საქმე # 010100115794411
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ
საქმე №472აპ-21 ქ. თბილისი
დ. ა. 472აპ-21 4 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად: ა. დ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი დაედო ყაჩაღობის ჩადენისათვის, ბინაში უკანონოდ შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2001 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა. დ–მ და გამოძიებით დაუდგენელმა მეორე პირმა, რომელსაც სახეზე ეკეთა შავი ნაქსოვი ნიღაბი და იყო შეიარაღებული დაუდგენელი სისტემის პისტოლეტით, ჯერ დააკაკუნეს ქ. ბ–ში, ........ქუჩა N..., ბინა N..-ში მდებარე პ. ს–ს საცხოვრებელი ბინის კარზე, ხოლო როცა კარი არავინ გაუღო, შემდეგ დააკაკუნეს იმავე სახლში მდებარე ნ. კ–ს N.. საცხოვრებელი ბინის კარზე. ბინის მეპატრონე ნ. კ–მ გააღო კარი, ა. დ–მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ძალის გამოყენებით შეაღწიეს აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში და დაზარალებულ ნ. კ–ს, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სთხოვდნენ ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემას. ამ დროს გამოძიებით დაუდგენელმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ორჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ნ. კ. დაიჭრა ფეხის არეში, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
აღნიშნული ქმედებისათვის ა. დ. 2001 წლის 2 მაისს დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო 2015 წლის 30 აპრილს საბრალდებო დასკვნით დაზუსტდა დ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება და დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ა. დ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ა. დ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელმაც მოითხოვა ა. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა, რომელმაც მოითხოვა ა. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 547-ე მუხლის მოთხოვნებს.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). კასატორმა განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იგივე არგუმენტზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ვინაიდან კასატორის არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რომელიც არ იყო შეფასებული/არასწორად იყო შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და საჭიროებს საკასაციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას, ან რაც შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო - არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი (იხ. მაგალითისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N630აპ-20, N856აპ-20; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 2 მარტის განჩინება N630აპ-20; N805აპ-20)
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას და განმარტავს, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ნ. კ–მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2001 წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში, თავისი საცხოვრებელი სახლის კარზე გაიგონა კაკუნი, გააღო კარი და დაინახა ზღურბლზე მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მოიკითხა მის მეზობლად მცხოვრები პ. ს–ე, აინტერესებდა, სახლში იყო თუ არა ის, ფული გამოატანეს და უნდა გადმოეცაო. საუბრისას შენიშნა ახალგაზრდის უკან მდგარი მეორე მამაკაცი, რომელსაც ნაქსოვი ქუდი ჩამოფხატული ჰქონდა სახეზე. ორივენი შეცვივდნენ სახლში, ნიღბიანს ხელში ეჭირა პისტოლეტი, მოსთხოვეს ფული და დაემუქრნენ. ამ დროს ბინაში აივნის მხრიდან შევიდა მისი ქალიშვილი თ–ა, რომელსაც უყვირა - სახლში ქურდები არიან, გადი აივანზე და იყვირე, დახმარება ითხოვეო. ამ სიტყვებს მოჰყვა გასროლა მისი მიმართულებით, ტყვია მოხვდა მარჯვენა წვივის არეში. თავდამსხმელები გაიქცნენ.
9. მოწმის სახით დაკითხულმა თ. კ–მ დაადასტურა 2001 წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, და მიუთითა რომ თავდამსხმელთაგან ერთი პირი იყო ნიღბით, მეორე კი - მუქი სათვალით, მათი ამოცნობა არ შეუძლია. ერთ-ერთმა სტაცა ხელი და თავში ტაფა ჩაარტყა, ალბათ, უნდოდა გაეთიშა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს, გაიქცა აივნის მიმართულებით და ამ დროს მოესმა გასროლის ხმა, დაინახა დაჭრილი მამა. მეტი არაფერი ახსოვს, რას მოქმედებდნენ და როგორ წავიდნენ ბინიდან თავდამსხმელები არ იცის.
10. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, ხოლო თუ ვინ ჩაიდინა ყაჩაღობა, ამის დასადგენად საქმეზე გადამწყვეტ მტკიცებულებას წარმოადგენს 2001 წლის 30 აპრილით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი. ხოლო როგორც ამოცნობის ოქმით დგინდება, ნ. კ–სათვის წარდგენილი ა. დ–ს ფოტოს ხარისხი არ იძლეოდა შესაძლებლობას ნ. კ–ს აღექვა ის გარეგნული ნიშნები, რომლებზეც დაზარალებული მიუთითებს.
11. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო სტანდარტით არ დასტურდება ა. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე