საქმე # 330100120003533606
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე N540აპ.-21 25 ნოემბერი, 2021 წელი ს-ე ბ. , 540აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1.2020 წლის 6 თებერვალს ბ. ს-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არაერთგზის, 2020 წლის 20 იანვრის ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არაერთგზის); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის).
1.2.ბ. ს-ისთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
- ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა და პირობით მსჯავრდებულმა ბ. ს-ემ 2020 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი სიტყვიერი კონფლიქტისას, მეუღლეს - ლ-ს მიაყენა შეურაცხყოფა და სხეულის არეში დაარტყა ფეხი. ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა და პირობით მსჯავრდებულმა ბ. ს-ემ 2020 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი სიტყვიერი კონფლიქტისას, მეუღლეს - ლ-ს კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა სახის არეში. ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვაი შვილი - თ. ს-ე.
- ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა და პირობით მსჯავრდებულმა ბ. ს-ემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ განაგრძო თანაცხოვრება ლ-სთან, რა დროსაც სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა. სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ლ. განიცდიდა ტანჯვას, რის გამოც მას მიადგა მორალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი:
2.1.ბ. ს-ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2020 წლის 20 იანვრის ეპიზოდი და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2.ბ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით. განაჩენთა ერთობლიობით და ნაწილობრივი შეკრებით სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით.
2.3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ბრალდების მხარემ მოითხოვა სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო დაცვის მხარემ - სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:
3.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1.საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება კანონს და მიღებულია სამართლიანობის პრინციპის ყოველმხრივი დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და დადგეს გამამართლებელი განაჩენი. კასატორი თავის არგუმენტაციას ამყარებს მტკიცებულებების რაოდენობაზე, მათ ხასიათსა და შინაარსის ინტერპრეტაციაზე და მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დაეფუძნოს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, რომლებიც სრულად იქნება თანხვდენილი ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შემადგენლობას.
4.2.საკასაციო საჩივრის ავტორი სამართლებრივ პრობლემად მიიჩნევს სასჯელის დანიშვნის, მისი სახისა და ზომის განსაზღვრის დასაბუთებას და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და, მეორე მხრივ, მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1.საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციასა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლის მიხედვითაც, საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ 2020 წლის 4 თებერვალს ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ. ს-ემ იძალადა ლ-ზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
5.2.საქმეში არსებულ, დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით (112-ში შეტყობინების N აქტით, 2020 წლის 3 მარტის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - კ. გ–ის, ლ-ის, ნ. კ-ს, ნ. ბ--ის, ხ. დ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო N დასკვნითა და 2020 წლის 13 მარტის დათვალიერების ოქმით) დგინდება, რომ 2020 წლის 4 თებერვალს, 22:35 საათზე, ქ. კ-მ, დაზე - ლ-ზე მეუღლის - ბ. ს-ის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ შეატყობინა 112-ს და თანხმობა განაცხადა სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე. ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე პატრულ-ინსპექტორები - კ. გ–ი და ლ. , გამომძიებელი - ნ. კ. და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები - ნ. ბ-ე და ხ. დ-ი გამოცხადდნენ თბილისში, სადაც დახვდათ აღელვებული და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ლ. , რომელსაც მარცხენა ლოყა ჰქონდა შეწითლებული, ემჩნეოდა თითების კვალი და განმარტავდა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ - ბ. ს-ემ. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაზარალებულის პირადი შემოწმებისას დადგინდა, რომ ლ-ს აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა ლოყის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. დაზარალებულ ლ-ს მდგომარეობა საპატრულო პოლიციის მისვლისას და მის მიერ ბ. ს-ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღწერა ასევე დაფიქსირებულია 112-ის სპეციალურ სერვერზე არსებულ პატრულ-ინსპექტორ კ. გ-ის სამხრე № ვიდეოკამერით და პატრულ-ინსპექტორ ლ-ის სამხრე № ვიდეოკამერით 2020 წლის 4 თებერვლის 22:35 საათიდან 5 თებერვლის 00:15 საათამდე გადაღებულ ვიდეოჩანაწერებში.
5.3.სსკ-ის 1261-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ოჯახში ძალადობის ჩადენა არაერთგზის დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით.
5.4.შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონიერად, მხარეები სრულად იყვნენ უზრუნველყოფილნი მათი გამოკვლევისა და გასაჩივრების უფლებით და ისინი საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო სასამართლო არ ადგენს ფაქტებს და არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო ამოწმებს საქმეში არსებული მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე ამოწმებს სამართლებრივ საკითხებს.
5.5.საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დაეფუძნოს „მხოლოდ პირდაპირ“ მტკიცებულებებს, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსია ძალადაკარგული, რომელიც ითვალისწინებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, ამავე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამდენად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულად აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის კანონით დადგენილ სტანდარტს.
5.6.გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში.
5.7.მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც სასამართლო დაადგენდა არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტს. საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება - მოწმე ქ. კ-ს ჩვენება, რომ გაიგო არასრულწლოვანი თ. ს-ის ყვირილის ხმა - „ბ. , ნუ ურტყამ!“ არ წარმოადგენს აღნიშნულ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარის მტკიცებულებას, მითუფრო, რომ თავად თ. ს-ის ჩვენებით მოცემული ფაქტობრივი გარემოება სრულად უარყოფილია.
5.8.სწორედ ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ს-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მხოლოდ „ე“ ქვეპუნქტით და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენში.
5.9.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა დანიშნული სასჯელის სახე და ზომა და მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს. სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მსჯავრდებულის ქმედების შემდგომ ყოფაქცევას. დაზარალებულის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს მოუხადა ბოდიში, შეურიგდა მას და დაზარალებულს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ს-ეს მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება და ამ ნაწილში უნდა გამართლდეს. ბ. ს-ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ს-ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება: ბ. ს-ეს მსჯავრდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება და ამ ნაწილში გამართლდეს; ბ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ს-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით; მსჯავრდებულ ბ. ს-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 4 თებერვლიდან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად; განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე