საქმე # 080100119003130833
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №506აპ-21 ქ. თბილისი
მ. დ. 506აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ. და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ. საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. მ., - დაბადებულს 1.... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 04:50 საათზე, ქ.... საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დ. მ. დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალაყინისა და ე.წ. ,,ბარგალკის“ გამოყენებით უკანონოდ შეაღწია სს ,,......“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ფულად თანხას - 173,50 ლარს, რის შედეგადაც, სს ,,.....“ მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
დ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ, რომელმაც მოითხოვა დ. მ. დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენით:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი დ. მ–ს მიმართ.
დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ. მ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დ. მ. წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით, სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი სასჯელების მოუხდელი ნაწილები - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. მ. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 ივნისიდან 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მ, რომლებმაც მოითხოვეს დ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. მ–ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17). საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ნაწილში პოლიციელთა ჩვენებები ურთიერთანხვდენილი და თანმიმდევრულია. სამივე მათგანი უთითებს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მათი მისვლა განაპირობა იმან, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შენიშნეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მდგარი 4 პირი, რომლებიც ე.წ. „ბარგალკით“ ჭრიდნენ აპარატს, საიდანაც ცვიოდა ნაპერწკლები. როდესაც მიუახლოვდნენ, ისინი მიხვდნენ, რომ პოლიციელები იყვნენ და ოთხივენი მაშინვე გაიქცნენ. დ. და გ. კ. დაედევნენ ერთ-ერთ პირს ფეხით, ვ. კი ავტომანქანით დაედევნა გაქცეულ სამ პიროვნებას, რომლებიც საერთო ბინების მიმართულებით გაიქცნენ და მიიმალნენ. დ. მ. და გ. კ. გარკეული მანძილის შემდეგ დააკავეს ერთ-ერთი პირი - დ. მ. მათ დაადასტურეს, რომ დაკავებისას დ. მ–ს ხელში ეჭირა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის მოსათავსებელი ყულაბა. დაკავების შემდეგ დ. მ-ს განემარტა უფლებები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მის ხელთ არსებული ყულაბა.
4. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას პოლიციელთა ჩვენებასა და ვიდეოჩანაწერს შორის არსებული წინააღმდეგობის შესახებ. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ 04:46:08 საათზე ჩარიცხვის აპარატთან პოლიციის ავტომანქანის მისვლამდე მოკაშკაშე სინათლე, ნაპერწკლების სახით, ჩანს არაერთხელ, ბოლოს კი - 04:44:23-ზე, რის შემდეგაც კადრში ჩნდება პოლიციის მანქანა, საიდანაც სამი პირი გადმოდის, ორი მისდევს გაქცეულ პირებს, ერთი კი მანქანაში ბრუნდება და მანქანით გადის კადრს მიღმა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 განაჩენი; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმის სხვა მტკიცებულებებთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან და კასატორსაც არ წარმოუდგენია მოწმე პოლიციელების რაიმე სახით ან საფუძვლით დაინტერესების თაობაზე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე №96აპ-17).
5. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 14 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში საგამოძიებო მოქმედების აღნიშნული ოქმის თაობაზე მოცემულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
6. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დადგინდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 83-ე მუხლის საფუძველზე დაცვის მხარისთვის გაცვლილი და გადაცემული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ასლის თანახმად, ოქმის მე-5 გვერდზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არ არის მითითებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთებში; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მე-5 გვერდზე დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთების დასახელებაში მე-10 ნომრად მითითებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (იხ. ტ.1, ს.ფ.29-35).
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამავე ოქმში დათვალიერების მიმდინარეობის და შედეგების აღწერის ნაწილში გარკვევითაა აღნიშნული, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოხდა სს „.....“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამოღება და პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადატანა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია რაიმე ცვლილების (მათ შორის დამატების) შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესისაგან განსხვავებული ფორმით/გზით post factum საგამოძიებო მოქმედების ოქმში მონაწილე პირების ხელმოწერის შემდეგ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და დაცვის მხარისათვის გადაცემულ ოქმს შორის არსებულ განსხვავებას სასამართლო ვერ მიიჩნევს უმნიშვნელოდ, რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსაც მკაფიოდ უნდა მიეთითებინა გასაჩივრებულ განაჩენში.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა დასაშვეობის და სარწმუნოობის კრიტერიუმს, რის გამოც სასამართლო საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე განაჩენის დადგენისას მოკლებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გაზიარების შესაძლებლობას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 14 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარეს დეტექტივის თანაშემწემ რ. სს „.....“ წარმომადგენლის - ი. და ექსპერტ - გ. ჯ-ს მონაწილეობით, ხოლო დ. მ–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. კ-ს მიერ დ. ბ-ს მონაწილეობით. შესაბამისად, არ არსებობს თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების და დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შედგენისას დაშვებული დარღვევების გამო, არ იკვეთება აღნიშნულ პირთა ჩვენებების სანდოობაში არც ამ კუთხით ეჭვის შეტანის საფუძველი.
10. ბრალდების მხარის მიერ სხვადასხვა ექსპერტიზის ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მითითებაზე სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება რომ დაცვის მხარეს არ მიეცა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ექსპერტიზების ჩატარების შესაძლებლობა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმეების - ვ., დ. ბ., გ. კ-ს ჩვენებებით, შპს „.......დან“ გამოთხოვილი 2019 წლის 14 ივნისის ჩანაწერით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული და ოქმზე მის მიერ რაიმე შენიშვნა არ არის გაკეთებული), დაზარალებულის, სს „....ს“ წარმომადგენელ ი-ს ჩვენებით, 2019 წლის 27 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, შპს „....ს“ გენერალური დირექტორის, ლ-ს წერილით დასტურდება დ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, §31, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR, no. 15256/05, §103, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, §33, 21/07/2015), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილული იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, nos.21447/11,35839/11, §65, 66, 27/02/2020). ამასთანავე იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, nos. 21447/11,35839/11, §69, 27/02/2020).
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. მ–ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერია, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. მ-მ და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები მ. ვასაძე
შ. თადუმაძე