Facebook Twitter

საქმე # 010100118002428228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №471აპ.-21 11 ნოემბერი, 2021 წელი

ბ-ი რ. , 471აპ.-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის, მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ისა და მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1 2018 წლის 26 აპრილს რ. ბ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით).

1.2 2018 წლის 26 აპრილს ნ. ბ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით).

1.3 რ. ბ-ისა და ნ. ბ-ისათვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ბ-ში მდებარე ბინა N-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რ. ბ-მა და ნ. ბ-ემ ჯგუფურად, სახის არეში ხელის დარტყმებით, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლეს გ. ხ-ე.

- 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ბ-ში მდებარე ბინა N-ში, რ. ბ-მა და ნ. ბ-ემ ჯგუფურად, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის - გ. ხ-ის მკვლელობის დაფარვის მიზნით, სახის არეში ხელის დარტყმებით, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლეს ზ. ს-ი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გ. ხ-ისა და ზ. ს-ის გვამები აღმოაჩინეს 2017 წლის 8 აგვისტოს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი:

2.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა და:

- რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. რ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.

- ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. ნ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

2.2 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:

3.1 2019 წლის 1 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივრები და 2021 წლის 15 მარტს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

- რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ რ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.

- ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ნ. ბ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

3.2 ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-ემ და მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

3.3 ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისთვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის დანიშვნა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრებით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1 მსჯავრდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითებენ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას (რ. ბ-ისა და მოწმე ვ. ც-ის სატელეფონო საუბრის აუდოჩანაწერი).

4.2 ამასთან, ადვოკატების განმარტებით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მსჯავრდებულებს შეეზღუდათ ჩვენების მიცემისა და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლება.

4.3 ბრალდების მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის დასაბუთების ნაწილში არის ზოგადი და მითითებული არ არის, თუ რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ მსჯავრდებულთათვის სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას.

4.4 პროკურორის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები და წარმოდგენილია დამამძიმებელ გარემოებათა ერთობლიობა, მსჯავრდებულებს უნდა შეეფარდოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის უმკაცრესი ზომა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1 საკასაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით დადგენილ სტანდარტს, ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულთა ბრალეულობას.

5.2 საქმეში არსებულ დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების ---–-- ლ. ბ-ას, ზ. ხ-ის, ზ. ხ-ის, ო. მ-ისა და ო. ი-ის ჩვენებები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ვიდეოჩანაწერები, მობილური ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და მათი მომსახურე ანძების დეტალური ნუსხა) დგინდება, რომ მსჯავრდებულები - რ. ბ-ი და ნ. ბ-ე 2017 წლის 3 აგვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით გ. ხ-ესა და ზ. ს-თან ერთად იმყოფებოდნენ და ცხოვრობდნენ შ. ხ-ის ქუჩა N ნაქირავებ ბინაში. გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს, 15:52 საათზე, რ. ბ-ი, ნ. ბ-ე, გ. ხ-ე და ზ. ს-ი ერთად მიემართებიან საცხოვრებელი ბინისკენ - შ. ხ-ის ქუჩა N მდებარე კორპუსისკენ, ხოლო 2017 წლის 5 აგვისტოს, 17:39 საათზე, რ.ბ-ი და ნ. ბ-ე შავი ფერის ხელჩანთით გამოდიან შ. ხ-ის ქუჩა N-ში მდებარე კორპუსის ეზოდან და 17:40 საათზე ტაქსით ტოვებენ ტერიტორიას. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმეების - ო.ი–ის, ნ. ს-ის, ჯ. ს-ის, ლ. ბ-ას, ა. ხ-ისა და ხ. ხ-ის ჩვენებები; ლ. ბ-ას, ო. ი--ის, ხ. ხ-ის, ზ, ს–ის, გ. გ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია - ე.წ. „სქრინშოტები“, გ. ხ-ისა და ზ. ს-ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და მათი მომსახურე ანძების დეტალური ნუსხა) ირკვევა, რომ აღნიშნული დროის შემდეგ გ. ხ-ე და ზ. ს-ი კომუნიკაციის არცერთი ფორმით არავისთან გასულან კონტაქტზე. ლ. ლ-ის ჩვენებით და მობილური ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და მათი მომსახურე ანძების დეტალური ნუსხით დასტურდება, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს ნ. ბ-ე და რ. ბ-ი იმყოფებოდნენ ხ-ის რაიონის სოფელ ზ-ში. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებითა და ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, რომ ნ. ბ-ემ და რ. ბ-მა 2017 წლის 7 აგვისტოს, 20:54 - 20:55 საათზე, სარფის გამტარი პუნქტის მეშვეობით, ერთად გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი. 2017 წლის 8 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - ნ. ს-ის, ზ. ს-ის, შ. ი–ისა და ვ. ბ-ის ჩვენებებით დგინდება, რომ ქ. ბ–ი, შ. ხ-ი ქუჩა N მდებარე ნაქირავებ ბინაში აღმოჩენილ იქნა გ. ხ-ისა და ზ. ს-ის გვამები. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ნ. ბ-ისა და რ. ბ-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია და სხვა საეჭვო პირთა გენეტიკური პროფილები ან რაიმე სახის კვალი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი არ ყოფილა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, გ. ხ-ისა და ზ. ს-ის გვამებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერებები. მოწმე ვ. ც-ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მას დაუკავშირდა მისი შორეული ნათესავი მ. ჩ-ე და თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი ნ. ბ-ისათვის სთხოვა დახმარება. ც-მა დახმარება აღუთქვა, თუ ნ. ბ-ე პირადად დაელაპარაკებოდა და გაარკვევდა სიტუაციაში. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ მ. ჩ-ემ და ნ. ბ.-ის დედამ, ნ. ჩ-ემ 2017 წლის 14 აგვისტოს 03:22-03:23 საათზე, თბილისის აეროპორტის გავლით, გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში დაბრუნდნენ 2017 წლის 15 აგვისტოს, 02:12 საათზე. მოწმეების - ვ. ც-ისა და ზ. ბ-ის ჩვენებებითა და აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს ვ. ც–ს თურქეთის რესპუბლიკიდან დაუკავშირდა მ. ჩ-ე, რომელმაც, შეთანხმებისამებრ, ტელეფონი გადასცა რ. ბ-ს. სატელეფონო საუბრისას რ. ბ-მა დეტალურად უამბო ვ. ც–ს თავის და ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და სთხოვა გარკვეული სამართლებრივი რჩევები. კერძოდ, რ. ბ-მა ვ. ც-თან საუბრისას დეტალურად აღწერა, უთანხმოების საფუძველზე მან და ნ. ბ-ემ როგორ მოუსპეს სიცოცხლე გ. ხ-ეს ყელის არეში ხელების მოჭერისა და სახეში ძლიერი დარტყმების შედეგად, ხოლო ზ. ს-ს - სხვა დანაშაულის (გ. ხ-ის მკვლელობის) დაფარვის მიზნით, იმავე მეთოდით. ამის შემდეგ კი შეძლებისდაგვარად შეეცადნენ კვალის წაშლას და დატოვეს ტერიტორია. მოწმე დ. წ-ის ჩვენებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის აგვისტოში ნ. ბ-ის მამა, ბ. ბ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დ. წ-ს და საუბრის დროს განაცხადა, რომ ჰქონდა სერიოზული პრობლემები და სურდა საგამოძიებო ორგანოებიდან პირის ძებნასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება.

5.3 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში გადმოცემული სამართლებრივი არგუმენტაცია მსჯავრდებულ რ. ბ-ისა და მოწმე ვ. ც-ის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის დასაშვებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება არ წარმოადგენს ადამიანის აბსოლუტურ უფლებას და კანონის შესაბამისად შესაძლებელია აღნიშნული უფლების შეზღუდვა. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება გულისხმობს პირადი ცხოვრების თავისუფალი განვითარებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის რეალიზებას სასურველ პირებთან, სასურველ თემაზე იმ შეგრძნებით, რომ საკომუნიკაციო სივრცე დაცულია. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ. ბ-ის კომუნიკაცია მოწმე ვ. ც-თან ვერ იქნება განხილული, როგორც რ. ბ-ის პირადი ცხოვრების თავისუფალი განვითარებისა და მისი მხრიდან აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებების რეალიზება, რადგან რ. ბ-ი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მართლმსაჯულებისაგან თავის დაღწევის მიზნით დაუკავშირდა ვ. ც–ს, ყოველგვარი ზეწოლის, მოტყუების ან/და პროვოცირების გარეშე, საკუთარი სურვილით მოუყვა თავის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ და ითხოვა რჩევა მართლმსაჯულებისათვის თავის არიდების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში კომუნიკაციის დაცულობის შეგრძნების არსებობა უსაფუძვლოა, რადგან რ. ბ-ი ესაუბრებოდა კერძო პირს, რომელსაც პირადად არ იცნობდა, შესაბამისად, ორივე მათგანს აღნიშნული საუბრის ურთიერთჩაწერის გონივრული მოლოდინი უნდა ჰქონოდა, მითუფრო, რომ ვ. ც–ი საუბრობდა ე.წ. „სპიკერის“ მეშვეობით, რაც ტექნიკურად შესამჩნევი და რისკის შემცველი უნდა ყოფილიყო. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რ. ბ-ის საუბარი ვ. ც–თან გაიმართა იმ ეტაპზე და იმ ვითარებაში, როდესაც იგი აღნიშნული დანაშაულისათვის არც იძებნებოდა, არც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და მის მიმართ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არანაირი ინტერესი გამოხატული არ ყოფილა. ზ. ბ–მა რ. ბ-ისა და ვ. ც-ის საუბარი ამ უკანასკნელის თანხმობით ჩაიწერა, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებდნენ არა გამოძიების ინტერესით, არამედ თვითდახმარების ფარგლებში. მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მ. ჩ-ის შუამავლობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან თურქეთის რესპუბლიკიდან შემდგარი კომუნიკაცია შეეხებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას, მის მოტივს, ხერხსა და მართლმსაჯულებისაგან თავის დაღწევის მეთოდებს, რაც მათ მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ცრუ დასმენის შესაძლო ბრალდების რისკებს შეიცავდა.

5.4 საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტი (აუდიოჩანაწერი) მოიპოვა და სასამართლოში წარმოადგინა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, მოწმე ვ. ც-ი და ზ. ბ-ი გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის საფუძველზე და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდეს ნებაყოფლობით. 2018 წლის 24 იანვარს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებლის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დგინდება, რომ ზ. ბ-ისგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და დაილუქა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პროკურორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობისა და ზ. ბ-ისგან ამოღებული ტელეფონიდან ვ. ც–ის რ. ბ-სა და მ. ჩ-ესთან საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობებით, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინებებით დაკმაყოფილდა. საქმის მასალებიდან ცალსახად ჩანს, რომ საჯარო ხელისუფლება რ. ბ-ის კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში არ ჩარეულა, მითუფრო, რომ აუდიოჩანაწერის შექმნის დროს რ. ბ-ს არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა და არც ოფიციალურად იძებნებოდა ჩადენილი დანაშაულისათვის.

5.5 საკასაციო სასამართლომ ასევე შეისწავლა ზ. ბ–ის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის მოპოვების საკითხი და მიაჩნია, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში კერძო პირის ჩარევა, საჯარო ხელისუფლების ჩარევისაგან განსხვავებით, შეფასების სხვა სტანდარტს მოითხოვს. აუცილებელია, დაცულ იქნეს ბალანსი ადამიანის კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფასა და კერძო პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას შორის, რადგან კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო საქმეში არ არსებობს შესაბამისი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელიც ზ. ბ–ის აღნიშნულ ქმედებას შეაფასებდა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადამიანის კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში კერძო პირის მხრიდან ჩარევის დადგენა, განსხვავებით საჯარო ხელისუფლების ჩარევისაგან, მოითხოვს აღნიშნული კერძო პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას. გამომდინარე იქიდან, რომ ზ. ბ-ი არ წარმოადგენს მხარეს და ის არის პირი, რომელიც ფლობს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციას, სასამართლო მას ვერ განიხილავს მტკიცებულებათა მომპოვებლად.

5.6 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით საქმე ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ერთობლიობას, ჩადენილს ჯგუფურად, კერძოდ, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. ორივე მკვლელობა ჩადენილ იქნა მექანიკური ასფიქსიის მეთოდით და სხვა ძალადობრივი მოქმედებებით. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საჯარო ინტერესზე, ითვალისწინებს სახელმწიფოს სამართლებრივ პრიორიტეტებსა და მართლმსაჯულების პრევენციულ გავლენას.

სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტი - ადამიანის სიცოცხლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. მსგავსი კატეგორიის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დაცვის ფუნქციას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დამყარებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, რომელიც გამოიხატება საზოგადოების ან ცალკეული პირის სამართლებრივი სიკეთეების დაცვაში.

მართლმსაჯულების პრევენციული გავლენა - სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი დანაშაულის პრევენციაა. მართლმსაჯულების პრევენციული გავლენა მდგომარეობს არა კანონმდებლობით განსაზღვრული სასჯელების სახეებში ან ზომაში, არამედ მის გარდაუვალობაში. პრევენციული გავლენა საზოგადოების წევრების მიმართ აღიქმება, როგორც სოციალური მშვიდობის გარანტი, რაც პოტენციური დამნაშავეების მიმართ დამაშინებელ მექანიზმს წარმოადგენს, ხოლო დამნაშავეების მიმართ პასუხისმგებლობის გარდაუვალობას უზრუნველყოფს.

5.7 საკასაციო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო ინტერესზე და მიაჩნია, რომ ორი ადამიანის სიცოცხლე და მართლმსაჯულების პრევენციული გავლენა, სამართლებრივი თვალსაზრისით, იმაზე მაღალ ღირებულებას წარმოადგენს, ვიდრე - მსჯავრდებულის მიერ, საკუთარი სურვილით, კერძო პირთან კომუნიკაციის დროს დანაშაულის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის მოპოვების სტანდარტი.

5.8 საკასაციო სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის, როგორც მტკიცებულების გავლენის ხარისხი და მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს დანაშაულის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას და იგი შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ადასტურებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - მოწმე ვ. ც–ისა და ზ. ბ-ის ჩვენებებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა კერძო (დახურულ) სივრცეში, მტკიცებულებათა მოპოვების თვალსაზრისით, გამოირჩევა განსაკუთრებული სპეციფიკურობით, გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავე მოქმედებს წინასწარი განზრახვით, ითვალისწინებს და სრულად აქვს შეგნებული ამ ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და შედეგი, იჩენს სიფრთხილეს, არ მოქმედებს გარეშე პირების თანდასწრებით და მიღწეული შედეგის შემდეგ ორიენტირებულია კვალის არევასა და წაშლაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა. სწორედ ამიტომ, მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება და წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისათვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს მოცემულობა განსაკუთრებით საგულისხმოა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, როდესაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახი მკვლელობა უპირობოდ მიუთითებს დამნაშავეთა მიერ მტკიცებულებების განადგურების მისწრაფებაზე.

5.9. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული მტკიცებულების გამოყენება სრულად აკმაყოფილებს დასაშვებობის ყველა კრიტერიუმს და დამატებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მის ავთენტიკურობასა და უტყუარობაზე. ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად დასტურდება, რომ უარყოფილია ყოველგვარი ეჭვი აღნიშნული მტკიცებულების გამოცვლის, მონტაჟის ან რაიმე ხელოვნური ჩარევის შესახებ. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით სრულად იდენტიფიცირებულია კომუნიკაციის მხარეები. ჩანაწერის შინაარსის სანდოობა დადასტურებულია საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულების ერთობლიობით.

5.10 საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ რ. ბ-ისა და ვ. ც–ის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენებისას დაცვის მხარე სრულად სარგებლობდა გასაჩივრების ყველა შესაძლებლობით და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს აღნიშნული მტკიცებულების კანონიერების თაობაზე, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.

5.11 საკასაციო სასამართლომ ასევე შეისწავლა მსჯავრდებულების მიერ ჩვენების მიცემისა და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია და მიაჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სასამართლომ ორივე მსჯავრდებული უზრუნველყო აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობით, თუმცა, 2018 წლის 18, 29 და 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმებიდან ცალსახად იკვეთება, რომ რ. ბ-ის სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდეგ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნ. ბ-ემ და საკუთარი სურვილით უარი განაცხადა სასამართლო სხდომებში მონაწილეობასა და ჩვენების მიცემაზე, ხოლო დაცვის მხარემ, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ წარადგინა შუამდგომლობა გაძევებული პირის სხდომაზე დაბრუნების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რ. ბ-მა და ნ. ბ-ემ, მიუხედავად მოსამართლის მიერ შეთავაზებისა, უარი განაცხადეს როგორც დასკვნითი, ისე საბოლოო სიტყვებისა და რეპლიკის წარმოთქმაზე (სასამართლო სხდომის ოქმი 5.11.2018, 14:53:45-14:53:49, 15:10:50-15:10:52; 15.56.50-15:57:03; სასამართლო სხდომის ოქმი 09.11.2018, 15:08:52-15:09:00). აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მსჯავრდებულებს მიეცათ სააპელაციო სასამართლოშიც. კერძოდ, 2021 წლის 15 მარტს ნ. ბ-ემ ისარგებლა საბოლოო სიტყვით, ხოლო რ. ბ-მა უარი განაცხადა ამ უფლებით სარგებლობაზე (სასამართლო სხდომის ოქმი 15.03.2021, 15:00:40-15:01:47).

5.12 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ბრალდების მხარის საჩივარი სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება რ. ბ-ისა და ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ქმედების ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულების ყოფაქცევა. საქმის მასალებიდან ცალსახად იკვეთება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ერთობლიობა ორი დამამძიმებელი გარემოებით. მსჯავრდებულები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, ცდილობდნენ მიმალვას, არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და არ არსებობს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა რაიმე გარემოება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს მოცემულობაში, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით სასჯელის დანიშვნისას, მინიმალური ვადის განსაზღვრა აშკარად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის დანიშვნის სტანდარტებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

5.13 საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეიცვალოს სასჯელის ნაწილში:

- რ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ რ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით.

- ნ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ნ. ბ-ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ისა და მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. რ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით;

- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით;

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით;

- მსჯავრდებულ რ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან;

5. ნ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით;

- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 5 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით;

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ. ბ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით;

- მსჯავრდებულ ნ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი