საქმე # 020100118002791152
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№53აპ-20 ქ. თბილისი
თ. ბ., 53აპ-20 2 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების - ი. ფ-ს, ბ. ჯ-ს, თ. თ-ს, ბ. ა-ს, მ. კ-ს, მ. შ-ს, ლ. ჟ-ს, ი. კ-ს, ნ. ნ-ს ჩვენებებით, დაზარალებულ გ. გ-სა და მოწმე გ. გ-ს სასამართლოში გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბ. თ-ს ბრალეულობა; ბრალდების მხარის სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცების საპირისპიროდ, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი სამხილი, რომელიც დაადასტურებდა ბ. თ-ს ჩვენებას, რომლის თანახმადაც, იგი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა; კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაედებოდა საფუძვლად მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენებები, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარემ დამატებით წარმოადგინა სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ერთობლივად შეფასებისას გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ. თ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. თ-ს ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, .. მდებარე რესტორან „ს-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულმკერდის არეში დაარტყა დანა გ. გ-ს, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. ბ. თ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით ბ. თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ბ. თ-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მოწმეების - მ. კ-ს, თ. თ-სა და კ. ქ-ს ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არაფრის მთქმელია, ხოლო მოწმეების - ი. ფ-ს, ბ. ა-ს, ბ. ჯ-ს, მ. ვ-ს, ი. კ-ს, ლ. ჟ-ს, მ. შ-ს, გ. გ-ს, ი. ხ-ს, შ. თ-ს, ნ. ნ-სა და პ. ჯ-ს ჩვენებები, მოწმეების - ი. ა-სა და ბ. კ-ს გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სამედიცინო, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნები, ბ. თ-სათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ან უარსაყოფად არ გამოდგება; დაზარალებულ გ. გ-სა და მოწმე გ. გ-ს გამოკითხვის ოქმებთან მიმართებით, რომლებიც სასამართლოში გამოქვეყნდა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ერთი მხრივ, ეს ოქმები ბ. თ-ს ბრალეულობის საკითხის გამორკვევისათვის უპირობოდ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებითა და გამოქვეყნებული ჩვენებებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების (იხ.: Schatschaschwili v. Germany [GC], no 9154/10, §§105-107, 113; ECHR 2015) მხედველობაში მიღებით, მხოლოდ ეს სამხილები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, საყურადღებოა, რომ გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების გამოქვეყნებული ჩვენებებისა, რომელთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მისცემია, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ბ. თ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რომლის მტკიცება ბრალდების მხარის პირდაპირი ვალდებულებაა და არა - პირიქით; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ. თ-ს ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი