საქმე # 050100120003563269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№582აპ-21 ქ. თბილისი
თ. ტ., 582აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; კასატორი ითხოვს ტ. თ-სათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ სასჯელის შემსუბუქებისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ტ. თ-ს ნასამართლობა და ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით ტ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან - 2020 წლის 19 მაისიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. თ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ოზურგეთის რაიონული სასამართალოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ტ. თ-მ კვლავ იძალადა ოჯახის წევრზე, კერძოდ: 2019 წლის 29 ივლისს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისა და .. მდებარე სახლში დაბრუნების შემდეგ, მასთან ერთად მცხოვრებ ძმას - ლ. თ-ს სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და აგინებდა დედას, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მისმა ძმამ გამოძიებას მისცა მისი მამხილებელი ჩვენება, ამასთან, გარკვეული წვლილი მიუძღოდა მეუღლესთან მის დაშორებაში. ტ. თ-ს ქმედებებით ლ. თ განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
3.2. 2020 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 18:40 საათზე, ტ. თ. დაბრუნდა სახლში, თავის ძმას - ლ. თ-ს უწოდა ,,ჩამშვები“ და დაუწყო დედის გინება, რის შემდეგაც ხელებითა და ფეხებით სცემა მას. ტ. თ-ს ძალადობის შედეგად ლ. თ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანებები.
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ. თ-მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის შეცვლა და სასჯელის შემსუბუქება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში და ტ. თ-ს მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული, დაზარალებულთან შერიგებულია, დაზარალებულმა სასჯელთან მიმართებით ლმობიერი პოზიცია გამოხატა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ტ. თ-ს შეუმსუბუქა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზომა, რომლის კვლავ გამკაცრების საფუძველი სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება; საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმაა, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სასამართლო განხილვაში მონაწილეობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებაა და შეუძლებელია, უფლებით სარგებლობაზე უარი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული; რაც შეეხება ტ. თ-ს ნასამართლობას, რაზეც ასევე აპელირებს კასატორი, საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ არაერთგზისობა ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია და ვერ დაედება საფუძვლად ტ. თ-ს სასჯელის გამკაცრებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი