საქმე # 120100121004363612
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №577აპ-21 ქ. თბილისი
წ. გ. 577აპ-21 15 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. წ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გ. წ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი გ. წ–ე, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას ბ. წ–ს, რითაც ბ. წ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენით გ. წ–ე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ გ. წ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. წ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის დანიშვნას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. წ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა - ბ. წ–მ (გამართლებულის მამა) და მოწმეებმა - ლ. წ–მ (გამართლებულის დედა), ნ. წ–მ (გამართლებულის და), მ. წ–მ (გამართლებულის ძმა) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - გ. წ–ს წინააღმდეგ.
9. 2021 წლის 2 იანვრის შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ. წ–ს მამის - ბ. წ–ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო, აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - ბ. წ–მ. შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
10. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე თ. ლ–ე არ არის შემთხვევის თვითმხილველი. მისი ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ის არ შესწრებია მუქარის ფაქტს, არამედ ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულისგან გადმოცემით.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 იანვრის №....... დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევის შედეგების მიხედვით ბ. წ. მის მიმათ განხორციელებული ქმედებით არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას (იხ. ტ.1, ს.ფ.117).
13. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში გ. წ–ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
15. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. წ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე