საქმე # 820100118002723211
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№581აპ-21 ქ. თბილისი
ა. გ., 581აპ-21 29 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და, ერთი მხრივ, გ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილი ბრალდების ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებებს ასევე არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა-ს საბოლოოდ მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 12 აგვისტოდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2018 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ. ა-მ უკანონოდ შეაღწია .. მდებარე ი. დ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. დ-ს მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა - 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3.2. 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 10:30 საათზე, .. მდებარე ი. დ-ს საცხოვრებელ სახლში, გ. ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, დანის მრავლობითი დარტყმით, ი. დ-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამათლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ხ-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილი ბრალდების ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - მ. ა-ს, მ. შ-ს, ე. ა-ს ჩვენებებიდან და დაზარალებულ ი. დ-სა და მოწმეების - მ. ა-სა და რ. ა-ს გამოკითხვის ოქმებიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოღებისა და დათვალიერების ოქმებდან და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნიდან, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული; სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტები, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც და სწორად მიიჩნია დადასტურებულად, რომ გ. ა-მ, ერთი მხრივ, შეაღწია ი. დ-ს სახლში და ფარულად დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო, მეორე მხრივ, ი. დ-ს განსაკუთრებული სისასტიკით, კერძოდ, დანით მიაყენა არაერთი, მძიმე ხარისხის დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში, რისი მხედველობაში მიღებითაც, გ. ა-ს მსჯავრდება კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის წინაპირობები არ არის გამოკვეთილი.
9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი