Facebook Twitter

საქმე # 110100120003634063

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №584აპ-21 ქ. თბილისი

დ. ნ., 584აპ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ, კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ნ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი ემყარება მხოლოდ დაინტერესებული პირების - მოწმე პოლიციელების სასამართლოსათვის მიცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელ ჩვენებებს, ხოლო ნ. დ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება; ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება და გამამტყუნებელ განაჩენს ასევე საფუძვლად დაუდო ნ. დ-ს მიმართ კანონდარღვევით ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმი; სასამართლომ რიგი მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საერთოდ არ შეაფასა, რომელთა თანახმად, დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალება ნ. დ-ს არ ეკუთვნოდა და იგი მას პოლიციის თანამშროლებმა ჩაუდეს.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ნ. დ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.

მსჯავრდებულ ნ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 10 მარტიდან.

ნ. დ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

გაუქმდა ნ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნ. დ-მ დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა და პირადად შეინახა უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის სამ ცალ პარკში მოთავსებული, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილისა და მოყავისფრო და მოთეთრო ნატეხების სახით და ერთ ნაჭრის შეფუთვაში არსებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილისა და ნატეხების სახით, საერთო წონით 6,729 გრამი (5,8გ; 0,929გ), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 2,456 გრამს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 2020 წლის 10 მარტს ნ. დ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ნ. დ-ს მიერ თავისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1,05 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენში ნ. დ-ს მიმართ შევიდა ცვლილება:

ნ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ ნ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 10 მარტიდან.

ნ. დ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ცნობად იქნა მიღებული, რომ ნ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - გ. ც-ს, ა. ვ-ს, ე. გ-ს, ნ. გ-ს, მ. მ-ს, მ. ნ-ს, რ. კ-ს ჩვნებებით, ნ. დ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის № დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის № დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ნ. დ-მ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ნ. დ-ს ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რაც მითითებულ ფაქტს დაადასტურებდა, ხოლო, თავის მხრივ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან არ იკვეთება რაიმე დაინტერესება და მიზეზი ნ. დ-ს წინააღმდეგ, რომ მისთვის დაებრალებინათ მითითებული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. ამასთან, მოწმე პოლიციელების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია და ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - ნ. დ-ს პირადი ჩხრეკის ოქმსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებთან. ამ მტკიცებულებათა შორის არსებითი სახის წინააღმდეგობა არ არსებობს, ხოლო ნ. დ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებებისას არ იკვეთება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტიც. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს პოლიციელთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი