Facebook Twitter

საქმე # 330100120004076965

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №482აპ-21 ქ. თბილისი

გ. ს. 482აპ-21 11 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ს. გ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 10 სექტემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოიცა №.. შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადეს ს. გ–ს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - ლ. დ–სთან მიახლოება, კერძოდ, მოძალადეს აეკრძალა მიახლოებოდა იმ ადგილას, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, შესაძლოა იმყოფებოდეს, ასევე მის სამსახურთან მიახლოება და ნებისმიერი სახის სატელეფონო კომუნიკაცია.

შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, ს. გ–მ რამდენჯერმე დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: 2020 წლის 11 სექტემბერს, 18 სექტემბერს და 22 სექტემბერს ს. გ–ა, აკრძალვის მიუხედავად მივიდა ქ. თ–ში ნ–ს ქუჩა №..-ში მსხვერპლის ლ. დ–ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2020 წლის 10 სექტემბერს ქ. თ–ში ნ–ს ქუჩა №..-ში ს. გ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული როლების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მოტივით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის ლ. დ–ს მიმართ, კერძოდ, ლ. დ–ს მკლავზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც ლ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ს. გ–ა და ლ. დ–ე 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწევიან ერთიან სამეურნეო საქმიანობას, თანაცხოვრების პერიოდში ს. გ–ა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული როლების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მოტივით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ლ. დ–ს, კერძოდ - ლანძღავდა, აგინებდა, ამცირებდა, მიმართავდა შემდეგი სიტყვებით - „შენ რა ქალი ხარ საჭმლის კეთება არ იცი“, მოითხოვდა მისი სურვილების უპირობო მორჩილებას, რაც დაზარალებულის სულიერ ტანჯვას იწვევდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

ს. გ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2020 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

ს. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 240 საათის ოდენობით, რაც საქართელოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2020 წლის 23 სექტემბრიდან - 29 დეკემბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 240 საათის ვადით, ჩაეთვალა მოხდილად.

მსჯავრდებულ ს. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ს. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (როგორც 2020 წლის 10 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში, ისე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში) ასევე ს. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (როგორც 2020 წლის 10 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში, ისე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში) ასევე ს. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (როგორც 2020 წლის 10 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში, ისე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში) უდანაშაულოდ ცნობისა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

10. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. დაზარალებულმა - ლ. დ–მ, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - (მეუღლის) - ს. გ–ს, წინააღმდეგ. საქმეში წარმოდგენილი სხვა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ს. გ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მამხილებელი მტკიცებულებები ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

12. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ს. გ–სთვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს. გ–სთვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება) და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე