Facebook Twitter

საქმე # 330100120003812872

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№556აპ-21 ქ. თბილისი

ჯ. გ., 556აპ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის

ადვოკატ - ი. თ-ს

მსჯავრდებულ - გ. ჯ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით გ. ჯ.,- დაბადებული .. - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ნაწილი - 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობითად; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ნაწილი - 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ჯ-მ 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 17:45 საათზე, .. აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა 0,7 ლიტრი ტევადობის, ერთი ბოთლი არაყი ,,ზელიონაია მარკა“, რითაც შპს „მ-ს“ მიაყენა - 17 ლარის მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 19 ივნისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. 2021 წლის 22 ნოემბერს მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ადვოკატ ი. თ-ს უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ს წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილეს - ალექსანდრე ფოცხვერაშვილს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი. საპროცესო შეთანხმების დადება შეთანხმებულია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

7. 2021 წლის 25 ნოემბერს პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:

გ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ მიესაჯოს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 3 წელი და 6 თვე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა.

9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა, მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-მ.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), რომელშიც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილსა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ს შორის უნდა დამტკიცდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები - დაზარალებულ მ. ც-სა და მოწმე მ. ვ-ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ბინის ჩხრეკის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:

ü საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

ü საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

ü მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

ü მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ü მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

ü მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

ü საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

ü მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;

ü მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს თავის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;

ü მხარეები აცნობიერებენ თავიანთ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. გ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ მიესაჯოს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 3 წელი და 6 თვე;

4. გ. ჯ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს - 2020 წლის 19 ივნისიდან;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7 განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე