Facebook Twitter

საქმე # 330100119003174482

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №462აპ-21 ქ. თბილისი

მ. რ. 462აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ–სა და თ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო ო. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ო. მ–ემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა რ. მ–მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განიზრახეს ფარულად დაუფლებოდნენ შპს „..........ის” საკუთრებაში არსებულ, „მერსედესის“ ფირმის ავტობეტონმრევს. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის ივნისში რ. მ–მ ჯართის მიმღები პუნქტის თანამშრომელი, გ. ფ–ი მიიყვანა ქ. თ–ში, ...........ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იდგა ზემოაღნიშნული ავტომანქანა და შეუთანხმდა შპს „........ის“ საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ ფირმის ავტობეტონმრევის ნასყიდობაზე. 2019 წლის 17 ივნისს, შუადღის საათებში, ო. მ–ე, გ. ფ–ი, ვ. ჯ–ი და ი. ქ–ე მივიდნენ ქ. თ–ში, ............ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტობეტონმრევი დატვირთეს ევაკუატორზე. ამის შემდეგ ისინი ერთად გაემგზავრნენ ქ. .........ში და აღნიშნული ავტომანქანა ჩამოტვირთეს ვ. ჯ–ის ჯართის მიმღებ პუნქტში. ვ. ჯ–მ ო. მ–ს ავტომანქანის საფასურად გადაუხადა 1500 ლარი.

რ. მ–სა და ო. მ–ს მიერ განხორციელებული ქმედებით დაზარალებულ შპს „........ს” მიადგა 9 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განაჩენით:

3.1. რ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

რ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. მ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; მოუხდელი სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ახლად დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ–ს სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. მ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 18 ივლისიდან.

3.2. ო. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განაჩენი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ლ–მ და თ. პ–მ, რომლებიც ითხოვენ რ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას, რომ განსახილველი საქმე წარმოადგენს სამოქალაქო დავას და გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულების წინააღმდეგობრივ ჩვენებას, ვინაიდან რ. მ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეების: ნ. ჯ–ს, ზ. თ–ს, გ. ფ–ის, ვ. ჯ–ის, ი. ქ–ს, გ. ლ–ს ჩვენებებით, სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნით, შპს „......დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, ამოღების ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. ჯ–სა და ზ. თ–ს დაკითხვით, დასტურდება, რომ ნ. ჯ–მ თავისი კომპანიის (შპს „.....“) კუთვნილი ბეტონმრევის (სახელმწიფო ნომრით .....) აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომის მოპირდაპირედ არსებული ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ შეიტყო ზ. თ–საგან; არსებული დავალიანების გამო ივარაუდა, რომ ავტომობილი გადაყვანილი იყო საჯარიმო ავტოსადგომზე, შეეცადა „112“-ში დაედგინა ავტომობილის ადგილსამყოფელი(9 ივლისი) და ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ავტომობილი არ იყო გადაყვანილი საჯარიმო ავტოსადგომზე, განაცხადა ქურდობის ფაქტის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი ყოველთვის იდო მანქანაში(ავტობეტონმრევში), ის არ იცნობს რ. მ–ს; არც დაზარალებულის ჩვენებით და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულსა და რ. მ–ს შორის ზემოაღნიშნული ავტობეტონმრევის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების არსებობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულად თანხვდენილია მოწმეების: ზ. თ–ს, გ. ფ–ის, ვ. ჯ–ის ჩვენებებთან, შეტყობინების რეგისტრაციის N......... ბარათში და 2019 წლის 9 ივლისს ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმში, შპს „.......დან“ გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხაში მითითებულ ინფორმაციასთან. წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, მტკიცებულებები ურთიერთანხვდენილია, თანმიმდევრულად აღწერს განვითარებულ მოვლენებს და არ არსებობს მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რ. მ–ს მტკიცებით, მან სადავო ავტომობილი შეიძინა განვადებით 5000 ლარად და გაყიდა 1500 ლარად. შესაბამისად, ვინაიდან, ასევე არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორების პოზიციის საფუძვლიანობა, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

8. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სს საქმის მასალებში 2019 წლის 10 ივლისით და 9 ივლისით დათარიღებული შეტყობინების თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ჯ.ს და ზ. თ–ს ჩვენებებით, მაგთიკომიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, შეტყობინების რეგისტრაციის N... ბარათით, ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 9 ივლისს სსიპ 112-ში შეტყობინებით და გამომძიებელ მ. მ–თან გასაუბრებისას ნ. ჯ. დახმარებას ითხოვდა იმის გარკვევაში თუ რომელ სახელმწიფო უწყებას ჰყავდა ავტობეტონმრევი გადაყვანილი. საქმის მასალებით (შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი, ზეპირი გასაუბრების ოქმები) უტყუარად დგინდება, რომ ნ. ჯ–მ, 2019 წლის 09 ივლისს აღმოაჩინა რა ავტობეტონმრევის დაკარგვის ფაქტი, მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, რა დროსაც იგი მიზნად ისახავდა არა შესაბამისი ორგანოებისთვის დანაშულის შეტყობინებას, არამედ ავტობეტონმრევის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიღებას, ვინაიდან, ვარაუდობდა, რომ მანქანა უფლებამოსილმა უწყებამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ავტობეტონმრევის ქურდობის ფაქტზე გამოძიება 2019 წლის 10 ივლისს დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავტობეტონმრევი საჯარიმო სადგომზე მოძიებული ვერ იქნა.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ლ–სა და თ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე