Facebook Twitter

საქმე # 020100120003493101

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №550აპ-21 ქ. თბილისი

კ. მ. 550აპ-21 11 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მესტიის რაიონული პროკურორის - რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რამაზ ხურციამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის იანვრიდან 2020 წლის 19 იანვრამდე დროის მონაკვეთში მ–ს რაიონის სოფელ ........ში, .........ის უბანში მ. კ–ე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - ფ. კ–ს და დედას - რ. დ–ს, რის შედეგად ფ. კ–ე და რ. დ–ი განიცდიდნენ ტანჯვას.

2020 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე მ–ს რაიონის სოფელ .... ში ...........ის უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ. კ–ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ფ. კ–ს და დედას - რ. დ–ს, რის შედეგად ფ. კ–ს და რ. დ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით მ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ მ. კ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა -მამამ - ფ. კ–მ და დედამ - რ. დ-მ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

8. მოწმის სახით დაკითხული .........ს პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის - ლ. ნ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ წინათაც ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი მ. კ–სა და დაზარალებულებს, სწორედ აქედან იცნობს ამ ოჯახს. მან ასევე განმარტა, რომ ფ. კ–მ მას დაურეკა და უთხრა, რომ ბრალდებული დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აღელვებული და შეშინებული ჩანდა; ხოლო მოწმის სახით დაკითხული მესტიის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის - გ. მ–ს ჩვენებითა და ამოცნობის ოქმებით ირკვევა, რომ ჩაატარა ნივთის ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულებმა ამოიცნეს დანა და განაცხადეს, რომ ამ დანით დაემუქრა მ. კ–ე მათ მოკვლით. აღნიშნულმა პირებმა სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს, მოწმეთა დაკითხვის პროცესში და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. არცერთი მათგანი არ არის აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი. პოლიციის თანამშრომლების - ლ. ნ–სა და გ. მ–ს ჩვენებებში ახსნილი გარემოებები შეეხება დაზარალებულების მონათხრობს მ. კ–ს მხრიდან მათ მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად. კერძოდ, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მესტიის რაიონული პროკურორის - რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე