საუბარია მანევრის ხელმძღვანელის მიერ სამანევრო სამუშაოს წარმოებისას მოძრაობის უსაფრთხოების დაცვაზე არა მანევრებში მონაწილე პირთა მიმართ, არამედ _ სხვა გარეშე პირთა მიმართაც. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა და უშუალოდ სარჩელის მოტივაცია არ შეესაბამება სკ-ის 180-ე მუხლის შინაარსს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც კი სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპრცესო კოდექსის მე-7 მუხლი და კანონის ანალოგიის საფუძელზე დაეკმაყოფილებინა კასატორის მოთხოვნა. სასამართლოს მიერ მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მათ უფლება მიეცემოდათ, ახალი სარჩელი აღეძრათ შპს „ს.-ის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
2000წ. 26 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის სადგურის სამატარებლო ბრიგადა თბომავლის მეშვეობით ატარებდა სამანევრო სამუშაოებს. მანევრის შემდგენლის ფუნქციას ასრულებდა ფ.ი.-ე. ა.ა.-მ სარკინიგზო შემადგენლობის დროებით შეჩერებისას ვაგონცისტერნების ქვეშ გაძრომით სცადა მოპირდაპირე მხარეს გადასვლა, რა დროსაც შემადგენლობა მოულოდნელად დაიძრა და ვაგონცისტერნებმა ა.ა.-ს გადაუარა ფეხებზე, რამაც გამოიწვია წვივის არეში მათი ამპუტაცია. აღნიშნულ ფაქტზე მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც ა.ა.-ა გაასაჩივრა სასამართლოში. საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 19 თებერვლის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 1 ივლისის დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული. საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარკინიგზო ბრიგადის წევრებს ბრალეული ქმედება არ ჩაუდენიათ და მოქალაქე ა.ა.-ის დაზიანება განაპირობა მის მიერვე წინდახედულობის ნორმების დარღვევამ. საკასაციო პალატამ აქვე განმარტა, რომ პასუხიმგებლობის საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს პირის ბრალეული ქმედება და არა სამუშაოს შესრულების სახე და ხასიათი, რითაც არ გაიზიარა კერძო საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის ბრალეულობის მიუხედავად, ტრანსპორტის მუშაკი ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს დამდგარი შედეგისათვის.
ასევე დადგენილია, რომ ა. ა.-ის სარჩელის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ფ. ი.-ის ქმედების შრომის დაცვის ინსტრუქციის დარღვევად აღიარება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის 15.23, 15.24 მუხლებით მანევრების ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოძრაობისა და მანევრებში დასაქმებული მუშაკების პირადი უსაფრთხოება. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ამავე წესებით მანევრების ხელმძღვანელს ვალდებულება გარეშე პირთა უსაფრთხოების დაცვაზეც აკისრია. ამასთან, ასეთი ვალდებულების არსებობა ცალსახად არ განაპირობებს, რომ ნებისმიერი სარკინიგზო შემთხვევის საფუძვლად მიჩნეულ იქნეს ზემოხსენებული პირის მიერ შრომის დაცვის ინსტრუქციის დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის განჩინებით დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ ა. ა.-ის დაზიანებაში ბრალი ფ. ი.-ეს არ მიუძღვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის სარჩელის საფუძველს იმ გარემოების გამოც, რომ ფ. ი.-ის მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობის არაჯეროვანი შესრულება არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ფ.ი.-ის მიერ შრომის დაცვის ინსტრუქციის დარღვევა, ანუ მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებული არ არის, თუ კონკრეტულად რა არ შესრულდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ და, საერთოდ, რამდენად შესაძლებელი იყო ა. ა.-ის მოქმედების აღკვეთა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად დაასკვნა, რომ ფ. ი.-ს შრომის დაცვის ინსტრუქცია არ დაურღვევია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ა.-ის წარმომადგენელი გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.