Facebook Twitter

საქმე # 330100119003081351

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №456აპ-21 ქ. თბილისი

თ. ა. 456აპ-21 2 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ა. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ა. ო–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე

მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ო. 2019 წლის 27 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ვ–ი №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ......ს ქუჩის სიახლოვეს, ლიანდაგების გვერდით არსებულ მიტოვებულ შენობასთან, დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ა. თ–სთან ერთად, თავს დაესხა ა. მ–ს, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, “..........ს“ ბრენდის მაჯის საათი და სიგარეტის ჩასადები ლითონის ყუთი. ა. ო–სა და ა. თ–ს დანაშაულებრივი ქმედებით ა. მ–ს მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით:

ა. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლის, 11 თვისა და 27 დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ო–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა აკად. ...........ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (..........), გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.

ა. ო–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 28 მაისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ა. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. თ–ის დამნაშავედ ცნობას - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ა. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. თ–ის დამნაშავედ ცნობას - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ა. თ–ისა და ა. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ქ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. თ–ისა და ა. ო–ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული არ არის.

8. კასატორის მითითებით, მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა ა. მ–მ სასამართლოში დაადასტურა, რომ 2019 წლის 27 მაისს, საღამოს საათებში, სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნების მიზნით მივიდა მეტროსადგურ „..........თან“, რა დროსაც მიუახლოვდა ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი გაეცნო გ–ს სახელით. აღნიშნულმა პირებმა მას მოსთხოვეს, გაჰყოლოდნენ მიფარებულ ადგილზე, თუმცა დეტალები ვერ გაიხსენა, რადგან რამდენიმე თვე იყო გასული. სასამართლოს წინაშე დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობის ფაქტი საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში. ა. ო–სა და ა. თ–ის ამოცნობების ჩამტარებელმა, დ.-ჩ-ს მე-.. განყოფილების გამომძიებელმა ზ. გ–მ დაადასტურა, რომ ა. მ–ს ამოცნობისას ახსოვდა ორივე ბრალდებულის გარეგნული ნიშან-თვისებები და ეჭვგარეშე ამოიცნო ისინი, ხოლო საგამოძიებო მოქმედებების ოქმების (ამოცნობა, საგამოძიებო ექსპერიმენტი, გამოკითხვა) სისწორე დაადასტურა ყოველგვარი შენიშვნის გარეშე.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოცემულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ პირთა ამოცნობაში სავარაუდოდ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამოიცნო თუ არა, არ ახსოვს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:24:40 – 16:24:55). ამასთან, დაზარალებულის მიერ ა. თ–ისა და ა. ო–ს ამოცნობის ოქმები არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პირი, კერძოდ, ა. მ.

10. სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ ა. მ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა), რომელიც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. დაზარალებულმა მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ არ ახსოვს, რა მოხდა 2019 წლის 27 მაისს, სამსახურიდან მოდიოდა, მივიდა „..........ზე“, საღამოს საათები იყო, შემდეგ ეწეოდა, შემდეგ რა მოხდა, აღარ ახსოვს. როდესაც ეწეოდა, ვიღაც პიროვნება მოვიდა მასთან, მაგრამ ესენი იყვნენ თუ ვინ იყვნენ, არ ახსოვს. ეს ორი პიროვნება არ მოსულა. არ ახსოვს, რა უთხრეს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:01:57 – 16:02:52). საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობასთან მიმართებით კი განმარტა, რომ მას არაფერში მიუღია მონაწილეობა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:23:42 – 16:24:04).

11. პროკურორი მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულ ა. მ–ს გამოძიების დროს მიცემული გამოკითხვის ოქმი. დაზარალებულმა ჩვენებისას არ უარყო ბრალდებულების - ა. თ–ისა და ა. ო–ს მიერ მისი დაყაჩაღების ფაქტი და განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ნივთები წაართვეს.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროკურორის მოცემული მსჯელობა არ შეესაბამება დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მითითებულ ინფორმაციას, რადგან მოწმემ განმარტა, რომ ტელეფონი, საათი და სიგარეტის ჩასადები დაკარგა თუ წაართვეს, არ ახსოვს. მისი ნივთები წაიღო ვიღაცა „გ–მ“, გვარი არ ახსოვს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:02:58 – 16:03:33). ა. მ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით გამოქვეყნების შემდეგ მოწმემ პროკურორის კითხვაზე: ვერცერთ ხელმოწერას ვერ ადასტურებთ? მიუთითა, რომ არ იცის, მისი ხელმოწერაა თუ არა, ხელს სხვადასხვანაირად აწერს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:37:50 – 16:38:30)

13. კასატორი უთითებს, რომ გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა დეტალურად აღწერა როგორც ბრალდებულების ჩაცმულობა დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე მისი კუთვნილი ნივთების ინდივიდუალური მახასიათებლები. მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მის კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს დაეუფლა ა. ო., ხოლო მაჯის საათი ხელიდან დანის მუქარით ასევე მოხსნა ა. ო–მ, რომელიც შემდეგ გადასცა ა. თ–ს. სიგარეტის ჩასადებ ყუთსა და მასში არსებულ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ა. თ–ი.

14. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის მოცემულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რადგან დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე არ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში(საგამოძიებო ექსპერიმენტი, პირის ამოცნობა) მისი მონაწილეობა, მითითებულ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა კი მიიჩნია საეჭვოდ.

15. პროკურორმა მიუთითა, რომ სასამართლოში დაკითხულმა გამომძიებლებმა ი. გ–მ და გ. ქ–მ დაადასტურეს საკუთარი მოქმედებების სისწორე, კანონთან შესაბამისობა და აღნიშნეს, რომ ა. ო–საგან ჯინსის შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც შემდგომ ამოიცნო დაზარალებულმა ა. მ–მ, ხოლო მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს დასაკეცი დანა, რომელიც ა. ო–მ გამოიყენა დაზარალებულზე თავდასხმას. ხოლო გამომძიებლებმა გ. მ–მა და ზ. დ–მა დაადასტურეს, რომ ა. თ–ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „ტომი ჰილფიგერის“ ფირმის მაჯის საათი, ხოლო მისი ბინის ჩხრეკისას - სიგარეტის ჩასადები ყუთი, რომელიც ასევე ამოიცნო დაზარალებულმა (ამოცნობის ოქმები ხელმოწერილია დაზარალებულის მიერ).

16. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული ვერ მიუთითებს თავისი ნივთები(ტელეფონი, მაჯის საათი და სიგარეტის ჩასადები) დაკარგა, ვინმეს გაატანა თუ როგორ აღმოჩნდა ა. თ–სა და ა. ო–სთან, მხოლოდ მოცემული ნივთების ჩხრეკის შედეგად ბრალდებულებისაგან ამოღების ფაქტი ვერ შექმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს პირის მსჯავრდებისათვის. ამასთან, მოწმემ თავისი ნივთების ამოცნობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ახსოვს, რომ ნივთები, რომლებიც მან დაკარგა იყო ტელეფონი და საათი, მაგრამ რა ტელეფონი იყო, არ იცის, არც ის იცის რა საათი იყო, რადგან დიდი ხანი არ ატარებდა მათ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:42:44 – 16:43:15).

17. ბრალდების მხარე ასევე მიუთითებს, სასამართლოში გამოკვლეულ 2019 წლის 27 მაისით დათარიღებულ ვიდეოჩანაწერებზე, სადაც კადრში ჩნდება სამი მამაკაცი. ჩანაწერებში მარჯვნიდან პირველ რიგში მოძრავი მამაკაცი არის ა. მ–ი, რომელსაც მარცხენა ხელის მაჯაზე უკეთია საათი. შუა რიგში მოძრავი პირი არის ა. ო., რომელსაც აცვია შავი მაისური და შავი შარვალი. სამივე პირი მიემართება ე.წ. „........ის“ მიმართულებით, რა დროსაც ა. თ–ი ა. მ–ს სთხოვს სიგარეტს და განაგრძობენ მოძრაობას .......ს ქუჩის სიახლოვეს.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე ასახულია მხოლოდ სამი პირის ერთად გადაადგილება, ჩანაწერებში არ ჩანს ა. თ–ისა და ა. ო–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, მოცემული ვიდეოჩანაწერის და ჩხრეკის ოქმების საფუძველზე უტყუარად იმის დადგენა, რომ ა. თ–მ და ა. ო–მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, იმ პირობებში როდესაც ვერ დგინდება ვერც აღნიშნული ნივთების კუთვნილება დაზარალებულისადმი და არც დაზარალებულის მიერ აღნიშნულ პირთა ამოცნობა - შეუძლებელია.

19. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე