ას-94-781-03 11 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 27 მაისს მ. გ-მა ნ., ლ. და ნ. დ-ებს 11 თვის ვადით ასესხა 18270 აშშ დოლარი, რაც 36540 ლარს შეადგენს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ..... მდებარე მოვალეების კუთვნილი ბინა.
ლ., ნი. და ნ. დ-ებმა არ შეასრულეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მ. გ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციისა და მიღებული თანხიდან ვალის დაფარვის შესახებ.
ნ. დ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ლ. და ნი. დ-ების, მ. გ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა იპოთეკით დატვირთული ბინის აუქციონზე რეალიზაცია და 11571 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადაცემა. ნი. დ-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მოპასუხეების კუთვნილი ბინის აუქციონზე რეალიზაციისა და მიღებული თანხიდან მოსარჩელის მიერ 18270 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადაცემის შესახებ.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2002წ. 20 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ., ნი. და ლ. დ-ების საკასაციო საჩივარი და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2002წ. 9 აგვისტოს ჩატარებულ იძულებით აუქციონზე მოპასუხეების საცხოვრებელი ბინა 18300 ლარად შეიძინა მ. გ-მა, რომელიც ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ბინის მესაკუთრედ.
2002წ. სექტემბერში მ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ., ლ. და ნი. დ-ების მიმართ აუქციონზე შეძენილი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ. მ. გ-მა მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რადგან აღსრულების დაყოვნებით შეიძლებოდა განეცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
2003წ. 123 დეკემბერს ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხე მხარის საჩივრის საფუძველზე გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განაახლა საქმის წარმოება და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა. გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ნ. დ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
ნ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ მისი სარჩელის განხილვამდე შეჩერებული უნდა ყოფილიყო ბინიდან გამოსახლების საქმის წარმოება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ., ლ. და ნი. დ-ების 18270 აშშ დოლარის ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად 2002წ. 9 აგვისტოს ჩატარებულ იძულებით აუქციონზე მ. გ-მა 12000 ლარად შეიძინა იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ..... მდებარე ¹24 ბინა.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 9 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე მ. გ-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა აღნიშნული ბინის მესაკუთრედ.
სკ-ს 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ესე იგი რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
იპოთეკით დატვირთული ბინის გასხვისებისას კანონის დარღვევის ან რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი.
სკ-ს 303-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა, გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა. ნ. დ-ს და მისი ოჯახის წევრებს არ მოუთხოვიათ იპოთეკით დატვირთულ ბინაში დამქირავებლად დარჩენა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბინიდან გამოსახლების საქმის განხილვა შეჩერებული უნდა ყოფილიყო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის განხილვამდე. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომ ამ დროისათვის სასამართლოში იხილებოდა სარჩელი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სასამართლომ დაადგინა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე იყო ორსულად და ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში.
ასეთ პირობებში სააპელაციო პალატა სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სკ-ს 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.