Facebook Twitter

ას-987-1235-04 12 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 30 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ თბილისის ¹... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს (ხ.-ს, მ.-ის, ქ.-ისა და ლ.-ს) პირობადადებულ საკუთრებაში გადასცა პოლიკლინიკა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად.

2000წ. მაისშივე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქონება გადაეცა შრომით კოლექტივს.

2000წ. 1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ¹1,4\728 ბრძანებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დააფუძნა შპს „... პოლიკლინიკა“, რომლის დირექტორად დაინიშნა ლ. ხ.-ა. შპს „... პოლიკლინიკა“ 2000წ. 30 ოქტომბრის დადგენილებით გატარდა სამეწარმეო რეესტრში.

2000წ. 2 დეკემბერს ქონების მართვის სამინისტრომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹843-ბ, რომლითაც შრომით კოლექტივს საკუთრებაში გადასცა აღნიშნული ქონება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შრომითი კოლექტივის სარჩელი საწარმოს რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კერძოდ, საწარმოს დამფუძნებლად საქართველოს ქონების მართვის სამმართველოს ნაცვლად ცნობილ იქნენ ¹... პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილი ამხანაგობის წევრები (სულ _ 79 წევრი). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ძალადაკარგულად ჩათვალა მის მიერ გამოცემული ბრძანება ¹1-4\728 2000.16.10 ლ. ხ.-ს ¹... პოლიკლინიკის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

2003წ. 6 თებერვალს ლ. ხ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მის მიერ გამოცემულ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ შპს-ის დაარსება და დირექტორის დანიშვნა მოხდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სახელმწიფომ ქონება გაასხვისა შრომით კოლექტივზე და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, ჩარეულიყო კერძო პირთა საკუთრებაში არსებული ქონების მართვაში.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ხ.-ს სარჩელი _ ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და ლ. ხ.-ა აღდგენილ იქნა პოლიკლინიკის დირექტორად. არ დაკმაყოფილდა ხ.-ს სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

ლ. ხ.-მ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობისა და ხ.-ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გაასაჩივრა საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ქიქოძემ, რომელმაც განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ შელახა პრივატიზირებული საწარმოს მესაკუთრეთა (პარტნიორთა) უფლებები და დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა პირი მაშინ, როცა დირექტორის დანიშვნის საკითხი, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, საწარმოს პარტნიორების პრეროგატივაა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთ სააპელაციო პალატის 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით საწარმოთა მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ლ. ხ.-ს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ თბილისის ¹... პოლიკლინიკა 2000წ. 30 მაისს სახელმწიფო ქონების სამინისტრომ მიჰყიდა პოლიკლინიკის შრომის კოლექტივს და, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გადასცა პოლიკლინიკის ქონება, კერძოდ, უძრავ-მოძრავი ქონება.

სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ქონება არის კერძო სამართლის სუბიექტების საკუთრება.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ქონების მესაკუთრეა არიან შრომითი კოლექტივის 79 წევრი, მათ შორის _ მოსარჩელე ლ. ხ.-. 2000წ. 22 დეკემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, საწარმოს დაფუძნებისას პარტნიორებს შეაქვთ ფულადი ან არაფულადი შესატანი, რომელიც შეტანამდე მათი საკუთრებაა. სახელმწიფო ვერ დააფუძნებდა შპს-ს სხვის ქონებაზე და, მით უფრო, ვერ დანიშნავდა დირექტორს, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46.9 მუხლით, პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, ხოლო 47.2 „პ“ პუნქტით, პარტნიორებისაგან შემდგარი საერთო კრება უფლებამოსილია, დანიშნოს და გამოიწვიოს დირექტორი. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, სსიპ „საწარმოთა მართვის“ სააგენტო განმარტავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს პარტნიორი ფიზიკურ პირზე გასხვისებულ საწარმოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას საწარმოს მართვაში, მით უფრო ვერ დანიშნავს და გაათავისუფლებს დირექტორს.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ.-მ.

კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 5 თებერვლის ბრძანებას საფუძვლად დაედო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო კანონიერ ძალაში შესული და რომლის საფუძველზეც უკანონოდ მოხდა 2002წ. 19 აგვისტოს ასევე უკანონო დადგენილების მიღება. გარდა ამისა, ქონების მართვის სამმართველოს გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის პერიოდში ის იმყოფებოდა დროებითი შრომისუუნარობის ფურცელზე. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ 26-ე პოლიკლინიკაში ჯერ დაფუძნებული არ არის კერძო სამეწარმეო საზოგადოება, ვინაიდან შრომით კოლექტივის ამხანაგობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას ქონების შეძენა არ ნიშნავს, რომ მათ მიერ დაფუძნებულ იქნა სამეწარმეო საზოგადოება. სააპელაციო პალატა არასწორად უთითებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.9-ე და 47.3-ე მუხლეზე, დროებითი ამხანაგობის 79 წევრის, როგორც პარტნიორებისა და დამფუძნებლების შესახებ, რადგან დღეის მდგომარეობით ამხანაგობის წევრები არ არიან არც პარტნიორები და არც დამფუძნებლები. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საწარმოთა მართვის სააგენტო არ შეიძლება იყოს პარტნიორი ფიზიკურ პირთან. იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას საწარმოს მართვაში, მით უფრო, გასხვისებულ საწარმოში ვერ დანიშნავს და ვერ გაათავისუფლებს დირექტორს. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია სადავო ბრძანების გამოცემა სააგენტოს მიერ.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის ურთიერთობა პარტნიორებთან რეგულირდება “მეწარმეთა შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კომპეტენციაში შედის დირექტორთა დანიშვნა და გამოწვევა, მათთან შრომითი ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა. თუ პარტნიორი დირექტორთან ურთიერთობაში ვადიანი ხელშეკრულებით არ არის შეზღუდული, მას ნებისმიერ დროს შეუძლია, გადაწყვიტოს საწარმოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი. დირექტორებს მინდობილი აქვთ რა მთელი საზოგადოების ქონების მართვისა და განკარგვის უფლება, მათი გათავისუფლებისას შკკ-ის ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ამ თანამდებობის პირების გათავისუფლების საკითხში დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, საზოგადოებას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში შრომის სამართლის ისეთი ნორმების გამოყენება, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავენ, მიზანშეუწონელია. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორები ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს, მათი გათანაბრება მუშა-მოსამსახურეებთან, დირექტორების სამართლებრივი მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის გამართლებული. დირექტორთა დანიშვნაც და გამოწვევაც უნდა მოხდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის დანაწესებიდან გამომდინარე.

საწარმოს დამფუძნებელმა გაათავისუფლა რა დირექტორის თანამდებონიდან ლ. ხ.-ა, უარს აცხადებს საწარმოს დირექტორად მის აღდგენაზე. იგი აცხადებს, რომ საწარმოს ქონება და მისი წილი საწარმოში უკვე გასხვისებულია და შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ქონების შემძენნი და საწარმოს წილის ახალი მფლობელნი თავად დანიშნავენ დირექტორს.

დირექტორებს მინდობილი აქვთ საზოგადოების ქონების მართვისა და განკარგვის უფლება, ისინი წარმოადგენენ საზოგადოებას სხვა პირებთან ურთიერთობაში. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ასეთი პასუხისმგებლობის მატარებელი პირი არ უნდა იყოს მის მიერ დანიშნული დირექტორი, რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება მისი პასუხისმგებლობის რისკი საწარმოს წილის ახალი შემძენის მიმართ.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.6 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ. შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებამდე საწარმოს დამფუძნებელი უფლებამოსილია, განახორციელოს მისი უფლებები და ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხე უკვე აღარ იყო უფლებამოსილი, გამოეცა სადავო ბრძანება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენდა მოპასუხისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას და მან ამ უფლების საფუძველზე მიიღო გასაჩივრებული ბრძანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ხ.-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.