Facebook Twitter

საქმე # 330100120003677171

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№561აპ-21 ქ. თბილისი

ი. ს., 561აპ-21 10 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ი. თ-მ., რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ი-ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; მოწმეების - გ. ტ-სა და შ. ფ-ს ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ ს. ი-ს ორ დაუდგენელ პირთან ერთად მიჰქონდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ გამოკვეთილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა; განაჩენი დაფუძნებულია მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ს. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 30 მარტიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ი-მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით ს. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. 2020 წლის 30 მარტს ს. ი-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა განიზრახეს, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს. ამ მიზნით 2020 წლის 30 მარტს, დაახლოებით 05:10 საათზე, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ი. და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ შპს ,,თ-ს“ კუთვნილ, 5500 ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, თუმცა ს. ი. პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ი. თ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ს. ი-ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შპს ,,თ-ს“ წარმომადგენლის - ა. ჩ-სა და მოწმეების - დ. ს-ს, გ. ტ-სა და შ. ფ-ს ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ი-ს მიერ გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მოწმეების - გ. ტ-სა და შ. ფ-ს ჩვენებებით, რომლებმაც დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს ს. ი-სა და მის ორ თანამზრახველს; ყურადსაღებია, რომ, ერთი მხრივ, რაიმე ისეთი გარემოება, რაც მოწმე პოლიციელების თანმიმდევრული და დამაჯერებელი განმარტებების სანდოობას საეჭვოს გახდიდა ან მათ რაიმე სახის მიკერძოებაზე მიუთითებდა, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა და ვერც კასატორი უთითებს რაიმე მოტივზე, თუ რატომ უნდა ემხილათ მოწმეებს არჩადენილ დანაშაულში ს. ი., ხოლო, მეორე მხრივ, ამ მოწმეების ჩვენებები თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა სამხილებით, კერძოდ: შპს ,,თ-ს“ მონიტორინგისა და ინკასაციის მენეჯერის, მოწმე დ. ს-ს ჩვენებითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ პოლიციელების რეაგირება განაპირობა .. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს ,,თ-ს“ აპარატიდან მიღებულმა განგაშის სიგნალმა, რომლის მიღებიდან სულ რამდენიმე წუთში, სწორედ .. მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ს. ი., რომელსაც ორ პირთან ერთად მიჰქონდა ,,თ-ს“ აპარატი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ამოღებულია მისი განთავსების ადგილიდან მოშორებით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიიჩნევს, რომ ს. ი-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით კანონიერია და არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი