Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1390-965(კ-05) 20 მარტი, 2006წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

თ. თოდრია

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

10.11.04წ. გ. ლ-მა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹01/03-01/513 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. გ. ლ-მა 14.12.04წ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი შეიტანა და დამატებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1999წ. 27 ივლისიდან მუშაობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და კურირებდა ტრანსპორტის სფეროს, იყო .... უფროსის მოადგილე. მუშაობის პერიოდში არაერთხელ ყოფილა წახალისებული და არ ჰქონდა მიღებული არცერთი შენიშვნა ან საყვედური. 26.11.03წ. აირჩიეს სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა პროფკავშირული ორგანიზაციის ...... 05.11.04წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ¹01/03-01/513 ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო, გათავისუფლდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ..... თანამდებობიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება კანონდარღვევით გამოიცა, ვინაიდან მის საფუძველზე იგი გათავისუფლდა არა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელი, არამედ _ როგორც აპარატის თანამშომელთა პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ხოლო «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პროფკავშირის წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო მისი სამსახურიდან დათხოვნა. მოსარჩელის მოსაზრებით, დაირღვა ასევე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე გაფრთხილებული უნდა იქნეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე. 19.07.04წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ¹01/03-01/381 ბრძანებით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს თანამშრომლები თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს არა ერთი, არამედ _ ოთხი თვით ადრე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოთმითითებული ბრძანებით იგი გააფრთხილეს როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების და არა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელი. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უნდა გამოცემულიყო საქართველოს ინფრასტრუქიტურისა და განვითარების მინისტრის და არა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ, რის გამო სადავო ბრძანება იმავდროულად გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის ¹01-/03-01/388 ბრძანებით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს 2004წ. 1 აგვისტოდან გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების დაკომპლექტებამდე, ხოლო იგი თანამდებობიდან აღნიშნულ დრომდე გათავისუფლდა. მისთვის «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად ალტერნატიული სამუშაო ადმინისტრაციას არ შეუთავაზებია. სამინისტროს ხელმძღვანელობას არ გაუთვალისწინებია, რომ გ. ლ-ს სხვა თანამშრომლებთან შედარებით გააჩნდა უფრო მეტი კვალიფიკაცია და გამოცდილება, არის 10 გამოგონებისა და 80-მდე ნაშრომის ავიტორი, გააჩნია მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი, რის გამოც იგი თვლის, რომ აქვს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით მინიჭებული სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.02.05წ. გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹01/03-01/513 ბრძანება გ. ლ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, გ. ლ-ი აღდგენილ იქნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა განაცდური დროის ხელფასი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გ. ლ-ის მოთხოვნას უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.09.05წ. გადაწყვეტილებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.02.05წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ. ლ-ს შორის არსებულ შრომითი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდა მინისტრის 30.07.04წ. ¹01/03-01/383 ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს უფლებამოსილება გაუგრძელდათ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობების დაკომპლექტებამდე. ამდენად, გ. ლ-თან შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა გარკვეული ვადით, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ის გარემოება, რომ ვადა განსაზღვრულია არა კალენდარულად, არამედ პერიოდით _ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობების დაკომპლექტებამდე, არ ცვლის მის იურიდიულ ბუნებას. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 01.10.04წ. ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი ანუ აღნიშნული პერიოდისათვის გავიდა ვადა, რომლითაც გ. ლ-თან შრომითი ურთიერთობა იყო განსაზღვრული.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ლ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.02.05წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელში მითითებული გარემოების აღიარებით.

კასატორი თვლის, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს პოლიტიკის ანალიზის დეპატრამენტის მოადგილის თანამდებობაზე, საიდანაც იგი სადავო ბრძანებით გაათავისუფლეს, იგი კანონით დადგენილი წესით დანიშნული არ ყოფილა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹1-1/127 ბრძანებით იგი განთავისუფლდა იმ თანამდებობიდან, რომელზე დანიშნულიც არ ყოფილა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებაში მისი განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ იგი შტატების შემცირების გამო გაანთავისუფლეს და ასეთ შემთხვევაში დაწესებულებას იგი, როგორც სამსახურში დატოვების უპირატესი უფლების მქონე პირი, თანამდებობიდან არ უნდა გაეთავისუფლებინა. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია რეალურად არ განხორციელდა, არამედ იგი შეერწყა ეკონომიკის სამინისტროს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი განთავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ზემდგომ პროფესიულ კავშირებთან შეთანხმებით. კასატორის აზრით, ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ყველა თანამშრომელი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ავტომატურად თავისუფლდება სამსახურიდან. განსახილველ შემთხვევაში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» 24.06.04წ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. კასატორი აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების უფლება აქვს მის სამსახურში დანიშვნაზე უფლებამოსილ პირს. განსახილველ შემთხვევაში, გ. ლ-ი სამსახურიდან ეკონომუკური განვითარების მინისტრის ბრძანებით განთავისუფლდა, რაც ადასტურების იმ ფაქტს, რომ იგი იმ დროისათვის ეკონომიკური განვითრების სამინისტროს თანამშრომლად ითვლებოდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შესაძლო განთავისუფლების თაობაზე გაფრთხილებული უნდა იქნეს 1 თვით ადრე, ხოლო კასატორი ხუთი თვით ადრე მაინც გააფრთხილეს, რის გამოც კასატორი თვლის, რომ იგი სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის დარღვევით განთავისუფლდა.

გ. ლ-მა საკასაციო სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც საქმეში მესამე პირებად პროფესიული კავშირების გაერთიანების ჩართვა და საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა მოითხოვა.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, საქმე განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული გარემოებების აღიარებით უნდა გამოეტანა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი‚ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი სასამართლო სხდომაზე. ასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში სსკ-ის დებულებები გამოიყენება, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი. ასკ-ის მე-261 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმეში არსებული მასალებისა და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით გამოიტანოს გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტით მისი განთავისუფლება მოხდა იმ თანამდებობიდან, რომელზეც დანიშნული არ ყოფილა. კასატორი ადასტურებს, რომ სტრუქტურული რეფორმების შედეგად მომხდარი დეპარტამენტის და სამინისტროს სახელწოდების ცვლილებების გათვალისწინებით ბოლო პერიოდში მუშაობდა ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 01.06.04წ. ¹251-კ ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. ლ-ის განცხადება და იგი განსაზღვრული ვადით, 2004წ. 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე, დაინიშნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას აღნიშნული ბრძანების კანონიერების თაობაზე, ვინაიდან იგი გ. ლ-ს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია და მისი კანონიერება განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ გ. ლ-ი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროში პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ..... თანამდებობაზე მუშაობდა, საიდანაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹1-1/127 ბრძანებით განთავისუფლდა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანებით იგი თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე განთავისუფლდა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 19.07.04წ. ¹01/03-01-381 ბრძანებით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშიებით გაფრთხილებული იყვნენ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აღნიშნული სამინისტროს მოხელეები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები. მითითებული ბრძანების საფუძველზე კასატორი პერსონალურად იქნა გაფრთხილებული სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. სადავო ბრძანებით დასტურდება, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 05.11.04წ. ¹01/03-091/513 ბრძანებაში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის ნაცვლად მითითებულ იქნა 97-ე მუხლზე, თუმცა ბრძანების შინაარსი ადასტურებს, რომ გ. ლ-ი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა დაწესებულების ლიკვიდაციის და არა შტატების შემცირების გამო.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 04.06.04წ. ცვლილებით დადგინდა ინფრასტუქტურისა და განვითარების სამინისტროს არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, კერძოდ, აღნიშნული სამინისტრო შეერწყა ეკონომიკის სამინისტროს, რის შედეგადაც შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მსჯელობა ემყარება კანონის ნორმათა არასწორ განმარტებას. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» 24.06.04წ. კანონით სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად განისაზღვრა 13 სამინისტრო, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო მითითებული არ ყოფილა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლით დადგინდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია, სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს მთავრობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლიკვიდირებული სამინისტროს შესაბამისი დაფინანსების, საშტატო რიცხოვნობისა და ქონების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე მისი სისტემის, მათ შორის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და უფლებამოსილებების ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში გათვალისწინება არ ადასტურებს ინფრასტუქტურისა და განვითარების სამინისტროს შერწყმას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, რასაც შედეგად მოჰყვებოდა მისი რეორგანიზაცია. აღნიშნული წარმოადგენს ლიკვიდირებული სამინისტროს მმართველობით-ფუნქციური უფლებამონაცვლის დადგენის შედეგს. ამდენად, განსახილველ პერიოდში განხორციელდა ინფრასტუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია და მისი თანამშრომლები, მათ შორის‚ კასატორი სამსახურიდან განთავისუფლდნენ დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება მის მიმართ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ, რადგან აღნიშნული ნორმა შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაკის განთავისუფლების წესს განსაზღვრავს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისი, როგორც მოქმედი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ძირითად სამუშაო ადგილიდან განთავისუფლება ზემდგომ პროფკავშირულ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელი იყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლით დადგენილია დაწესებულების ადმინისტრაციის შესაძლო ზეწოლისაგან პროფესიულ კავშირში არჩეული, ძირითად სამსახურში დასაქმებული მოხელის დაცვის გარანტიები. განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა დაწესებულების ლიკვიდაცია, რაც მისი ყველა თანამშრომლის უპირობო განთავისუფლების საფუძველს ქმნიდა. საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის შემთხვევაში «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.5 მუხლის თანახმად, ყველა მისი თანამშრომელი, მათ შორის კასატორი, ავტომატურად უნდა განთავისუფლებულიყვნენ დაკავებული თანამდებობებიდან 07.07.04წ., «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» კანონის ძალაში შესვლიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.5 მუხლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დღიდან. განსახილველ შემთხვევაში კანონით მხოლოდ სამინისტროს ლიკვიდაცია დადგინდა. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს მთავრობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია წარმოადგენს გარკვეული დროის მანძილზე მიმდინარე პროცესს, რომლის მიზანია დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტა. ზემოთაღნიშნული კანონის ძალაში შესვლით უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, წარმოეშვა სამინისტროს სალიკვიდაციო პროცესის დაწყების, სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების ვალდებულება.

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის‚ აგრეთვე‚ ის გარემოება, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით იქნა განთავისუფლებული. საქართველოს მთავრობის 22.06.04წ. ¹80 განკარგულებით ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, რომლის თავმჯდომარე იმავდროულად იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრი. აღნიშნული დადგენილების მესამე მუხლის თანახმად, კომისიის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა, აგრეთვე შესაბამისი დაფინანსების, საშტატო რიცხოვნობისა და ქონების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა. ამდენად, მითითებული განკარგულების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების მინისტრი უფლებამოსილი იყო სალიკვიდაციო პროცესის წარმართვის მიზნით მიეღო შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვიტარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოხელეთა განთავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე» 19.07.04წ. ¹01/03-01-381 ბრძანება, «საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა უფლებამოსილების ვადის გაგრზელების შესახებ» 30.07.04წ. ¹01/03-01/388 ბრძანება და «სამინისტროს თანამშრომელთა განთავისუფლების შესახებ» 05.11.04წ. ¹01/03-01/513 ბრძანება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის შესაბამისად, მოხელე გაფრთხილეული უნდა იქნეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 19.07.04წ. ¹01/03-01/381 ბრძანებით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს თანამშრომლები გააფრთხილეს გათავისუფლების შესახებ, მაგრამ 30.07.04წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ¹01/03-01/388 ბრძანებით თანამშრომლებს 2004წ. 1 აგვისტოდან გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობების დაკომპლექტებამდე. ამდენად, გ. ლ-თან შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულ იქნა გარკვეული ვადით, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 01.10.04წ. ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი. ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის გავიდა ვადა, რომლითაც გ. ლ-ს უფლებამოსილება ჰქონდა გაგრძელებული. შესაბამისად, გ. ლ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონის ნორმათა დაცვით და კასატორის მიერ მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მოხელის წინასწარ გაფრთხილების ერთთვიანი ვადა მუშაკის გაფრთხილებიდან განთავისუფლებამდე დროის მინიმალურ ინტერვალს წარმოადგენს, ხოლო მაქსიმალური ვადა კანონით დადგენილი არ არის.

სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ კანონის შესაძლო დარღვევები, რაც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მეორე ნაწილით. ამდენად, საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ საქმის სამართლებრივ გარემოებებზე, იგი არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სამართალწარმოების სტადიაზე საქმეში მხარეებისა და მესამე პირების ჩართვის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მესამე პირის ჩაბმის შესახებ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.09.05წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.