Facebook Twitter

საქმე # 330100120003458264

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№557აპ-21 ქ. თბილისი

შ. შ., 557აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-ს, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; შ. შ-ს სხვისი ქონების მითვისებისა და თაღლითურად დაუფლების განზრახვა არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება მისი ბრალეულობა; მსჯავრდებულს აქვს დაზარალებულების - ბ. კ-სა და ე. ც-ს ვალი, ასევე - გაყიდა თავისი მეუღლის - ნ. ე-ს ავტომანქანა, მიღებული თანხა კი ოჯახს მოახმარა, რაც გამორიცხავს მის ქმედებებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 180-მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრად შერაცხული დანაშაულების შემადგენლობას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენით შ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად - 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობისას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობისას, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 25 დეკემბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. შ-მ ჩაიდინა: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის; რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2019 წლის სექტემბერში ნ. ე-მ შ. შ-ს შეკეთების მიზნით გადასცა „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით ), თუმცა შ. შ-მ უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გაესხვისებინა ავტომობილი და გაუგზავნიდა კლიენტს, რომელიც მას 3000 ლარად შეიძენდა. შ. შ. დაელაპარაკა მ. ო-ს და ნ. ე-ს ავტომობილი გაასხვისა - 500 აშშ დოლარად, ხოლო ავტომობილის რეალიზაციით მიღებული 1628 ლარი (500 აშშ დოლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

3.2. შ. შ-მ განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ე. ც-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამ მიზნით 2019 წლის 9 სექტემბერს ე. ც-ს შესთავაზა, რომ 10000 აშშ დოლარად აშშ-დან ჩამოუყვანდა 2013 წლის მოდელის „ტოიოტა ქამრის“ ფირმის ავტომობილს. იმავე დღეს ე. ც-მ შ. შ-ს ჩაურიცხა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 7400 ლარი. შ. შ-მ დაზარალებულს უთხრა, რომ იმავე დღეს შეიძინა ავტომანქანა. ე. ც-მ შ. შ-ს დამატებით ჩაურიცხა - 1000 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის 11 ნოემბერს გადასცა - 300 ლარი. სინამდვილეში შ. შ-ს ავტომობილი არ შეუძენია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ე. ც-ს კუთვნილ თანხას, ჯამურად - 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტ - 10 680 ლარს.

3.3. შ. შ-მ განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ბ. კ-ს თანხას. ამ მიზნით 2019 წლის 5 ოქტომბერს შ. შ. დაუკავშირდა ნ. ე-ს და უთხრა, რომ ფოთის ნავსადგურში შემოსული იყო ორი ავტომანქანით დატვირთული კონტეინერი და თუ არ გადაიხდიდა 2000 აშშ დოლარს, დაჯარიმდებოდა. ამ მიზნით, შ. შ-მ ნ. ე-სა და ლ. ზ-ს სთხოვა, ბ. კ-სათვის გამოერთმიათ თანხა. 2019 წლის 5 ოქტომბერს ბ. კ-მ თანხა გადაურიცხა შ. შ-ს დას - თ. შ-ს. შესაბამისად, შ. შ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ. კ-ს კუთვნილ - 8500 ლარს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც, დასაბუთებული პასუხები გასცა; სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა შ. შ-ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ნ. ე-ს, ე. ც-ს, ბ. კ-სა და მოწმეების - ლ. ზ-ს, მ. ო-სა და მ. ბ-ს ჩვენებებით, შემოსავლების სამსახურის წერილით, საბანკო ამონაწერებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ შ. შ-ს აქვს დაზარალებულების - ბ. კ-სა და ე. ც-ს ვალი და გაასხვისა თავისი მეუღლის - ნ. ე-ს ავტომანქანა, მიღებული თანხა კი ოჯახს მოახმარა, რაც სამოქალაქოსამართლებრივი დავის საგანია და არა - დანაშაული, ვინაიდან, ერთი მხრივ, საწინააღმდეგო მტკიცება გამომდინარეობს დაზარალებულების - ნ. ე-ს, ე. ც-სა და ბ. კ-ს ჩვენებებიდან, რომელთა სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი დაცვის მხარეს არ მიუთითებია, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოში წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შ. შ-ს ქმედებებში მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების - თაღლითობისა და მითვისების შემადგენლობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 180-მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, არის კანონიერი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი