Facebook Twitter

საქმე # 330100119003342308

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №461აპ-21 ქ. თბილისი

ლ. ქ. 461აპ-21 1 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ქ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ქ. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის(ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 12:07 საათზე, ქ. ლ. ცდილობდა გასაღების გამოყენებით, უკანონოდ შეეღწია ქ. თ–ში, .....ს მე-.. მ/რ-ნი, კორპუსი №..-ში მდებარე ი. კ–ს საცხოვრებელი ბინა №..-ში, რათა შემდეგ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთს, თუმცა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან იგი შეამჩნიეს ი. კ–მ და დ. ც–მ, რომელმაც შეაჩერა იგი, რის შემდეგაც ქ. ლ. დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით ქ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ქ. ლ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 3 ნოემბრიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. ლ–მ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–მ, რომელიც ითხოვს ქ. ლ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ქ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს არგუმენტებს, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან ქ. ლ–ს მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მოწმეების: ი. კ–ს, დ. ც–ს, გ. ც–ს, ლ. პ–ს, ლ. ხ–ს, კ. გ–ს, ა. ნ–ს, ლ. ფ–ს, გ. გ–ს, ექსპერტ ლ. შ–ს ჩვენებებით, 2019 წლის 1 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 3 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 3 ნოემბრის ამოღების ოქმით, 2019 წლის 4 ნოემბრის ამოღების ოქმით, 2020 წლის 31 იანვრის ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის N....; .... დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

9. დაცვის მხარის მითითებით, ქ. ლ–ს განაჩენი დამყარებულია მხოლოდ მიკერძოებული დაზარალებულების - ი. კ–ს, დ. ც–ს, მათი შვილის - გ. ც–ს, ლ. პ–ს ჩვენებებზე. გარდა იმისა, რომ მოწმეთა მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებია, ისინი ასევე ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებს.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას მოწმეთა ჩვენებების არასანდოობის შესახებ და ითვალისწინებს ჩვენებების შინაარსობრივ თანხვედრას - ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს. მათ მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად მათი ქმედებების შესახებ იდენტურია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის №550აპ-20 განჩინება). ი. კ–მ, დ. ც–მ და გ. ც–მ თანხვდენილად განმარტეს ქ. ლ–ს მხრიდან ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტი, მათი ჩვენების სანდოობას ამყარებს 2019 წლის 3 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე მოწმე ლ. პ–ს ჩვენება, რომელმაც დეტალურად განმარტა, თუ როგორ გაიგო ხმაური, გავიდა სადარბაზოში და დაინახა ქ. ლ., რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვებოდა დ. ც., რომელმაც შეაჩერა და მშვიდად ჩაიყვანა ქვემოთ. მოწმემ დაადასტურა, რომ გასაღები თვითონ იპოვა და გადასცა დ. ც–ს. ლ. პ–ს მიერ გასაღების პოვნისა და დ. ც–სათვის გადაცემის ფაქტი დაადასტურეს თავად დ. ც–მ, ი. კ–მ და გ. ც–მ. გ. ც–ს მიერ გასაღების პოვნის ადგილის არასწორად მითითება არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის უზუსტობას, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს მოწმეთა ჩვენებების სანდოობაზე. ვინაიდან, ლ. პ–მ ცალსახად განმარტა, რომ ორი გასაღები იპოვა მე-5 და მე-6 სართულებს შორის ელექტროენერგიის მრიცხველების თავზე, რაც აიღო და ჩაუტანა დ. ც–ს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება ი. კ–ს, დ. ც–ს, გ. ც–ს და ლ. პ–ს მიკერძოებული დამოკიდებულება ქ. ლ–ს მიმართ, რაც გახდებოდა მათი ჩვენებების სარწმუნოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ქ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე