საქმე # 330100119002795402
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №512აპ-21 ქ. თბილისი
გ. ჯ. 512აპ-21 29 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ჯ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული ჯ. გ–ე 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, .......... გზატკეცილის, №..-ში არსებული ობიექტის ეზოდან, წინასწარი შეთანხმებით, ზ. ბ–სა და დ. გ–თან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა შპს „........ის“ კუთვნილ, ოთხ ცალ, დაახლოებით რვამეტრიან სარკინიგზო ლიანდაგს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა, მისდგომოდა 764 ლარისა და 24 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
ჯ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 13 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ნ–მ და მოითხოვა ჯ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ნ–მ, რომელმაც მოითხოვა ჯ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
7. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, გარდა ბრალდებულ დ. გ–ს ჩვენებისა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, ვინაიდან მან აღნიშნული ჩვენება მისცა თავის გადასარჩენად. კასატორის მტკიცებით, მან მხოლოდ მას შემდეგ მისცა მამხილებელი ჩვენება რაც ბრალდების მხარემ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, რაზეც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა. პოლიციის თანამშრომლები: ზ. მ–ი, ზ. მ–ი, ზ. ქ–ი არიან ირიბი მოწმეები, ისინი არ არიან უშუალოდ მონაწილე პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ჯ. გ–ს, დ. გ–სა და ზ. ბ–ს მოლაპარაკებებს.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოცემულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეების: გ. ი–ს, დ. გ–ს, ზ. მ–ის, ზ. მ–ის, ზ. ქ–ის, ე. მ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 26 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით - დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და სურს აღნიშნული ზიანის მიყენება. ამდენად, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ასევე - თავისი ქმედებით უფლებამოსილი პირისთვის ზიანის მიყენება.
10. მოცემულ შემთხვევაში, თანაბრალდებული დ. გ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მან რელსის ამოღებაში დახმარება სთხოვა ჯ. გ–ს და ზ. ბ–ს, უთხრა რომ „რკინა, რელსია ამოსაღები.. ჩავაბაროთ და ფული გვექნება“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი 20:01:28). მისივე განმარტებით, ჯ. გ–ემ იცოდა რომ მიდიოდნენ მოსაპარად (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი 20:22:10-20:22:37, 20:33:05-20:33:36), „როგორც მან იცოდა, ასევე იცოდა ჯ. გ–ემ, რომ რელსების ამოღება იყო დანაშაული, ყველამ იცის რომ დანაშაულია“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი 20:19:30 – 20:20:29).
11. ვინაიდან ბრალდების მხარემ უარი თქვა მოწმე ზ. ბ–ის დაკითხვაზე, საქმეში წარმოდგენილ ძირითად პირდაპირ მამხილებელ ჩვენებას წარმოადგენს დ. გ–ს ჩვენება. სასამართლო იზიარებს ევროპული სასამართლოს პოზიციას მოწმის მიერ უპირატესობით სარგებლობის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების გამოყენებისადმი ფრთხილი მიდგომის საჭიროების შესახებ. მართალია ასეთი ჩვენების გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ იქნეს მიჩნეული (იხ. Cornelis v. the Netherlands, no. 994/03, ECtHR, 25/02/2004), თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩვენების ხასიათთან ერთად ასევე ჩვენების მიცემის დრო, მოტივი, ჩვენების სანდოობა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. გ–ს ჩვენება არ არის ერთადერთი მამხილებელი მტკიცებულება, რომელსაც ემყარება ჯ. გ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. დ. გ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ ირიბ ე.წ. გარემოებით მტკიცებულებებთან. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის საგანს (4 ცალი დაახლოვებით 8 მეტრიანი სარკინიგზო ლიანდაგი), დანაშაულის ჩადენის დროსა და ადგილს, ასევე იმ გარემოებას, რომ ჯ. გ–ს დ. გ–თან ნაცნობობის პირობებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რაც მიუთითებდა რომ ჯ. გ–ს შესაძლოა ჰქონოდა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დ. გ–ს ჰქონდა კანონიერი უფლებამოსილება მიწიდან რკინიგზის რელსების ამოღებასა და გასხვისებაზე.
13. ზ. მ–ის, ზ. მ–ის, ზ. ქ–ის ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, .....ს გზატკეცილის, №..-ში არსებული ობიექტის ეზოში მისულ პოლიციის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ ჯ. გ–ე, ზ. ბ–ე, დ. გ–ი და გ. ი–ი, რომლებსაც რკინის რელსები ჰქონდათ მიტანილი ავტომობილთან.
14. გ. ი–ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას სამივე (ჯ. გ–ე, ზ. ბ–ე და დ. გ–ი) მოელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ 60 ლარად წაჰყვებოდა ........ის ტერიტორიაზე მდებარე შენობის ეზოში რკინის დასაჭრელად, სამივე თანაბრალდებული ეხმარებოდა რკინის რელსების დაჭრაში.
მოწმეთა ( გ. ი–ი, ზ. მ–ი, ზ. ქ–ი) და დ. გ–ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრულია, თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი.
15. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას რომ ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე დ. გ–ს შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მას შემდეგ, რაც მან გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ვინაიდან 2018 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე, მას შემდეგ რაც მოსამართლის მიერ მოხდა ბრალდებულების ვინაობის დადგენა, უფლებების განმარტება, ბრალდების არსის და კვალიფიკაციის განმარტება, გარკვევა ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობის საკითხის გარკვევისას მხარეებს დაუსვა კითხვები, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მათი მხრიდან იყო შეთავაზება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რაზეც ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, დაცვის მხარემ კი ითხოვა დრო პოზიციების შესათანხმებლად. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, საპროცესო შეთანხმება სასამართლოს მიერ დამტკიცებულია 2019 წლის 14 თებერვალს, ხოლო დ. გ–ი დაკითხული იქნა 2020 წლის 3 ოქტომბერს. ამასთანავე, სასამართლო ითვალისწინებს რომ დ. გ–ი გამოძიების ეტაპზე, პირველივე გამოკითხვის დროსაც (იხ. ტ. 1, ს.ფ. 53-55) მიუთითებდა მასსა და ჯ. გ–სა და ზ. ბ–ს შორის არსებულ ურთიერთშეთანხმებაზე და აღნიშნავდა, რომ ვინაიდან იცოდა, რომ მისი მეგობრები ზ. ბ–ე და ჯ. გ–ე იყვნენ უმუშევრები, მათ შესთავაზა, რომ მოეპარათ ლიანდაგები, რაზეც ისინი დათანხმდნენ. ...ჯ. გ–ემ და ზ. ბ–ემ თავიდანვე იცოდნენ, რომ სარკინიგზო ლიანდაგები უნდა მოეპარათ სხვისი ეზოს ტერიტორიიდან, რაზეც იყვნენ თანახმა და ისინი სამივე, თავიდანვე ერთად იმყოფებოდნენ ლიანდაგების ქურდობის დროს. იგივე დასტურდება 2018 წლის 26 აგვისტოს დ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც ( დ. გ–მ მიუთითა შემთხვევის ადგილზე, ქ. თ–ში, ......ს გზატკეცილის N..-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ეზოზე და აღნიშნა, რომ ჯ. გ–სთან და ზ. ბ–სთან ერთად, 2018 წლის 25 აგვისტოს მოიპარა აღნიშნული შენობის გვერდით არსებული რკინიგზის ლიანდაგები. იხ. ტ. 1, ს.ფ. 93-100).
16. კასატორი მიუთითებს ბრალდების მხარის დიფერენცირებულ მიდგომაზე ჯ. გ–სა და გ. ი–ს მიმართ (ქმედების მართლწინააღმდეგობის შეცნობის ნაწილში). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 166-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). ვინაიდან კასატორთა „რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე