საქმე # 140100118002731705
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №528აპ-21 ქ. თბილისი
ა. ი. 528აპ-21 25 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ი. ა–მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით
დაუფლებოდა სხვის ქონებას, რის გამოც 2012 წლის იანვარში ე. გ–ს გაეცნო ი. რ–ს სახელით. ნდობის მოპოვების მიზნით, მის მეუღლეს - თ. ა–ს არ გადაახდევინა მასაჟის კურსის საფასური. ი. ა–მ ე. გ–ს მოატყუა, თითქოს ქ. ვ–ში ჰყავდა მამა, რომლის უძრავი ქონების თავის სახელზე გასაფორმებლად სჭირდებოდა თანხა. სინამდვილეში, ი. ა–ს მამა - მ. გ. გარდაიცვალა 2001 წელს. ასევე იცრუა, რომ მის მეგობარ ვინმე ნ–ს ოქროს ბიზნესისათვის სჭირდებოდა ფული და ე. გ. ამ ბიზნესში მონაწილეობის შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. მოგვიანებით ი. ა–მ ე. გ. კვლავ მოატყუა, რომ ,,ნ–ო“ დაიჭირეს თ–ს რესპუბლიკაში და მის დასახმარებლად სჭირდებოდა თანხა. ამგვარი ხერხით, 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით, ი. ა–მ ე. გ–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით რამდენჯერმე გამოართვა თანხა და ოქროს სამკაულები და საბოლოოდ დაეუფლა დაზარალებულის დიდი ოდენობით ქონებას.
ი. ა–მ განიზრახა დ. ჩ–ს ქონების მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება, რისთვისაც 2013 წლის თებერვალში, გ–ში, ჭ–ს ქუჩა №..-ში მდებარე სილამაზის სალონში ი. ა–ე დ. ჩ–ს გაეცნო ,,ი. რ–ს“ სახელით. მან იცოდა, რომ დ. დ–ს ჰქონდა ოქროს ბიზნესი, ნდობის მოპოვების მიზნით რამოდენიმეჯერ გამოართვა ოქროს სამკაული, რომლის საფასური გადაუხადა მოგვიანებით. ი. ა–მ დ. ჩ–ს მოატყუა, რომ ჰყავდა ნათესავები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის ყოფილი წევრები და ფლობდნენ უძრავ ქონებას, ასევე - ჰქონდათ ბიზნესი თ–ში, რომ მის თანამშრომლებს სურდათ ოქროს სამკაულების შეძენა და მოტყუებით გამოართვა დიდი ოდენობის ოქროს სამკაული, რომლის საფასური არ გადაუხადა. მოგვიანებით დ. ჩ–ს მოატყუა, რომ გ–ში ჰყავდა ბიძა და ვინაიდან დაზარალებული აპირებდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას, ი. ა–ე დაეხმარებოდა და გ–დან ჩამოატანინებდა აღნიშნულ ტექნიკას, რის გამოც მან დ. ჩ–ს გამოართვა დიდი ოდენობის ოქროს სამკაულები და თანხა. ამის შემდეგ, ი. ა–მ კვლავ იცრუა დ. ჩ–სთან, რომ პირი, ვისაც უნდა ჩამოეტანა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, დაიჭირეს თ–ის რესპუბლიკაში და აუცილებელი იყო მისი გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიკარგებოდა დ. ჩ–ს ფული და ოქროს სამკაულები, დ. ჩ–ე ვერც შეპირებულ ტექნიკას მიიღებდა და ვერც მის კუთვნილ თანხას ვერ დაიბრუნებდა. აღნიშნული ხერხით, 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის შემოდგომის ჩათვლით, ი. ა–მ დ. ჩ–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით რამდენჯერმე გამოართვა დიდი ოდენობით თანხა.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელად დაენიშნა:
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ე. გ.ს ეპიზოდი) –50 000 ლარი ჯარიმა;
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ჩ–ს ეპიზოდი) – 50 000 ლარი ჯარიმა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ი. ა–ს საბოლოოდ დაეკისრა - 50 000 ლარი ჯარიმა;
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ.მ.
3.1. პროკურორი საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი. ა–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა თავისუფლების აღკვეთასთან.
3.2. მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ს. ჯ. ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ი. ა–ს გამართლებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ.მ.
5.1. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ი. ა–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
5.2. მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ–მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ი. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაადგენა. დაცვის მხარემ დაარღვია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენის გასაჩივრების 1 - თვიანი ვადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა.
5.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია დაცვის მხარის შესაგებელი.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით დასტურდება ი. ა–ს მიერ ე. გ–სა და დ. ჩ–ს მიმართ თაღლითობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
8. ე. გ.ს მიმართ თაღლითობის ჩადენის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ე. გ–ს, მოწმეების: თ. ა–ს, ზ. გ–ს, რ. გ–ს, გ. გ–ს, კ. ჭ–ს, კ. გ–ს, ნ. კ–ს, გ–ი(გ.) კ–ს, ხ. პ–ს, თ. პ–ს, რ. კ–ს, გ. ჯ–ს, ა. კ–ს, რ. პ–ს ჩვენებებით, გ–ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის წერილით, გ–ს საქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 9 თებერვლის წერილითა და ქორწინების აქტის ჩანაწერით, შსს გ–ს რაიონული სამმართველოს წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, 2013 წლის 28 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, შ–ს სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილებით, შემოსავლების სამსახურის წერილითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ი. ა–ე ე. გ.ს ოჯახს გაეცნო ი. რ–ს სახელით, მოიპოვა მისი ოჯახის ნდობა, თითქოსდა მის მეგობარ „ნ–ს“ ოქროს ბიზნესისათვის სჭირდებოდა ფული, რის შედეგადაც ე. გ.ც მიიღებდა ფულად სარგებელს. შემდგომში კი ჯერ თ–ში „დაჭერილი ნ–ს“ დასახსნელად სთხოვა 3 000 აშშ დოლარი, რომელიც ე. გ–მ 10%-იანი სარგებლით ისესხა ც. კ–გან და ი–ს გადასცა, ხოლო მოგვიანებით - ადვოკატისათვის გადასაცემად და ოქროს ნივთების გამოსატანად კვლავ სთხოვა 6 000 აშშ დოლარი; მოგვიანებით ისევ გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რომელიც ე. გ–მ ამ მიზნით თავის თანასოფლელ რ. პ–სგან ისესხა 10%-იანი სარგებლით. 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისმდე პერიოდში ი. ა–მ მას მოტყუებით გამოართვა - 130 000 აშშ დოლარი და თავისი მეუღლის ოქრო. ი. ა–ე არწმუნებდა მას, თითქოსდა რ–ში ჰქონდა სასტუმრო და რესტორანი, რომელსაც 5 მილიონ დოლარად ყიდდა, ასევე, ც–ს მხარეს - 500 000 ლარად შეფასებული ნაკვეთი, რომელიც იყო მამის - ი. რ–ს საკუთრება, მაგრამ როგორც შემდგომში მისთვის გახდა ცნობილი, ი. ა–ს არანაირი ნაკვეთი ც–ში არ ჰქონია და არც ,,ნ–ო“ არსებობდა. ე. გ.ს მიერ მსჯავრდებულისთვის ფულადი თანხებისა და ოქროს ნივთების გადაცემის ფაქტი დაადასტურა მოწმე თ. ც–მ. მსჯავრდებულის მიერ ნდობის მოპოვებისა და ამ ნდობის საფუძველზე მოტყუებით ი. ა–სთვის თანხის გადაცემის ფაქტები დასტურდება რ. გ–სა და გ. გ–ს ჩვენებებითაც; ხოლო კ. ჭ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ე. გ–სათვის სესხად გაცემული თანხის პროცენტი მას პირადად ი. ა–მ რამდენჯერმე გადაუხადა.
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ა–ს მიერ დ. ჩ–ს მიმართ თაღლითობის ჩადენაც (მათ შორის საქმეში წარმოდგენილი: დაზარალებულ დ. ჩ–ს, მოწმეების: ა. დ–ს, ნ. დ–ს, თ. ხ–ს, თ. კ–ს, კ. ჯ–ს, ნ. ხ–ს, ლ. დ–ს, ქ. ა–ს ჩვენებებით, გ–ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის წერილით, გ–ს საქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 9 თებერვლის წერილისა და ქორწინების აქტის ჩანაწერით, შსს გ–ს რაიონული სამმართველოს წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, 2013 წლის 28 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, შ–ის სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილებით, შემოსავლების სამსახურის წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით და სხვა მტკიცებულებებით). ი. ა–მ მოიპოვა დ. ჩ–სა და მისი ოჯახის ნდობა, შემდეგ კი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხებს (100 000 ლარსა და 90 000 აშშ დოლარს) - ი. ა–ე დ. ჩ–საც გაეცნო გამოგონილი გვარით, შეუქმნა არასწორი წარმოდგენა მისი პიროვნებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, უთხრა, რომ ს–ში ავადმყოფი მეუღლის გარდა არავინ ჰყავდა, კ–ში ცხოვრობდა მამა, რომელსაც კონტრაქტის თანახმად, წამოსვლის უფლება არ ჰქონდა, ფლობდა სერიოზულ ბიზნესს და აკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს. თითქოსდა, მ–სა და ვ–შიც ჰქონდა ბინები და მიწის ნაკვეთი. არწმუნებდა, რომ ბიძამისი, რომელიც ცხოვრობდა გ–ში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში დაეხმარებოდა და ამ მიზნით, მოტყუებით გამოართვა სხვადასხვა ოდენობის თანხა და ოქროს ნივთები. მოცემულ გარემოებებს ადასტურებს მოწმე ა. დ–ი, რომელმაც განმარტა, რომ ი. ა–მ მათი ნდობა მოიპოვა, რადგან უთხრა, რომ ჰყავდა მდიდარი სანათესაო, ჰქონდა ქონება, რის საფუძველზეც გადასცეს თანხა და ოქროს ნივთები. მოწმე ნ. დ–ს ჩვენებით დგინდება, რომ შეესწრო ი. ა–სთვის ფულის გადაცემის ფაქტს, რომელიც დ. დ–ს მისმა ბიძაშვილმა მოუტანა. ი. ა–სათვის ოქროს ნივთებისა და ფულადი თანხების გადაცემის ფაქტი დასტურდება ასევე თ. ხ–ს ჩვენებით, რომელიც უთითებს, რომ თავად შეესწრო როგორც დ. დ–სგან ი. ა–ს მიერ 11 000 ლარის ოქროს ნივთების წაღებას, ასევე საუბარს, რომელიც ი. ა–ს მიერ ჩამოსაყვან ტრაქტორებს შეეხებოდა.
10. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაინტერესებული დაზარალებულების ჩვენება, რომელიც სანდოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. მსჯავრდებულ ი. ა–ს ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომლებიც ერთმანეთთან თანხვდენილია და მათ შორის არსებითი წინააღმდეგობები არ არის. ასევე დაუსაბუთებელია ადვოკატის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 264-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს სესხის ხელშეკრულების ფორმას. წერილობითი ფორმის დაუცველობა არ ადასტურებს ი. ა–ს უდანაშაულობას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში(ორი ეპიზოდი) მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ი. ა–ს სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. ა–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება) და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე