საქმე # 190141121004313146
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №4411-21 24 ნოემბერი, 2021 წელი
კ. მ., 4411-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის განაჩენით მ. კ.,– დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-18,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო 109-ე მუხლის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 3000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განაჩენით შეიცვალა: მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-18,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განაჩენი მ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ) დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ვ“ პუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 6 თვე, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი და 6 თვე, ხოლო მე-18,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან – 4 წელი და მ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ) მსჯავრდებულ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ვ“ პუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის პროპორციული წილიდან - 14 წლითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს – 12 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის პროპორციული წილიდან – 5 თვე და 15 დღე, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილიდან – 1 წელი, 4 თვე და 20 დღე, ხოლო მე-18,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილიდან – 3 წელი, 6 თვე და 7 დღე და საბოლოოდ მ. კ-ს განესაზღვრა 17 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. 2021 წლის 27 იანვარს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ მ. კ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
9. მსჯავრდებული მ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მოსამართლემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხედველობიდან საერთოდ გამორჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენი, რომლითაც დაზუსტდა მის მიმართ შეფარდებული სასჯელი, რის შემდეგაც საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენის მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის განსაზღვრული სასჯელის წილი შეადგენს 5 თვესა და 5 დღეს, რომლის მოხდისგანაც უნდა გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. კ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია: საქართველოს სსკ-ის მე-18,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დანაშაულთა ერთობლიობით); 109-ე მუხლის „ა“, „ვ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, რომელთა მიმართაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამავე გააჩენით იგი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ძველი რედაქცია) და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია), რომელთაგან 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რომელიც წარმოადგენს ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას) ასევე არ ვრცელდება რაიმე სახის შეღავათი. რაც შეეხება 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) შეფარდებულ სასჯელს, რის შესახებაც კასატორი აპელირებს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განაჩენით ირკვევა, მას ამ მუხლით მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის, რაც წარმოადგენს სსკ-ის 236-ე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რის გამოც მ. კ-ს მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) შეფარდებულ სასჯელზე ასევე კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.
4. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ) განსაზღვრული სასჯელი, აღნიშნული განაჩენი არ ცვლის ზემოაღნიშნულ მოცემულობას და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების საფუძველს.
5. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი