Facebook Twitter

საქმე # 330100119002858326

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №573აპ-21 ქ.თბილისი

ა. ი., 573აპ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ი. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებით: გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე, რ. მ-ს ჩვენებას, რომელიც პოლიციამ დაიყოლია თანამშრომლობაზე და მსჯავრდებულის წინააღმდეგ მიაცემინა ცრუ ჩვენება. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი, ვინაიდან მასზე ჩანს მხოლოდ ფულადი თანხის და არა - ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. რაც შეეხება ფულადი თანხის გადაცემას, რ. მ-მ ი. ა-ს დაუბრუნა მისგან ნასესხები თანხა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით ი. ა., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით –7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 იანვრიდან.

გაუქმდა ი. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

ი. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-მ ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის.

ი. ა-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2009 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისათვის ნასამართლევმა ი. ა-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,9063 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

- 2018 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, .. ი. ა-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,9063 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 1200 ლარად უკანონოდ გაასაღა რ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენით - მსჯავრდებულ ი. ა-სა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

ი. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 იანვრიდან.

გაუქმდა ი. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ი. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. ა-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლოს ი. ა-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით შერაცხული მსჯავრდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - რ. მ-სა და მ. მ-ს ჩვენებებით, 2018 წლის 21 დეკემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული რ. მ-სა და ი. ა-ს შეხვედრისა და საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის 2019 წლის 19 თებერვლის დასკვნით, თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების 2018 წლის 13 დეკემბრის ოქმით, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2018 წლის 21 დეკემბრის ოქმით, 2018 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის 2018 წლის 24 დეკემბრის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეში არ მოიპოვება ი. ა-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, ვინაიდან მისი ბრალეულობა გარდა მოწმე რ. მ-ს ჩვენებისა, დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ: 2018 წლის 21 დეკემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული რ. მ-სა და ი. ა-ს შეხვედრისა და საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომელშიც რ. მ-ს მიერ ი. ა-სათვის ფულადი თანხის - 1200 ლარის გადაცემის გარდა, ასევე ჩანს, რომ იგი მოწმეს აძლევს თეთრ ცელოფანს, რომლის ნაწილსაც რ. მ. ხევს და მასში ახვევს ე.წ. „ბაშს“; ფულადი თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების 2018 წლის 13 დეკემბრისა და ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2018 წლის 21 დეკემბრის ოქმებით, რომელთა თანახმად, დადგენილია, რომ, ერთ მხრივ, მ. მ-მ ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის გამოყოფილი ფულადი თანხა 1200 ლარი წარუდგინა გ. თ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, იგივე კუპიურები გამომძიებელმა გ. თ-მ გადასცა რ. მ-ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით; 2018 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ თბილისში, რ. მ-საგან ამოღებულ იქნა ი. ა-საგან შეძენილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებულია სწორედ მოთეთრო პოლიეთილენის პაკეტში, რომელშიც, თავის მხრივ, მოთავსებულია ერთი (1 ცალი) მომწვანო პოლიეთილენის პაკეტი - წონაკი მოყავისფრო ნივთიერებით. ამასთან, რ. მ-მ არ დაადასტურა დაცვის მხარის ვერსია, რომ მას ი. ა-ს ვალი ჰქონდა და სესხი დაუბრუნა, რაც არ მტკიცდება საქმეში არსებული სხვა მასალებითაც.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი