Facebook Twitter

საქმე # 140100118002622946

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №452აპ-21 ქ. თბილისი

გ. გ. 452აპ-21 24 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ს საავტომობილო გზაზე გ. გ–ე მოძრაობდა „მერსედეს ბენცი .........-ის“ მოდელის სატვირთო მიკროავტობუსით, სახელმწიფო ნომრით „..........“, რომელსაც ბუქსირით მიჰყავდა მწყობრიდან გამოსული „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით „NN-......“. გ. გ–მ მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო მიკროავტობუსს გვერდიდან შეეჯახა „დაევო მატიზის“ მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „.......“, რომელსაც მართავდა ქ. ჯ–ი. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქ. ჯ–ის მგზავრი, 3 წლის გ. ჯ–ი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გაანალიზების, ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად გ. გ–ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი საჩივრით ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილი რედაქცია) დამნაშავედ ცნობას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენს საკასაციო წესით ასაჩივრებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილი რედაქცია) დამნაშავედ ცნობას.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ–ს გამართლება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საქმის არსებითი განხილვისას ცალსახად დადგინდა და აღნიშნულ გარემოებებს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს, სოფელ ვ-სთან არსებულ საავტომობილო გზაზე, გ. გ–ე მოძრაობდა „მერსედეს ბენცი .....-ის“ მოდელის სატვირთო მიკროავტობუსით, რომელსაც ბუქსირით მიჰყავდა მწყობრიდან გამოსული „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო მიკროავტობუსი. ამასთან, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა ე. ს–ი, გვერდიდან შეეჯახა „დაევო მატიზის“ მოდელის ავტომობილი, რომელსაც მართავდა ქ. ჯ–ი. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქ. ჯ–ის მგზავრი, მისი შვილი - 3 წლის გ. ჯ–ი.

11. მხარეებს შორის დავის საგანია საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა გ. გ–მ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული საკითხის გასარკვევად უნდა დადგინდეს, დაარღვია, თუ არა გ. გ–მ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები და არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტების კომპეტენციას წარმოადგენს მტკიცებულებებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინონ: ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რა მოთხოვნები დაირღვა; შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მან საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომლებსაც მას ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.

12. კასატორის მტკიცებით გ. გ–ე მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფით მოქმედებდა და მას მოცემულ შემთხვევაში შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ დანიშნული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები, 2019 წლის 12 მარტის პროკურორის დადგენილებით დაინიშნა განმეორებითი კომპლექსურ-კომისიური ავტოტექნიკური, ავტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (იხ. ტ.2, ს.ფ.24, დოკუმენტი N .......), თუმცა ექსპერტები ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე და მომზადდა ორი ურთიერთწინააღმდეგობრივი დასკვნა. კერძოდ: შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 19 ნოემბრის N..... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. გ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტს, 45-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა (იგივე იქნა დადგენილი შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017წლის 24 ივლისის N.... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით); ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2019 წლის 31 დეკემბრის N..... სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ტექნიკური თვალსაზრისით არ იყო დამოკიდებული მძღოლ გ. გ–ს მოქმედებაზე და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება. დასკვნის თანახმად, მართალია გ. გ–ს ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს, აღნიშნული მიზეზობრივ კავშირში არ არის მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარებასთან (იგივე იყო დადგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019წლის 11 იანვრის N.......... სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კვლევისას გამოიყენა „მერსედეს-ბენცის“ და მასზე ბუქსირით ჩაბმული მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტის“ მოძრაობის სიჩქარე - 25კმ/სთ (ამასთან ექსპერტ დ. გ–ს განმარტებით, თუ გ. გ–ს მიერ მანევრის შესრულება მოხდებოდა განსხვავებული სიჩქარით აღნიშნული ზეგავლენას არ მოახდენდა დასკვნის შედეგზე) და საფრთხის წარმოქმნის მომენტად განსაზღვრა მიკროავტობუს „ფორდ-ტრანზიტის“ მძღოლის მიერ სიჩქარის შემცირების მომენტი, ხოლო შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კვლევაში გამოიყენა 2017წლის 3 აპრილს ქ. ჯ–ის უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით მიღებული მონაცემები, რომელთა თანახმად, ქ. ჯ–მ ავტომობილების ბუქსირება და ლითონის ბარიერი/ბაგირი დაინახა 44 მეტრი მანძილიდან.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 19 ნოემბრის N... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზები ჩატარებულია ავტოტექნიკური ექსპერტიზის მეთოდიკის დაცვით და დასკვნების შედეგების განსხვავებულობა განპირობებულია იმ საწყისი მონაცემებით, რაც ექსპერტებმა გამოიყენეს კვლევის პროცესში. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევისას ექსპერტი დაეყრდნო მიკროავტობუს “მერსედეს-ბენცის“ და მასზე ბუქსირით მიბმული მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტის“ მოძრაობის სიჩქარეს 25კმ/სთ-ს და საფრთხის წარმოქმნის მომენტად განსაზღვრულია მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლის მიერ სიჩქარების შემცირების მომენტი, ხოლო შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტი თავის კვლევაში იყენებს საგამოძიებო ექსპერიმენტით განსაზღვრულ მონაცემს (მანძილს საიდანაც ავტომობილ „დაევოს“ მძღოლმა დაინახა მის სამოძრაო ზოლში მოძრავი მიკროავტობუსები) ( იხ. ტ.2.ს.ფ.39).

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ერთი მხრივ, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 21 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული ავტოტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო, მათ შორის იმ საკითხის დადგენა, შეეძლო თუ არა მძღოლ ქ. ჯ–ს დაენახა, რომ ავტომობილ ,,მერსედესს“ ბუქსირის გამოყენებით მიჰყავდა ავტომობილი ,,ფორდ ტრანზიტი“ 50 მეტრი მანძილიდან და უარყოფით შემთხვევაში - რა მანძილიდან შეეძლო დაენახა; ხოლო, მეორე მხრივ, 2017 წლის 3 აპრილის მითითებული საკითხის გასარკვევად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა თავად ქ. ჯ–ისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით, რომლისთვისაც, გარდა იმისა, რომ წინასწარ ცნობილი იყო მოვლენების განვითარების სქემა, ასევე ცნობილი იყო, რომ ბარიერის დანახვის მანძილის განსაზღვრა პირდაპირ უკავშირდებოდა იმ საკითხის გადაწყვეტას - შეეძლო თუ არა მას ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და შესაბამისად, დაარღვია თუ არა მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალურადაა გაანალიზებული ერთი მხრივ, ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და, მეორე მხრივ, ის არგუმენტები, თუ რატომ ჩათვალა საგამოძიებო ექსპერიმენტი კანონის დარღვევით ჩატარებულად, რომლის მონაცემებსაც ეყდნობა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევა და დასკვნა. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი