Facebook Twitter

საქმე # 120100121004331025

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №566აპ-21 ქ. თბილისი

ა. გ. 566აპ-21 17 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ზ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, საღამოს საათებში, ქალაქ ბ–ში, მ-ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ა–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ჟ–ს ეჭვიანობის გამო ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში და ასევე ორივე ხელი მოუჭირა მძლავრად ყელის არეში. ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ. ჟ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ა–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ჟ–ს ეჭვიანობის გამო ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ლ. ჟ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის დასაწყისიდან 2020 წლის 17 დეკემბრამდე პერიოდში, გ. ა–ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ. ჟ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედის მისამართით, ასევე ეძახდა „არაწესიერ ქუჩის ქალს“ და ასევე ეუბნებოდა რომ „არ იყო სახლში ცხოვრების ღირსი“. გ. ა–ს ქმედების შედეგად ლ. ჟ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2020 წლის 17 დეკემბერს, დღის განმავლობაში, ქალაქ ბ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ა–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ჟ–ს, ასევე მათ შვილებს - რ. ა–ს და თ. ა–ს, თავდაპირველად დაემუქრა, რომ ნაჯახის გამოყენებით დახოცავდა და მოკლავდა, ხოლო შემდგომ დაემუქრა, რომ ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოკლავდა მათ. აღნიშნული მუქარა რ. ა–მ, თ. ა-მ და ლ. ჟ–მ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით გ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 6 თვე.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ გ. ა–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- სასჯელის ვადის ათვლა გ. ა–ს დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2021 წლის 2 მარტის ჩათვლით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ. ზ–მ.

- დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით ჩათვლა.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა ახალციხის რაიონული პროკურტურის პროკურორმა გრიგოლი კაპანაძემ და მოითხოვა გ. ა–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის ძალაში დატოვება.

9. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაუმძიმა სასჯელი გ. ა–ს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მტკიცებულებით დადასტურებულია, მსჯავრდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის მიმართ მუშტის თავის არეში დარტყმის, ყელში ხელის მოჭერის, სახის არეში ხელის დარტყმის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები, ხოლო მეუღლისა და შვილების მიმართ ნაჯახისა და ჩაქუჩის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

12. სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლით დადგენილ დანაწესს, ასევე სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის დაცვა მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989 წ., მუხლი 19); რომ ოჯახში ძალადობას განსაკუთრებით მძიმე შედეგები გააჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა ოჯახში, რაც ართმევს მას უსაფრთხოების განცდას. არასრულწლოვნის, თ. ნ–ს, გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მას შეეშინდა, დაიწყო ტირილი და თვალები დახუჭა, რომ არ დაენახა რა ხდებოდა (იხ. ტ.1, ს.ფ.64).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008). ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ამგვარი ქმედებებისგან (Volodina v Russia, no. 41261/17, §78, 0ECtHR, 9/07/2019).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე