Facebook Twitter

საქმე # 080100120004129513

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №551აპ-21 ქ. თბილისი

ხ. ბ. 551აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გნაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ხ–ს, - დაბადებულს 1....წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის აპრილის თვეში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, ..-ე ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში ბ. ხ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - დ. ხ–ს. კერძოდ, სკამი დაარტყა ზურგის არეში. ბ. ხ–ს ძალადობის შედეგად დ.ნ ხ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, 24-ე ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ბ. ხ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - დ. ხ–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში. ბ. ხ–ს ძალადობის შედეგად დ. ხ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით ბ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის აპრილის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გამართლებულ ბ. ხ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ბ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის დანიშვნას დანაშაულთა ერთობლიობით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომში - სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ბ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

8. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის დანაშაულის კატეგორიის და სახის მიუხედავად. კერძოდ, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

9. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ. ხ–მ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ ბ. ხ–ს მიერ მის მიმართ ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია. არც სკამი დაურტყამს მისთვის და არც თავში ჩაურტყამს ხელი. პოლიციაში დასარეკად რომ აპირებდა სახლიდან გასვლას, ამ დროს მოკიდა თმაში ხელი ბ–მ, რა დროსაც მას ტკივილი არ უგრძვნია. იმის გამო, რომ ბ–ი თ–ში აპირებდა სამუშაოდ წასვლას, გადაწყვიტა მისი შეშინება და პოლიციის თანამშრომლებთან გააზვიადა ფაქტები, კერძოდ, მიუთითა რომ თითქოს დაარტყა ბ–მა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დ. ხ–სის მიერ ვითარების აღდგენის მიზნით მითითებულ გარემოებებს, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ბ. ხ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა დ. ხ–მ უარყო გამოძიების დროს მის მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მიცემული განმარტებები. სკამის დარტყმის თაობაზე კი აღნიშნა, რომ მსგავსი რამ პოლიციის თანამშრომლებისთვის საერთოდ არ უთქვამს.

10. რაც შეეხება წ–ს რაიონული სამმართველოს ფ–ს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ. ფ–ს გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს, იგი არ იყო თვითმხილველი მოწმე, იგი უშუალოდ არ შესწრებია ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობოდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება ირიბი ჩვენებაა.

11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე