საქმე # 140100119003223661
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №458აპ-21 ქ. თბილისი
კ. ნ. 458აპ-21 25 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. კ–ი, - დაბადებულის 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: 1. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველო სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; 2. განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით; 3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 4. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ. კ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ივნისიდან;
მსჯავრდებულ ნ. კ–ს 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი საჩივრით ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დამნაშავედ ცნობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მიხეილ ბერიაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გამამტყუნებელ განაჩენში ნ. კ–ის მიმართ შევიდა ცვლილება:
ნ. კ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
ნ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ნ. კ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ივნისიდან;
ნ. კ–ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს საკასაციო წესით ასაჩივრებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დამნაშავედ ცნობას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ნ. კ–ის მსჯავრდება არ არის სადავო მხარეებს შორის და საკასაციო საჩივრის დასაბუთებაც არ მიემართება აღნიშნულ დანაშაულში მსჯავრდების საკითხს. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) -საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლო ეთანხმება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.
8. მხარეებს შორის დავას არ იწვევს, რომ მსჯავრდებულმა 2019 წლის 6 ივნისს, შ. ჯ. ო–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ორლულიანი თოფიდან გაისროლა შ. ჯ. ო–სა და მისი მეუღლის - მ. ბ–ს მიმართულებით. შ. ჯ. ო. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მ. ბ–მ იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვების მოქმედებით მიიღო დაზიანებები, რომლებიც ერთად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს - მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის საკითხი.
9. ბრალდების მხარის მტკიცებით, ნ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ნ. კ–ის მიერ შ. ჯ. ო–ს მკვლელობის მოტივი - შურისძიება. კერძოდ, დაზარალებულ მ. ბ–ს და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ბ. შ. ო–ს ჩვენებებით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის 1992 წლის 6 აპრილის განაჩენით დგინდება, რომ შ. ჯ. ო–მ წარსულში მოკლა ნ. კ–ის ბიძა, რის გამოც მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი. გარდა ამისა, ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებში ექსპერტთან გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას იგივე დაადასტურა მსჯავრდებულმა ნ. კ–მ, კერძოდ, განმარტა, რომ შ. ჯ. ო–ს მკვლელობით შური იძია ბიძის მკველობის გამო, რადგან მან მოუკლა ბიძა და სცადა მისი (ნ. კ–ის) მოკვლაც (11:53:29). ასევე განმარტა, რომ ძალიან კარგად ისვრის (,,სროლაში ვერავინ ვერ დამასწრებს“, იმავე ადგილიდან გაფრენილ ბუზსაც მოკლავს) და მ. ბ–ს სიცოცხლის მოსპობის სურვილი რომ ჰქონოდა მოკლავდა. მ. ბ–ს მკვლელობის განზრახვა არ დასტურდება არც ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მსჯავრდებულს ხელს არაფერი უშლიდა, მოეკლა მ. ბ–ც, რადგან მას ხელთ ჰქონდა როგორც ორლულიანი თოფი, ასევე პისტოლეტი, თუმცა მსჯავრდებულს დაჭრილი მ. ბ–ს მიმართულებით არ გაუსვრია, არ დადევნებია და არ უცდია მისთვის დაზიანების მიყენება. მ. ბ–ს ჩვენების თანახმად, გასროლის შემდეგ ის სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბ–ს სახლისკენ, გაიარა დაახლოვებით 5-6 მეტრი, წაიბორძიკა კიბეებთან და მანქანასთან, ბ–ს სახლამდე სულ დაახლოვებით 10 მეტრი გაიარა, ამ დროს გაიგონა კიდევ 4-5 გასროლის ხმა. ბ–ს სახლში არავინ დახვდა, ამიტომ გავიდა გზაზე და გამვლელ მანქანას გაჰყვა ნათესავთან. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენების გარდა საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ნ. კ–ს ჰქონდა შ. ჯ. ო–ს მეუღლის - მ. ბ–ს მოკვლის განზრახვა.
12. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. კ–ის განზრახვა მ. ბ–ს არც მოკვლის თაობაზე და არც მისი მკვლელობის მცდელობა; ასევე არ დგინდება, მსჯავრდებულისაგან დამოუკიდებელი რომელი კონკრეტული მიზეზ(ებ)იდან გამომდინარე ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი მ. ბ–ს სიცოცხლის მოსპობა.
13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მსჯავრდებულმა ექსპერტთან საუბრისას (,,ერთი ასეთი საქმე კიდევ აქვს დასამთავრებელი და იმ ხალისით ცოცხლობს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს“) „საქმეში“ სავარაუდოდ სწორედ მ. ბ–ს მკვლელობა იგულისხმა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მითითებული პოზიცია არის ვარაუდი, რაც საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად.
14. ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენი იგივე არგუმენტებით გაასაჩივრა სააპელაციო წესით. კასატორის არგუმენტებს სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე ან ფაქტზე, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას.
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
16. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება: ნ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ორი პირის მკვლელობის მცდელობა; ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი); ასევე, ნ. კ–ის მიერ შ. ჯ. ო–ს განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და მ. ბ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე