Facebook Twitter

საქმე # 170100119003054976

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №498აპ-21 ქ. თბილისი

ჯ. გ., 498აპ-21 29 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1 გ. ჯ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

გ. ჯ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ჯ–ში მდებარე გ. ჯ–ს და მ. მ–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გ. ჯ–მ მარჯვენა ხელის სახეში ერთჯერადი დარტყმის და მოგვიანებით ქვედა ყბაზე ხელის ძლიერად მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მ. მ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

თ–ს რაიონის სოფელ ჯ–ში მდებარე, გ. ჯ–ს და მ. მ–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, 2017 წლიდან 2019 წლის 9 მაისის ჩათვლით დროის შუალედში, გ. ჯ–ის მიერ მუდმივი ლანძღვისა და შეურაცხყოფის გზით თავისი მეუღლის - მ. მ–ს პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირების გამო, დაზარალებულმა, 2019 წლის 9 მაისს, დანით მარჯვენა ხელის მაჯის მიდამოში გამავალი ვენების გადაჭრის გზით სცადა თვითმკვლელობა.

1.2 ე. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ–ს რაიონის სოფელ ჯ–ში მდებარე, გ. ჯ–ს და მ. მ–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, 2017 წლიდან 2019 წლის 9 მაისის ჩათვლით დროის შუალედში, ე. შ–ს მიერ მუდმივი ლანძღვისა და შეურაცხყოფის გზით თავისი რძლის - მ. მ–ს პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირების გამო, დაზარალებულმა, 2019 წლის 9 მაისს დანით მარჯვენა ხელის მაჯის მიდამოში გამავალი ვენების გადაჭრის გზით სცდა თვითმკვლელობა.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ჯ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ე. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულებს: გ. ჯ–სა და ე. შ–ს, განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, გ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ე. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ე. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

8. დაზარალებულმა - მ. მ-მ, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის (მეუღლის) - გ. ჯ–ის - წინააღმდეგ.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება.

10. საქმის განხილვის პროცესში მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული მოწმეების: მ. ჯ–ს, ლ. ბ–ს, ე. ს–ს, ზ. ჯ–ს. კ–ს, ვ. ო–ს, ასევე არასრულწლოვანი მოწმეების: მ. ჯ–ს და ლ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმები. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირები და არ დაუნახავთ გ. ჯ–ის მხრიდან მ. მ–ზე ძალადობის ფაქტი, ასევე, ვერც ერთი ზემოთ აღნიშნული მოწმე ვერ ადასტურებს მუქარის, სისტემატური ძალადობისა და ღირსების შელახვის ფაქტს. ე. შ–ის ბრალდების ნაწილში დაზარალებულ მ. მ–ს ჩვენება ეწინააღდეგება მოწმეების: მ. ჯ–ს, ე. ს–ს, ნ. კ–ს, ვ. ო–ს, მ. დ–სა და ნ. დ–ს ჩვენებებს. ე. შ–ის ბრალდების ნაწილში ერთადერთ მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენება, რომლის თანახმად მის მიერ თვითმკვლელოს მცდელობის ერთადერთ მიზეზს წარმოადგენდა ე. შ–ის მხრიდან მისი შეურაცხყოფა. სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულის და ბრალდებულის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილ ნეიტრალურ მოწმეთა (ნ. კ–ი, ვ. ო–ი, ე. ს.ი) ირიბი ჩვენებების თანახმად, დაზარალებულის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად დაზარალებული უთითებდა მეუღლის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ე. შ–ის მოქმედებების კავშირი მ. მ–ს მიერ თვითმკვლელობის მცდელობასთან.

11. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. შ–ის მიერ მ. მ–ზე განხორციელებული მუქარა ან სასტიკი მოპყრობის ფაქტი. დაზარალებულის ჩვენებით მართალია დასტურდება ე. შ–ის მხრიდან პატივისა და ღირსების დამცირება, თუმცა ვერ დასტურდება მისი სისტემატური ხასიათი, რაც საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ჯ–სა და ე. შ–ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007;)

16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე