საქმე # 340100120003793470
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №574აპ-21 ქ. თბილისი
ს. ს., 574აპ-21 22 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ,დაზარალებულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის თ. ზ-სა და მოწმე ი. ა-ს ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ს. ს-მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
2. გამართლებულ ს. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ქ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ს-ს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი -ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ს. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, .. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ს. ს-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სცემა მეუღლეს - ნ. ს-ს, რომელსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერემე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, ნ. ს-მ განიცადა ტკივილი.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ს. ს., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ს. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს. ს-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. ს-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის უკანონობისა და დაუსაბუთებულობის შესახებ სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რადგან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს. ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ს-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - ს. ს-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ისევე, როგორც მოწმეებმა - ს. უ-მ და რ. ა-მ და მათაც არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის - ს. ს-ს წინააღმდეგ ჩვენება, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. ს-ს მხრიდან მის მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი. რაც შეეხება დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და მისი გამცემი ექსპერტის თ. ზ-ს ჩვენებას, ასევე - მოწმე ი. ა-ს ჩვენებას, არცერთი ეს მოწმე არ არის შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირი და ისინი ინფორმაციას გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულის ნაამბობის საფუძველზე და, ამდენად, წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით,მართალია, დადგენილია, რომ დაზარალებულ ნ. ს-ს აღენიშნებოდა ზედაპირული ჭრილობა ზედა ტუჩის არესა და ნაჭდევები მარჯვენა ბეჭის ძვლის არეში, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ეს დაზიანებები მას სწორედ გამართლებულმა მიაყენა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი