საქმე # 010100120003560768
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №491აპ-21 ქ. თბილისი
შ. რ. 491აპ-21 8 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენზე ხ–ს რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ. შ–ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული, ქარხნული წესით დამზადებული, 2 ერთეული „РГД-05“ ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხელის მსხვრევადი ყუმბარა, სასკდომი მუხტი და 2 ერთეული საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ლითონის „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია, რასაც 2020 წლის 4 თებერვლამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და საცხოვრებელი სახლის ეზოში, რაც 2020 წლის 4 თებერვალს, 22:30 საათიდან 2020 წლის 5 თებერვლის 00:15 საათამდე დროის შუალედში ჩატარებული საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას ამოიღეს.
2020 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ნ. შ–ს ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე, მის მფლობელობაში არსებულ სასურსათო მაღაზიაში შვილი, რ. შ–ე ასაფეთქებელი მოწყობილობის (ხელყუმბარის) გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის აფეთქებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით:
რ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ. შ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოირიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე.
რ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ხ–ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით.
რ. შ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 5 თებერვლიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რამაზ შანიძემ. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დანარჩენ ნაწილში კი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რამაზ შანიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. შ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
8. ამასთან, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ რ. შ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
9. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და ჩხრეკაში მონაწილე პირების - დ. წ–ს, მ. დ–ს, ე. ა–ს ჩვენებებით, დ. ც–ს, ზ. ა–ს, შ. პ–ს გამოკითხვის ოქმებით (უდავოდ იქნა ცნობილი), ასევე რ. ფ–ს, მ. ხ–ს ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2020 წლის 4 თებერვალს, 22:30 საათიდან 2020 წლის 5 თებერვლის 00:15 საათამდე დროის შუალედში ჩატარებული საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული, ქარხნული წესით დამზადებული, 2 ერთეული „РГД-05“ ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხელის მსხვრევადი ყუმბარა, სასკდომი მუხტი და 2 ერთეული საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ლითონის „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია. პიროტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით 2 ერთეული ელიფსური ფორმის ლითონის ხაკისფერი საგანი „РГД -......... და ......... „ წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 2 ერთეულ „РГД-..“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით, 2 ერთეული ცილინდრული ფორმის ლითონის კონსტრუქცია კი ბერკეტით, ჭილიბით, რგოლით და მარკირებით „УЗРГМ-......“ და „УЗРГМ-.......“ წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქ ფალიებს რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პიროტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნა კატეგორიულად არ ადგენს ზ/ა საბრძოლო მასალის ვარგისიანობას დანიშნულებით გამოყენებისათვის. კერძოდ, ზ/ა N ....დასკვნის და ექსპერტ ვ. ნ–ს ჩვენების თანახმად, საბრძოლო მასალები, სავარაუდოდ, ვარგისია დანიშნულებით გამოსაყენებლად.
11. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის ვარაუდი განპირობებული იყო მტკიცებულებების არგანადგურებითა და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ. დ–მ აღნიშნა, რომ რ. შ–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთების ვარგისიანობა არ არის საეჭვო და არის ვარგისი, აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთების და საგნების ვარგისიანობა და საბრძოლო მასალის მიკუთვნება ფეთქებადი კატეგორიისადმი უნდა განხორციელდეს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და არა გამომძიებლის ჩვენების საფუძველზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ექსპერტ ვ. ნ–ს განმარტებას, რომ სპეციალური საბრძოლო გამოცდის გარეშე მას არ შეუძლია კატეგორიულად იმის თქმა, საბრძოლო მასალა ვარგისია თუ არა გამოყენებისათვის.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ–ს რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე