Facebook Twitter

საქმე # 330100119003044558

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №457აპ-21 ქ. თბილისი

ბ. გ. 457აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ., - დაბადებულს 1.... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ” და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის.

2019 წლის 3 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. მდებარე ლ. ძ. საცხოვრებელ ბინა N.., უკანონოდ შეაღწია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევმა გ. ბ–მ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ. ძ–ს კუთვნილ ხელჩანთას, მასში არსებულ 20 ლარად ღირებულ საფულეს, 15 ლარამდე ფულად თანხას და პლასტიკურ ბარათებს, მათ შორის „...... ბანკის“ „MasterCard EXPRESS“-ის სახელფასო ბარათს (ბოლო ოთხი ციფრი ...... რომლის ანგარიშის ნომერია G......... აღნიშნული ბარათის გამოყენებით მან შპს „.......“ სუპერმარკეტში შეიძინა 10.75 ლარად ღირებული პროდუქცია. გ. ბ–მ ასევე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ. ძ-ს შვილის - ა–ს კუთვნილ, 45 ლარად ღირებულ ჩანთას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით:

გ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 1 მაისიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით:

5.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

5.2. მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

5.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენში გ. ბ-ს მიმართ შევიდა ცვლილება:

გ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 1 მაისიდან.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ. ბ–ს განაჩენის გამოტანის მომენტისთვის დანიშნული სასჯელი მოხდილი ჰქონდა და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას - გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. ბ. უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20). „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრიციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ“(იხ.: იქვე, II-22).

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გ. ბ–ს მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) ნიშნებს, ვინაიდან ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური ნიშანია მისი ფარული ხასიათი, ხოლო სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას პირი ახორციელებდა ფარულად, რაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. „ნივთის მესაკუთრის მფლობელობიდან გამოსვლის შემდგომ ანუ მისი დაკარგვის შემდეგ, ამ ნივთის დაუფლება ვერ შეფასდება ქურდობად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინება საქმეზე N358აპ-17).

4. მიუხედავად იმისა, რომ გ. ბ-ს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ნივთის პოვნის შესახებ ნივთის დამკარგავის, მესაკუთრის ან პოლიციისათვის, მსჯავრდებულმა თავისად დაიგულა ნაპოვნ ნივთზე განკარგვის უფლება და დაუფლებული პლასტიკური ბარათის გამოყენებით შპს „.........ს“ სუპერმარკეტში შეიძინა 10.75 ლარად ღირებული პროდუქცია.

5. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, გ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებულ უფლებად ითვლება უფლება, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ითვლება მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან განხორციელების კანონმდებლობით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. თუ პირმა იცის, რომ უფლება რომელსაც ის ახორციელებს მას არ ეკუთვნის თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინება საქმეზე N 173აპ-21). ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი.

6. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით (გ. მ., ე., ზ .ლ., დ. გ., მ. კ., მ., ბ. ბ. ჩვენებებით, ე. გამოქვეყნებული ჩვენების, 2019 წლის 24 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, 2019 წლის 25 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ბ-მ ჩაიდინა თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება. კერძოდ, გ. ბ- ს ნაპოვნი - ლ. ძ. კუთვნილი - ..........ს ბანკის სახელფასო ბარათი თავისად დაიგულა და გამოიყენა - შპს „.........ის“ სუპერმარკეტში შეიძინა 10.75 ლარად ღირებული პროდუქცია - მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, გ. ბ. დაუყოვნებლივ უნდა განეცხადებინა აღნიშნულის შესახებ ნივთის დამკარგავის, მესაკუთრის, უფლებამოსილი პირის, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია – პოლიციის ან სხვა ადგილობრივი ორგანოსათვის და გადაეცა ეს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მპოვნელი ნაპოვარ ნივთზე საკუთრების უფლებას იძენს განცხადების გაკეთებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ გარდა იმ შემთხევევისა, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. გ. ბ–მ იმოქმედა აღნიშნული წესის საწინააღმდეგოდ და შეუდგა თავისად დაგულებული უფლების განხორციელებას, მიუხედავად იმისა რომ მისთვის ცნობილი იყო საბანკო ბარათის სხვა პირისადმი კუთვნილება.

7. იმავდროულად, სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას და გ. ბ. მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის შედეგით დაფუძნებული მატერიალური შემადგენლობა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მნიშვნელოვან ზიანთან მიმართებით, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულისათვის სახელფასო ბარათის ზოგად მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე და არა კონკრეტულად მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ბარათის მფლობელისათვის მიყენებულ ზიანზე. საქართველოს სსკ-ის ოცდამეხუთე თავით გათვალისწინებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან განსხვავებით, სადაც ქმედებით გამოწვეული ზიანის მნიშვნელობა საკანონმდებლო წესით არის განსაზღვრული, თვითნებობის შემთხვევაში ზიანის ოდენობა და ხასიათი (მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი) სასამართლოს შეფასების საგანია და განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის 173აპ-21 განჩინება). მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არაქონებრივი - მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახელფასო ბარათი არ წარმოადგენდა ლ. ძ. ისეთ საშუალებას, რომლის გარეშეც ის ვერ შეძლებდა საკუთარ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის განკარგვას ან სარგებლობას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება, რომ საბანკო ბარათის მფლობელობიდან გასვლამ მესაკუთრეს დაბრკოლება შეუქმნა სხვა საბანკო სერვისებით სარგებლობაში და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ან საბანკო ბარათის აღდგენა დაკავშირებული იყო ლ. ძ-თვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებასთან (მაგ, დროითი, მატერიალური დანახარჯები და ა.შ.). შესაბამისად, ვინაიდან როგორც წესი, საბანკო ბარათის აღდგენა არ არის დაკავშირებული პროცედურულ სირთულეებსა და დიდ ხარჯებთან, ასევე არ დასტურდება რომ საბანკო ბარათის აღდგენამდე მესაკუთრეს შეეზღუდა სახელფასო ანგარიშზე რიცხული თანხის გამოყენების შესაძლებლობა - მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება დაზარალებულისთვის ისეთი მოცულობის ზიანის მიყენება (მნიშვნელოვანი ზიანი), რომლის არსებობაც სავალდებულოა ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის. სასამართლო მნიშვნელოვან ზიანად ვერ შეაფასებს ასევე შპს „...........ში“ გ. ბ. მიერ დახარჯულ თანხას - 10.75 ლარს, ვინაიდან არ დგინდება დაზარალებულის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე მისთვის აღნიშნული თანხის მნიშვნელობა; საკითხი არ იქნა გამოკვლეული არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის ფარგლებში. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ლ. ძ. განმარტა, რომ „საქართველოს ბანკის“ საბანკო ბარათზე ჰქონდა დაახლოებით 15 ლარამდე თანხა.

9. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ერთი-ერთი ნიშნის არსებობა - გ. ბ–ს ქმედებით დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, გ. ბ. ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი გ. ბ–ს მიმართ;

3. გ. ბ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში;

4. გამართლებულ გ. ბ–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოები 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, გ. ბ-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, გ. მ-ს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, ვიდეოჩანაწერის ამსახველი 1 ცალი კომპიუტერული დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე