Facebook Twitter

საქმე # 010140421900139613

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4371-21 5 ნოემბერი, 2021 წელი

შ. დ., 4371-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. შ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 23 მარტს საქართველოს შსს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის № საქმეზე, .. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის № საქმეზე 2020 წლის 23 მარტს მოწმის სახით გამოიკითხა დ. შ., ხოლო 2020 წლის 7 აპრილს - ვ. კ.

3. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით ვ. კ. ცნობილ იქნა დაზარალებულად.

4. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას განცხადებით მიმართა ვ. კ-მ და, როგორც საქმეზე დაზარალებულმა, თანხმობა განაცხადა, რომ დ. შ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

5. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით:

ü სისხლის სამართლის № საქმეზე შეწყდა გამოძიება, ვინაიდან გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც დ. შ-ს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ü საქმეზე ამოღებული ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით ..) უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება გაასაჩივრა დ. შ-მ, რომელიც ითხოვს სისხლის სამართლის № საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილების გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის არსებითი დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული - სასჯელისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პრეამბულაში მითითებულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ასევე დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ან უფრო მსუბუქი სასჯელით ეცვლებათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ), ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამნისტიის სუბიექტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ბრალდებული, მსჯავრდებული ან სასჯელმოხდილი და შეუძლებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს პირი, რომლის მიმართ არ განხორციელებულა სისხლისსამართლებრივი დევნა.

7. სისხლის სამართლის № საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. შ. 2020 წლის 23 მარტს გამოიკითხა მოწმის სახით, თუმცა იგი ბრალდებულად არ ყოფილა ცნობილი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, რისი მხედველობაში მიღებითაც, დ. შ-ს მიმართ, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეში ჰქონდა მხოლოდ მოწმის სტატუსი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მის გათავისუფლებას არ აქვს კანონიერი გამართლება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება უკანონოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს, ხოლო დ. შ-ს მიმართ არ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას 2021 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს გამოძიებისათვის;

3. დ. შ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდეს;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი